ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური პროცესები და მისი ფინალი ბევრი ჩვენგანისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან რეალურად შეიძლება დადგეს პრეცედენტი, როცა ხელისუფლების გადაბარება ცივილიზებულად,
არჩევნების გზით მოხდება. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანის სურვილია რომ ეს ფაქტი გამოწვეული იყოს ქართული საზოგადოებრიობის მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლების შედეგად, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ქართველი ხალხის ნებასთან ერთად საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანმა პოზიციამაც ითამაშა.
ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაშიც უპირველესად კოალიციის ლიდერის თანმიმდევრული და გათვლილი ნაბიჯები უნდა გამოვყოთ, უკვე შეიძლება ითქვას, რომ მმართველი გუნდი და თვითონ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი, ერთწლიანი დაძაბული პარტიის შემდეგ, (სადაც ხშირ შემთხვევაში თამაშის წესები უგულვებელყოფილი იყო) – შამათისწინა პოზიციაში აღმოჩნდნენ. ამ ყველაფერს ემატება, რომ პირველად უკანასკნელი ცხრა წლის მანძილზე, დრო მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ აღარ მუშაობს.
თუ ნებისმიერ პოლიტიკურად აქტიურ პოერიოდში ბოლო ცხრა წლის მანძილზე, ხელისუფლება მუდმივად ცდილობდა მიემართა დროის გაწელვის პოლიტიკისათვის, რაც ხალხში უმეტესწილად ოპოზიციისადმი ნდობის დაკარგვას იწვევდა, დღეს ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი.
მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც აღიარა არჩევნებში დამარცხება და თავადვე განაცხადა აწ უკვე ყოფილი მმართველი გუნდის ოპოზიციაში გადასვლის შესახებ, დასაყრდენს როგორც საზოგადოებაში, ისე ბიზნესისა და ადმინისტრაციულ სექტორში დღითიდღე კარგავს. გარდა ამისა, მას ძალიან გაუჭირდება ცხრა წლის განმავლობაში მორჩილებაში მყოფი საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე ქვეყნის მართვა, რასაც კოალიციის მიერ დაკომპლექტებული აღმასრულებელი ხელისუფლებაც ემატება. პრეზიდენტი ასევე მკვეთრად კარგავს გავლენას ბიზნესსექტორზეც, რისი ნათელი მაგალითიც ბიძინა ივანიშვილისა და ბიზნესმენების შეხვედრა იყო. ანუ ქვეყანაში არსებული ბიზნესსექტორი იმ შემთხვევაში, თუ დაინახავს, რომ მისი ბიზნესი ყოველგვარი გარე ფაქტორების უხეში ჩარევისაგან თავისუფალია და მისი ინტერესები დაცულია, ნაკლებ სავარაუდოა, რომ კვლავ წავიდეს მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობაზე, თუნდაც მისი ბიზნესი სწორედ მიხეილ სააკაშვილის ან ყოფილი მმართველი გუნდის დამსახურებით იყოს წარმატებული. აღარაფერს ვამბობ იმ "ნებაყოფილობითი" შემოწირულობების გაღებაზე, რასაც ნაციონალური მოძრაობა ბიზნესმენებისგან წლების განმავლობაში მიჩვეული იყო. რა თქმა უნდა, არცერთი პრაგმატულად მოაზროვნე ბიზნესმენი ნორმალურ ეკონომიკურ და სამართლებრივ გარემოში მსგავ შეწირულობებს აღარ გააკეთებს. ასე რომ, პრეზიდენტს საკმაოდ სერიოზული ფინანსური რესურსის გარეშე მოუწევს მოღვაწეობის გაგრძელება, თუმცა, ამჟამინდელ ოპოზიციას ჯერ კიდევ შესწევს ძალა საკმარისი ფინანსები მოიძიოს ბრძოლის გასაგრძელებლად.
