logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ვირტუალური შტილი
ვირტუალური შტილი
13:20 20.10.2012
ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ბოლო პერიოდში დამკვიდრებული შტილი ადვილი შესაძლებელია მხოლოდ ვირტუალური აღმოჩნდეს, ვინაიდან პირველი ეიფორია ყოფილი ოპოზიციის მხრიდან და შოკი ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ნელ-ნელა უკან იხევს და ადგილს შედარებით ცივ გონებას უთმობს.

ის, რომ ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციური იმიჯით გაცილებით უფრო ეფექტური იქნება და მაქსიმალურად ეცდება საზოგადოებრივი აზრის შემობრუნებას, არც საიდუმლოა და არც მოულოდნელობა. მითუმეტეს, რომ ამის შესახებ მაშინდელმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა. თუ “ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების მიმართულებით არანაირი პრობლემა არ გააჩნდა და შეეძლო მინისტრად ნებისმიერი არაკომპეტენტური კადრი დაენიშნა, რისი მაგალითებიც ბოლო 9 წლის განმავლობაში საკმარისზე მეტია, „ქართული ოცნების“ ლიდერს ამის ფუფუნება ნაკლებად ექნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას თითოეული გაუმართლებელი საკადრო ცვლილება შემოიფარგლებოდა მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილის შინაგანი ან უკეთეს შემთხვევაში ლოკალური მასშტაბის პროტესტის გამოხატვით, რაც ხშირად ფართო საზოგადოებისთვის უცნობი რჩებოდა. ამჟამად ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი. დღეს არსებული ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი ნაკლებად მნიშვნელოვანი ხასიათის შენიშვნაც კი, იმაზე მეტად იქნება ტირაჟირებული, ვიდრე ესა თუ ის კონკრეტული შემთხვევა დაიმსახურებს. ანუ ნაციონალური მოძრაობა მაქსიმალურად ეცდება სათავისოდ გამოიყენოს ნებისმიერი არაპოპულარული ქმედება, რომელიც ხელისუფლების მიერ იქნება დაშვებული. რაც შეეხება არაპოპულარულ ნაბიჯებს, უნდა ითქვას რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნებსით თუ უნებლიეთ მსგავსი ნაბიჯები უკვე გადადგა, რაც უპირველეს ყოვლისა მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების პროცესის მიმდინარეობის არასტაბილურობით გამოიხატა.

კონკურენცია, თუნდაც ერთი პოლიტიკური სუბიექტისა თუ კოალიციის შიგნით უარყოფითი მოვლენა ნამდვილად არ არის, პირიქით, ის მკვეთრად დადებითი მოვლენაა, თუ რა თქმა უნდა კონკურენცია ჯანსაღ ხასიათს ატარებს და ჭეშმარიტად პროფესიონალიზმზეა დამყარებული. სამწუხაროდ, გარე თვალისთვისაც კი უკვე აშკარად ნათელია, რომ კოალიციის შიგნით კონკურენცია ჯანსაღ ხასიათს არ ატარებს და ბატონი ივანიშვილიც, მიუხედავად თავისი პრინციპული ხასიათისა, იძულებულია შესაძლოა დროებით, მაგრამ მაინც პოზიციები დათმოს და კოალიციის სუბიექტების გარკვეული ნაწილის აზრს ანგარიში გაუწიოს. სავარაუდოდ კოალიციის ლიდერისგან ეს დათმობა დროებითი იქნება, თუმცა ის სავსებით საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს ოპოზიციისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელისუფლების ნებისმიერ შეცდომას ან არაპოპულარულ ნაბიჯს მაქსიმალურად გამოიყენებს.