ასევე, არასახარბიელო მდგომარეობა აქვს მიხეილ სააკაშვილს საზოგადოების იმ ნაწილის დასაყრდენად გამოსაყენებლად, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებში არიან დასაქმებულნი. თუ აქამდე საზოგადოების ეს ნაწილი მართლაც მოიაზრებოდა მიხეილ სააკაშვილის დასაყრდენად, განსაკუთრებით კი საარჩევნო პერიოდში, დღეს ეს ვითარება იცვლება. ანუ ამ შემთხვევაშიც დრო პრეზიდენტის საზიანოდ მუშაობს. როდესაც მოქალაქე დაინახავს რომ მას არავინ სდევნის მხოლოდ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს მუშაობდა და პირიქით, ის თავს იგრძნობს ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლებულად და ამავდროულად იქნება უზრუნველყოფილი მინიმუმ იმ შემოსავლით რაც მანამ ჰქონდა, ძალიან მალე, ავტომატურად შეიცვლის აზრს ყოფილი ხელისუფლების მიმართ, რაც მანამ ძირითადად სამსახურის დაკარგვის ან სხვა რამის შიშით ჰგონდა შთაგონებული. ასე, რომ რევანშისთვის, რომლის შესახებაც დღეს ბევრს ლაპარაკობენ და რომლის სურვილიც ყოფილ ხელისუფლებას ნამდვილად ექნება, მიხეილ სააკაშვილს დროის გასვლასთან ერთად გაცილებით ნაკლები რესურსი რჩება, თუმცა, ანგარიშგასაწევია ის ფაქტი, რომ ოპოზიციონერი მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ სერიოზული ძალაა და მან ეს ჯერ კიდევ ამ ათიოდე წლის წინ დაამტკიცა. აქვე უნდა გავითვალისწინოთ საზოგადოების იმ ნაწილის განწყობაც, ვინც ყოფილ ხელისუფლებას მხარს რწმენით, ყოველგვარი ანგარების გარეშე უჭერდა. სხვადასხვა ფაქტორების გამო ასეთი ადამიანების რიცხვი საკმაოდ მაღალია და მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი მედიის პირობებში ის შემცირდება, გარკვეულ ნიშნულს მაინც აუცილებლად შეინარჩუნებს. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაციის შანსები მაინც არსებობს და ის ახალი ხელისუფლების შეცდომების პროპორციულად კვლავ გაიზრდება.
სწორედ ახალი ხელისუფლების შეცდომებია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი კოზირი მომავალ ბრძოლებში და აგრეთვე ის, თუ რომელი ძალა იქნება დომინანტი საზოგადოებრივი აზრის შექმნაში. ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია „იმედი“ საინფორმაციო მაუწყებლობის რეჟიმში გადადის, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საკმაოდ დიდი წილი ამ დღეებში საეჭვოდ გადათამაშდა, ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა სამომავლოდ სერიოზული მედიაომისთვის ემზადება, რაც ასევე ძალიან კარგად გამოსდის როგორც ნაციონალურ მოძრაობას, ასევე პირადად მიხეილ სააკაშვილს. მოსალოდნელი "მედიაომისთვის" მეტნაკლებად ახალი ხელისუფლებაც ემზადება, მითუმეტეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ჩანაცვლებამ გაზარდა ალბათობა, რათა უფრო ეფექტურად იქნას გამოყენებული ფინანსური რესურსი თავისუფალი მედიის განვითარებისთვის, თუმცა, ერთია ახლადშექმნილი მედიაორგანიზაცია, იქნება ეს ტელევიზია, რადიო თუ ბეჭდური ან ინტერნეტგამოცემა და მეორეა მედიაორგანიზაცია, რომელსაც მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია და საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მეთოდებს გაცილებით უფრო კარგად ფლობს, ვიდრე სხვა ახალი მედიასაშუალებები. ამ შემთხვევაში, ნაკლები მნიშვნელობა აქვს თუ რა დონის პროფესიონალებით დაკომპლექტდება ახალი მედიასაშუალება, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, ერთიანი გუნდის ჩამოყალიბებას, ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრას და სტაბილური მომხმარებლისა თუ მაყურებლის მოზიდვას გარკვეული დრო სჭირდება. ამ ფაქტორს აუცილებლად გამოიყენებს მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ დრო მის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იერიშს საზოგადოება საკმაოდ მალე უნდა ელოდოს. ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თუ რა საინფორმაციო პოლიტიკას გაატარებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. განსხვავებით სხვა კერძო ტელეკომპანიებისაგან, როგორც მოსახლეობას ასევე ახალ ხელისუფლებას გაცილებით მეტი პრეტენზია საზოგადოებრივ მაუწყებელთან ექნება. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი ნამდვილად გადაიქცევა დაბალანსებულ და ობიექტურ სამაუწყებლო საშუალებად, გამომდინარე მისი დაფარვის არეალის მასშტაბებიდან, ის ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდის მანქანის უსერიოზულეს შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება გადაიქცეს. მითუმეტეს, საზოგადოებრივ მაუწყებელს საკმაოზე მეტი ფინანსური რესურსი გააჩნია გახდეს მოწინავე ტელემაუწყებელი ქართულ მედიაბაზარზე. ეს თავის მხრივ კიდევ ერთი მოტივია ნაციონალური მოძრაობისთვის იერიში განახორციელოს მანამ, სანამ ქართული მედიასივრცე კანონზომიერებებს დაექვემდებარება.
სხვა საკითხია თუ რამდენად მომზადებული შეხვდება ამ იერიშს ახალი ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საზოგადოება მომსწრე გახდა გეგმაზომიერი და წინასწარგათვლილი პოლიტიკური ნებიჯებისა კოალიციის ლიდერის მიერ, რასაც საბოლოო ჯამში გამარჯვება მოჰყვა – ალბათობა იმისა, რომ ახალი ხელისუფლება შეცდომებს დაუშვებს დღეს უფრო დიდია. ეს რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას. პირველ რიგში კი იმით, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ახალი კაბინეტის შემადგენლობის უმრავლესობას აუცილებლად დასჭირდება გარკვეული დრო მინიმუმ სტრუქტურული ცვლილებებისთვის თავიანთ უწყებებში რომ აღარაფერი ვთქვათ ხელისუფლების გენერალური ხაზის განსაზღვრა-გატარებაზე, რომელსაც ასევე გარკვეული დრო დასჭირდება. ცვლილებები, რომელიც ძველის ახლით შეცვლას ითვალისწინებს ყოველთვის შეიცავს თუნდაც დროებითი შეცდომების რისკ-ფაქტორს, ასევე ცვლილებების დროს ძალიან ადვილია სათანადო მედიაუზრუნველყოფის პირობებში პოზიტიურის ნეგატიურად წარმოჩენაც. ნაციონალური მოძრაობა ამ კოზირებს აუცილებლად გამოიყენებს, რაც შექმნის მითს არსებულის ნგრევისა და გაურკვეველი მომავლის შესახებ.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომლი მიმართულებითაც ორივე პოლიტიკურ ძალას მართალია ჯერჯერობით ფარულად, მაგრამ მუშაობა აშკარად დაწყებული აქვთ, ეს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩვენებია. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აღარ აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმალურად ეცდება ქვეყნის მომავალი პირველი პირიც მათი წევრი იყოს. ამ მხრივ, მათ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ძალაზე უკეთესი მდგომარეობა აქვთ, ვინაიდან ჰყავთ ორი გამოკვეთილი კანდიდატი, რომელთაგანაც საპრეზიდენტო სავარძლისთვის ბრძოლაში ნებისმიერი შეიძლება გამოიყენონ. ესენია თბილისის ამჟამინდელი მერი გიგი უგულავა, რომელიც სხვათა შორის ხელისუფლების ცვლის მიუხედავად, თავის თანამდებობას ინარჩუნებს და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. ამ ორი პიროვნებიდან თითოეულს თანაბრად აქვს შანსი გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი 2013 წლის არჩევნებში. თუ რომელ მათგანზე გაკეთდება აქცენტი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ეს ძალიან მალე გამოჩნდება. გამორიცხული არაა აგრეთვე, რომ მათ ვინმე ჯერჯერობით საზოგადოებაში არაპოპულარულ პერსონაზე გააკეთონ ფსონი, თუმცა საეჭვოა არსებული ფინანსური და მედიაბალანსის პირობებში ნაციონალებმა ასეთ ნაბიჯზე წასვლა გარისკონ.
რაც შეეხება მდგომარეობას კოალიცია "ქართულ ოცნებაში", საპრეზიდენტო კანდიდატების მხრივ, მათი მდგომარეობა გაცილებით უფრო უარესად გამოიყურება. მითი იმის შესახებ, რომ კოალიციის მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი ირაკლი ალასანია იქნებოდა, როგორც მოსალოდნელი იყო, თავშივე დაიმსხვრა. ეს რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას - პირველ რიგში იმ ჩანაწერებით, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა და სადაც ირაკლი ალასანია არცთუ კორექტულად იხსენიებს კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს. ამ ჩანაწერის ნამდვილობაზე საუბარი რა თქმა უნდა, ექსპერტთა სფეროს განეკუთვნება, თუმცა, ფაქტია, რომ მან ირაკლი ალასანიას იმიჯს სერიოზული დარტყმა მიაყენა.
გარდა ალასანიას მიერ ივანიშვილის მიმართ ნათქვამი სიტყვებისა, მის შესაძლო საპრეზიდენტო კარიერაზე დიდი გავლენა იქონია ზუგდიდში ჩატარებულმა არჩევნებმა, სადაც ის როლანდ ახალაიასთან დამარცხდა.
მიუხედავად რეგიონში არსებული წინასაარჩევნო ტერორისა, დამკვირვებლები ზუგდიდში გაყალბების განსაკუთრებულ შემთხვევებზე, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე – არ საუბრობენ, რაც ნიშნავს, რომ როლანდ ახალაიამ ირაკლი ალასანიას ზუგდიდი მოუგო. ეს კი მოხდა გლდანის ციხის სკანდალური კადრების გამოქვეყნებიდან ორიოდე კვირის შემდეგ. ანუ ირაკლი ალასანიამ ვერ დაამარცხა იმ ოჯახის წევრი, ვინც გლდანის ციხის სკანდალური კადრების მთავარ გმირად არის შერაცხული. ასეთ შემთხვევაში, კოალიცია ირაკლი ალასანიას საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას ვერ გარისკავს, რადგან საკმაოდ მაღალი იქნება ზუგდიდის პრეცედენტის განმეორების ალბათობა. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კოალიცია რამდენიმე საკმაოდ წონიანი პოლიტიკური სუბიექტისგან შედგება და კოალიციის ლიდერის სურვილის შემთხვევაშიც კი, ისინი სავარაუდოდ ალასანიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.
მოსაზრება იმის შესახებ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიციის მხრიდან ალასანია საპრეზიდენტო კანდიდატი არ იქნება, დაადასტურა აგრეთვე კოალიციის ლიდერმაც, რომელიც მიიჩნევს რომ ირაკლი ალასანია სხვა თანამდებობაზე გაცილებით მეტის მოტანას შეძლებს ქვეყნისთვის. კოალიციის ლიდერმა განაცხადა აგრეთვე, რომ საპრეზიდენტო არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, ის მხარს ვახტანგ ხმალაძის კანდიდატურას დაუჭერდა. მიუხედავად ამ განცხადებისა, აგრეთვე ნაკლებადსავარაუდოა, რომ ვახტანგ ხმალაძე კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატად ვიხილოთ. საზოგადოება ვახტანგ ხმალაძეს იცნობს როგორც კარგ კონსტიტუციონალისტს და ინტელექტუალს, თუმცა, ნაკლებადსავარაუდოა, რომ მას როგორც პრეზიდენტს ხალხმა მხარი დაუჭიროს.