რაც შეეხება მიზეზებს, რომელმაც კოალიციის შიგნით არაჯანსაღი კონკურენციის სურათი დახატა, მათგან პირველ რიგში მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების პროცესის ხანგრძლივობაა აღსანიშნავი. კოალიცია ზედმეტად დიდხანს „ფიქრობდა“ ეკონომიკური მიმართულებისა და სხვა მთელი რიგი სამინისტროების პირველი პირების ვინაობის დასახელებაზე, რამაც საზოგადოებაში ავტომატურად, ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდის გარეშეც, წარმოშვა განცდა, რომ კოალიცია მთელ რიგ საკითხებზე ჩამოყალიბებული არ არის და მიუხედავად მისი ლიდერის მიმართ საზოგადოების უზარმაზარი ნდობისა, შესაძლოა, რომ მასაც კი, რიგი საკადრო საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით, უკანდახევა მოუწიოს.

ეს განცდა კიდევ უფრო გააღრმავა ჯანდაცვის მინისტრობის დასახელებული კანდიდატის ამირან გამყრელიძის მოულოდნელმა უარმა, დაეკავებინა მინისტრის სავარძელი.

მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა გამყრელიძემ საკმაოდ დამაჯერებლად ახსნა თავისი გადაწყვეტილების საფუძველი, საზოგადოებაში არცთუ უსაფუძვლოდ, მაინც დარჩა ეჭვი იმის თაობაზე, რომ გამყრელიძის უარი სხვა ფაქტორებით უფრო იყო განპირობებული, ვიდრე მისი ოჯახის წევრებს შორის ინტერესთა კონფლიქტით. მითუმეტეს, რომ მინისტრის სავარძელის დაკავებამდე ბატონი გამყრელიძე აქტიურად საუბრობდა უწყების გეგმებზე და მოსალოდნელ რეფორმებზე.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამირან გამყრელიძის მიერ მინისტრობაზე უარის თქმით, შეიძლება ითქვას რომ კოალიციაში შემავალმა ვერცერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ვერ „იხეირა“, რადგან ჯანდაცვის მინისტრად პირადად ბიძინა ივანიშვილის კადრი მოგვევლინა, რომელთანაც როგორც გაირკვა კოალიციის ლიდერი უკვე წლებია წარმატებით თანამშრომლობს და სავარაუდოდ მის მიმართ არც ნდობის დეფიციტს უნდა უჩიოდეს.

იმ შემთხვევაში თუ ამირან გამყრელიძის ჯანდაცვის მინისტრობაზე უარის თქმა კოალიციის სუბიექტებს შორის არსებულმა უთანხმოებამ განაპირობა, გამოდის რომ მომავალშიც, მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, კოალიციის წევრები ხელს შეუწყობენ მინისტრებად დანიშნული ამა თუ იმ პარტიული პერსონების ჩანაცვლებას ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ უფრო სანდო კადრებით. ანუ იმ მოტივით, რომ კოალიციაში შემავალ სუბიექტთა შორის უთანხმოება გამორიცხოს, ივანიშვილი უთანხმოების მიზეზად არსებულ მინისტრებს აპოლიტიკური, მაგრამ მისთვის სანდო კადრებით ჩაანაცვლებს. ამასთანავე მას შეუძლია ეს ახსნას როგორც კოალიციის ერთობისთვის გადადგმული მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი. მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში, სათანადო პროპაგანდის პირობებში, კოალიციის მიმართ ნდობის ხარისხზე ოპოზიციამ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს.

საკმაოდ ნეგატიურად შეხვდა საზოგადოების ნაწილი აგრეთვე ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს „რეორგანიზაციას.“ მაშინ როცა ამ სტრუქტურის რეორგანიზაციის შესახებ მინისტრთა კაბინეტის პირველი ნაწილის დასახელების შემდეგ სიტყვაც არ დაძრულა, უფრო მეტიც, მინისტრად ცნობილი ფეხბურთელი კახა კალაძე დაინიშნა და ამ სფეროში მას დიდი მომავალიც უწინასწარმეტყველეს, უწყების ფაქტობრივმა ლიკვიდაციამ და მისი ფუნქციების გადანაწილებამ, საზოგადოებაში არსებული კითხვის ნიშანი კიდევ უფრო გაზარდა. თუ რეგიონალური განვითარების მინისტრად კახა კალაძის დანიშვის შემდეგ ამ უკანასკნელის მიერ გაკეთებულ პირველივე კომენტარს გავიხსენებთ, სადაც კალაძე აცხადებდა რომ ეს თანამდებობა მისთვის მოულოდნელი იყო, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კალაძე ამ პერსპექტივით დიდად არ მოხიბლულა, უფრო მეტიც, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ დასახელებამდე კალაძესთან ამ თემაზე კონსულტაციებიც კი არ გამართულა. კიდევ ერთი სიურპრიზი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის 15 ოქტომბერს კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატად წარდგენა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კახი კალაძის დახასიათებისას ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული პროგნოზი გამართლდება და კალაძე ნამდვილად ისეთი ნიჭიერი აღმოჩნდება, როგორც ეს კოალიციის ლიდერმა დაგვიხატა, მას მაინც ძალიან დიდი ბარიერების დაძლევა მოუწევს. ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ ენერგეტიკაა ის ყველაზე ფაქიზი სფერო, რომელიც სოციალური ვითარების შესახებ მოსახლეობის განწყობა-შეხედულებებზე ყველაზე მეტად აისახება. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ენერგეტიკაში ხელოვნური ობსტრუქციის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ხელოვნური ობსტრუქციების პერიოდში ქვეყნის ოპოზიციას სწორედ ის ძალა წარმოადგენდა, რომელიც ამ ნიშას უახლოეს ხანში ისევ დაიკავებს. ასე რომ კალაძეს არა მარტო სფეროს უმოკლეს ვადაში შესწავლა მოუწევს, არამედ პარალელურ რეჟიმში იძულებული იქნება გაუმკლავდეს უამრავ საფუძვლიან თუ უსაფუძვლო შემოტევა-ბრალდებებს მინიმუმ პიარის მიმართულებით. გამომდინარე ამ ფაქტორებიდან, ენერგეტიკის სფერო შესაძლოა მოახლოებული ზამთრის პერიოდში ოპოზიციისთვის ქულების დასაწერად საკმაოდ მსუყე ლუკმა აღმოჩნდეს. ენერგეტიკის სფერში ნებისმიერი სახის კრიზისის შემთხვევაში, პრემიერს ენერგეტიკის მინისტრად ფეხბურთელის დანიშვნას მუდმივად შეახსენებენ. ამ შემთხვევაში კონტრპიარსვლა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ნაციონალებს ეკონომიკის მინისტრად პურის მცხობელი ჰყავდათ, ან სხვა სახის არგუმენტაცია, სათანადოდ ეფექტური ვერ იქნება.

რაც შეეხება საზოგადოებრივი აზრის შექმნის ბერკეტებს, ამ კუთხით ნაციონალურმა მოძრაობამ ბოლო დღეებში ტელეკომპანია „იმედის“ სახით სერიოზული საშუალება დაკარგა. იქედან გამომდინარე, რომ ეს ტელეკომპანია თითქმის მთელ საქართველოზე მაუწყებლობდა და მისი სარედაქციო პოლიტიკის სადარაჯოზე ყოფილ ხელისუფლებასთან ასოცირებული პირი იდგა, ის რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების სერიოზული იარაღი იყო, მითუმეტეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ არხმა საინფორმაციო ფორმატზე გადასვლის შესახებ გააკეთა განცხადება და ყველა რესურსი ამ მიმართულებაზე გადაიტანა. მიუხედავად ამისა, ნაციონალურ მოძრაობას კვლავ საკმაო ბერკეტი დარჩა „რუსთავი 2“-სა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სახით, რომელსაც საჭიროების მომენტში აუცილებლად აამოქმედებს, თუმცა მანამ გამორიცხული არაა რომ ნაციონალებმა საზოგადოებრივი მაუწყებელიც დაკარგონ. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება პირველი არხისგან მათი ინტერესის გამომხატველ არხად გარდაქმნას მოითხოვს, ის ამას აუცილებლად მიაღწევს არხის ამჟამინდელი მმართველების პირობებშიც კი. ამ შემთხვევაში ქართულ მედიაბაზარზე ბალანსი აღდგება და სურვილის არსებობის მიუხედავად, ვერცერთი მედიასაშუალება, მკაცრი კონკურენციის პირობებში საზოგადოების მოტყუებას ვეღარ გაბედავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ტყუილი მათვე მიუბრუნდებათ. ასეთი მედიაბალანსის მიღწევისას კი პრიორიტეტი უკვე არა საინფორმაციო, არამედ საგამოძიებო ჟურნალისტიკას მიენიჭება. ამ ვითარებაში გამარჯვებული დარჩება ის მხარე, ვინც კარგ ჟურნალისტურ გამოძიებასთან ერთად, მის სათანადოდ შეფუთვასაც შეძლებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამჟამინდელ ოპოზიციას ამის საკმარისზე მეტი გამოცდილება აქვს.