ასეთ შემთხვევაში რჩება მესამე ვარიანტი. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უპირატესობა მოიპოვოს პერსონამ, რომელიც არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან“ არ ასოცირდება. ასეთი პოლიტიკოსი ქართულ რეალობაში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეა. მითუმეტეს, რომ მის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯები საზოგადოებამ მკვეთრად პოზიტიურად აღიქვა. პირველ რიგში იგულისხმება უარის თქმა ე.წ. მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე, რაც ყველა შემთხვევაში, მაშინდელი ხელისუფლების წისქვილზე დაასხამდა წყალს. მეორე რიგში კი, ბურჯანაძის პარტიის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმაა საგულისხმო, რითაც მან პრაქტიკულად „ქართული ოცნების“ მიმართ არაპირდაპირი მხარდაჭერა გამოხატა. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნინო ბურჯანაძეს ორგზის აქვს პრეზიდენტობის გამოცდილება და თან ქვეყნის შიდა პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე კრიტიკულ მომენტებში.
გარდა ამისა, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს მხრას დაუჭერს "სახალხო კრებაც", რომელიც 2011 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რჩება და რომელმაც ერთიანობის შენარჩუნება პრაქტიკულად 100 პროცენტით შეძლო. ამ შემთხვევაში 2013 წლის არჩევნებში "სახალხო კრება", ნინო ბურჯანაძე და კიდევ რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი შესაძლოა მართლაც წარსდგნენ ამომრჩევლის წინაშე როგორც მესამე პოლიტიკური ცენტრი.
თუმცა, გაპრეზიდენტების შემთხვევაშიც კი, ნინო ბურჯანაძისთვის პირველი პირობის კარიერა ერთ-ერთი ურთულესი იქნება ქვეყნის უახლეს ისტორიაში, იქედან გამომდინარე, რომ ერთის მხრივ მას მოუწევს გაუმკლავდეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა შეტევებს და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ გაცილებით სერიოზული ძალა იქნება ვიდრე ხელისუფლებაში მყოფი. მეორეს მხრივ, ნინო ბურჯანაძესთან ასევე არ იქნებიან "სიამტკბილობაში" „ქართული ოცნების“ წევრებიც, მითუმეტეს, რომ მათ ხელშია საპარლამენტო უმრავლესობა და პირველი პირის გადაწყვეტილებებს სავარაუდოდ ისინიც არგუსის თვალით დააკვირდებიან. ასე რომ, პირველი პირობის შემთხვევაში, ნინო ბურჯანაძეს მოუწევს დააბალანსოს ურთიერთობა საპარლამენტო ძალებთან რაც ადვილი ამოცანა ნამდვილად არაა.
როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ერთი რამ უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ უკვე თავიდან აიცილა "არაბული გაზაფხულების" მსგავსი სცენარი, რაც უდავოდ როგორც მაშინდელი ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების დამსახურებაა. ერთადერთი, რაც დღეს შეიძლება ქვეყანას მოელოდეს, ესაა შიდა პოლიტიკური კრიზისი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს პირველი პირის ემოციური ფონით. მიხეილ სააკაშვილს როგორც აღვნიშნეთ, ძალიან გაუჭირდება მოქმედება მორჩილი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გარეშე, რამაც შეიძლება ქართული პოლიტიკური რეალობა ახალი სიურპრიზებით გაამდიდროს. ჯერჯერობით კი, საქართველო კვლავ რჩება ერთადერთ ქვეყნად მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტი ხელისუფლების ოპოზიციაა.
ალექსანდრე კაპანაძე