ასე, რომ კოალიციას და პირველ რიგში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს წინ საკმაოდ დიდი გამოცდა ელით არა მარტო პროფესიონალიზმის, არამედ ნერვების სიმტკიცის თვალსაზრისითაც.

აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის ახალი კოალიციური მთავრობის შემადგენლობამ საწყის ეტაპზე სწრაფი კორექტივები განიცადოს, რაც მორალური თვალსაზრისით ნაციონალებისთვის მომგებიანი იქნება.

თავის მხრივ საკანონმდებლო ორგანოში უპირატესობის გამოყენებას რა თქმა უნდა კოალიცია „ქართული ოცნებაც“ შეეცდება, რაც რიგი საკანონმდებლო აქტების და კანონების გადახედვით შეიძლება გამოიხატოს. სავარაუდოდ ამ კუთხით საწყის ეტაპზე კოალიციის წევრებს შიგნით სრული თანხმობა იქნება, თუმცა ეს ჰარმონია სულ მალე შეიძლება დაირღვეს და პარლამენტში სასურველი კანონპროექტის გატანა არც ისე ადვილი აღმოჩნდეს, როგორც ამას მიხეილ სააკაშვილი წინა პარლამენტის დროს გააკეთებდა. ეს რამდენიმე ობიექტური მიზეზით აიხსნება. პირველი მიზეზი არის ის, რომ კოალიციაში განსხვავებული პლატფორმის მქონე პოლიტიკური სუბიექტები არიან გაერთიანებული და თუ რაიმე კონკრეტული საკითხი ერთი სუბიექტისთვის პრიორიტეტული იქნება, შეიძლება ის მეორე სუბიექტის წლების განმავლობაში დეკლარირებულ პრინციპებს რადიკალურად ეწინააღმდეგებოდეს, რაც თავად კოალიციის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობას წარმოქმნის, ასეთ შანსს კი გამოცდილი ნაციონალები ხელიდან არ გაუშვებენ და შიდა მანიპულაციებისთვის ნოყიერი ნიადაგის შექმნას შეეცდებიან. მეორე მიზეზი არის თავად ახალი უმრავლესობის წევრთა ნაწილის ე.წ. „ბეგრაუნდი.“ წლების განმავლობაში უმრავლესობის წარმომადგენელთაგან ზოგიერთი, ოპოზიციონერობასთან ერთად ხელისუფლებასთან თანამშრომლობასაც ახერხებდა, რაც რა თქმა უნდა ნაციონალებს დავიწყებული ნამდვილად არ ექნებათ. უფრო მეტიც, შესაძლოა გარკვეულ მომენტებში ამ ფაქტორმა უმრავლესობის ბევრი წარმომადგენელი უმცირესობასთან დიალოგის ინიციატორიც კი გახადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხული არ არის სოციალური ქსელები ახალი ვიდეომასალებით გამდიდრდეს.

კიდევ ერთი საფრთხე, რაც ახალ ხელისუფლებას და ზოგადად ქვეყანას შეიძლება დაემუქროს, ეს პირადი ანგარიშსწორების საფრთხეა. ამან თავი შეიძლება საზოგადოების ნებისმიერ ფენაში იჩინოს, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად. მისასალმებელია ახალი ხელისუფლების მცდელობა ყველაფერი კანონის ჩარჩოებში მოაქციოს, მაგრამ ყველაფრის კანონის ჩარჩოში მოქცევა და გაკონტროლება ამ ეტაპზე პრაქტიკულად შეუძლებელიც კია, რადგან ქვეყნის ისედაც სახელგატეხილ სასამართლო ხელისუფლებას ნამდვილად არ შესწევს იმის ძალა და არ გააჩნია იმის რესურსი, რომ თუნდაც მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის ყველა დავა მცირე დროში სათანადოდ გადაწყვიტოს. ასეთ შემთხვევაში დიდია ალბათობა დაზარალებულმა მხარემ სამართალის გაჩენა საკუთარი ძალებით მოისურვოს, რამაც შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულთა რაოდენობის მატება გამოიწვიოს. აღარაფერს ვამბობ ადამიანებსა და ოჯახებზე, რომლებმაც ეკონომიკურ ზარალზე უარესი - მორალური ზარალი განიცადეს და რომელთა ღირსებაც ფეხქვეშ გათელეს. ასეთი ადამიანისთვის საკმაოდ დიდია ცდუნება, თუ თავის დამჩაგვრელს სახელმწიფო მანქანისგან დაუცველს იხილავს, პირადად გაუსწორდეს.

არსებობს კიდევ უფრო დიდი დანაშაულების ჩამდენთა მიმართ ანგარიშსწორების საფრთხე. ამ შემთხვევაში ანგარიშმსწორებლებად შეიძლება მოგვევლინონ ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრი ან ახლობელი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელთა მიერ იქნა მოკლული. მოსალოდნელია ასევე ანგარიშსწორება იმ კატეგორიის ჯალათების ოჯახების მიმართ, ვისი კადრების გავრცელებითაც ახლო წარსულში სრულიად საქართველომ და მსოფლოიმ შოკი მიიღო. სახელმწიფო ჩინოსანთა და განსაკუთრებით ძალოვანთა მიმართ პირად ანგარიშსწორებაზე არ იტყოდნენ უარს ის ადამიანებიც, ვინც 2007 წლის 7 ნოემბერს, 2009 წლის 6 მაისსა და 2011 წლის 26 მაისს სპეცრაზმის ანუ სახელმწიფო მანქანის დაუნდობლობა საკუთარ თავზე გამოსცადა.

ყველა ეს ზემოთჩამოთვლილი კატეგორია არის დიფერენცირებული და ანგარიშსწორების ფაქტებიც შესაძლოა ლოკალური ხასიათის იყოს, თუმცა არსებობს კიდევ ერთი საფრთხე, რომელსაც აქტუალობა ჯერ არ დაუკარგავს - ეს საყოველთაო სახალხო შურისძიების საფრთხეა. იმ შემთხვევაში, თუ ხალხი დაინახავს რომ ყოფილი ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვას კვლავ ასეთი კატასტროფული ტემპებით გააგრძელებს, გამორიცხული არ არის რომ საზოგადოებამ ახალ ხელისუფლებას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ დევნის დაწყება კოორდინირებულად ან კონსოლიდირებულად მოსთხოვოს. ამ ვითარებაში, იმის მიხედვით თუ რამდენად ძლიერი იქნება საზოგადოების რიცხვი და შესაბამისად ძალა, გამორიცხული არ არის რომ მათ მიერ ახალი ხელისუფლების ნებისმიერი ქმედების ლოიალურად აღქმის შემთხვევაში, სამართალის თავისით გაჩენა მოინდომონ, რაც ქვეყნისათვის დამღუპველიც შეიძლება აღმოჩნდეს.

მსგავსი პროგნოზის საფუძველს იძლევა ბოლო პერიოდში ქვეყანაში გახშირებული საპროტესტო აქციები თუ გაფიცვები. ერთ-ერთი გაფიცვის დროს, ჭიათურაში რიგითმა მუშამ ტელეეთერის საშუალებით პირდაპირ მოითხოვა რომ ქვეყნის პირველი პირი ადგილზე „ჩაეთრეს“ და ხალხს მოუსმინოს. ჭიათურელი მუშის ასეთი აგრესია, რომლის გამოხატვასაც ის რამდენიმე თვის წინ რა თქმა უნდა ვერც კი გაბედავდა, წლების განმავლობაშია ნაგროვები და გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა რომ ის მუშა გამონაკლისია. მის მდგომარეობაში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია, რომელთაც ემატება სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ხალხის დიდი მასა და რომლებიც ნებისმიერი ხელსაყრელი ვითარების შემთხვევაში თუნდაც ერთჯერადი ანგარების მიზნით, პირად ანგარიშსწორებაზე უარს არ იტყვიან.

ახალი ხელისუფლება მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარებისთვისაც მზად უნდა იყოს და ნებისმიერი მცდელობა პირადი ანგარიშსწორებისა, ძირშივე უნდა აღკვეთოს, თანაც ისე, რომ ამან არ გამოიწვიოს ახალი ხელისუფლების მიმართ ჩაგრულთა რისხვა და იმედგაცრუება. ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდი იქნება შანსი ვითარება კონტროლიდან გავიდეს. ახალი ხელისუფლების წინაშე სხვა ბევრ სირთულესთან ერთად დგას ერთი უმთავრესი სირთულე - აუხსნას ხალხს თავისი მოქმედების თანამიმდევრულობა და დაარწმუნოს ისინი ამის აუცილებლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს იმ უდიდეს ნდობას და იმედს, რაც მის მიმართ დღეს საზოგადოებას გააჩნია. ეს კი საუკეთესო წინაპირობა იქნება იმ ყბადაღებული „რევანშისთვის“ რომლის შესახებაც დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი საუბრობს.

ყველაზე დიდი დარტყმა, რაც ამ ეტაპზე ახალმა ხელისუფლებამ შეიძლება ძველს მიაყენოს და იმ მხარდამჭერთა დიდი ნაწილი დააკარგვინოს, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დღესაც გულწრფელად სჯერა, ესაა სწრაფი სოციალური ეფექტი. ამაში უპირველეს ყოვლისა იგულისხმება კომუნალური და სხვა ტიპის გადასახადების, აგრეთვე საჯარიმო სანქციების შემსუბუქება და რაც მთავარია სახელმწიფო მანქანის ბრუტალური ძალის გამოყენებით ეკონომიკურად და ქონებრივად უსამართლოდ დაჩაგრულთათვის სამართლიანობის აღდგენის პროცესის სწრაფი დაწყება. ეს ახალ ხელისუფლებას ნდობის ვადას მნიშვნელოვნად გაუხანგრძლივებს, რაც მას საშუალებას მისცემს წამოიწყოს და ბოლომდე მიიყვანოს ძირეული რეფორმები.

მიუხედავად ყველა ზემოთჩამოთვლილისა, „ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს ყველა რესურსი შეინარჩუნოს 1 წელიწადში ავანსად მიღებული ნდობის უზარმაზარი მაჩვენებელი და უფრო მეტიც, გაზარდოს ის თავის თანმიმდევრული ქმედებებისა და საზოგადოებასთან უშუალო და პირდაპირი ურთიერთობის ხარჯზე. ხოლო თუ საზოგადოებამ ერთხელ მაინც გაუგო გემო ნამდვილ დემოკრატიულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობას და საკუთარი უფლებრივი მდგომარეობის დაცვის უზრუნველყოფას სახელმწიფოს მხრიდან, საეჭვოა მან სამომავლოდ ეს ღირებულებები თუნდაც კარგად გათვლილი პიარის შედეგად ადვილად დათმოს და თავი ისევ ავტორიტარიზმს დაუხაროს.


ალექსანდრე კაპანაძე



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა