რუბრიკა ''15 კითხვის'' სტუმარია სახალხო არტისტი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი ლელიკო ჯაფარიძე:
- ბატონო ლელიკო, დიდი ხანია აღარ გამოჩენილხართ, ეს ტაიმ-აუტი რამ განაპირობა?
- მოგახსენებთ, მრავალი წლის მანძილზე საკმაოდ აქტიური ვიყავი, ვწერდი პრესაში, გამოვდიოდი სხვადასხვა ტელე-არხებზე, მიტინგებზე. მთავრობის ცვლილებაში პატარა წვლილი მეც შევიტანე, რამაც ჩემი ჯანმრთელობა მოსპო, მაგრამ ნაყოფიც გამოიღო - სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა. ხალხმა შვებით ამოისუნთქა, შიშის გრძნობა თითქმის გაქრა. ზოგადად, ბუნებით რადიკალი ვარ, შუაში არასდროს ვყოფილვარ, სათქმელს ან ვამბობდი, ან არა. დღეს ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს რა გაკეთდა კარგი და რა ცუდი. ძალიან მინდა საზოგადოება ერთიანი იყოს. მახსენდება ის წლები, როცა ქართულ ენას საფრთხე ემუქრებოდა. მაშინ ხალხი ერთიანი იყო, ყველანი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და მოსკოვი აიძულეს ქართული მშობლიურ ენად დარჩენილიყო. იმ წლებში, როცა საქართველოში ქართულმა ენამ გაიმარჯვა, ხალხი ერთიანი იყო. მინდა დღესაც ასე იყოს. საზოგადოება ასევე ერთიანი იყო, როცა ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება შეცვალა და სათავეში თავად მოვიდა. დღეს, როგორც ქართველ კაცს, ბიძინა ივანიშვილის შემართება და ის ერთიანობა, რაც მაშინ იყო, ძალიან მაკლია.
- თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, ვის უჭერთ მხარს?
- იცით რა, დარწმუნებული ვარ, ბრძოლა იქნება იმიტომ, რომ ''ნაციონალები'' ასე ადვილად არ დათმობენ თავიანთ პოზიციებს. ცხადად ვგრძნობ იმ დიდი ბრძოლის მოახლოებას, რასაც ''ნაცმოძრაობა'' ჩუმად, ღალატით აწარმოებს. ფაქტია, რომ პოზიციებს არ დათმობენ, მათ გამარჯვება უნდათ. ამიტომაცაა საჭირო ხალხის ერთიანობა, შემართება. სხვათა შორის, აქვე ერთი რამ მინდა გითხრათ და გთხოვთ, აუცილებლად დაწერეთ: ივანიშვილმა 1 ოქტომბერს ხალხის მხარდაჭერის გამო გაიმარჯვა. მაგრამ, მან ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, რაც ქვეყნის ღალატიცაა. ანუ, როგორც კომუნისტები გავაქრეთ და დღეს საქართველოში კომუნიზმის ნასახი აღარ არის, ასევე უნდა მოესპო მას მოსვლის პირველივე თვეებში ''ნაცმოძრაობა''. დაპირებები ძალიან კარგია, მაგრამ პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა ''ნაცმოძრაობის'' მოსპობა იყო, რაც არ გააკეთა. ეს ის დიდი შეცდომაა, რომელსაც დღეს, ჩვენ ვიმკით და რაც, ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის პირადი შეცდომაა.
- ბატონო ლელიკო, ადრე საკუთრების უფლების შელახვაზე საუბრობდით. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამართალდამცავებს თუ მიმართეთ?
- მოგახსენებთ. სულ თავისუფლად შემიძლია სასამართლოში, პირველ რიგში სააკაშვილზე და მერე ქალაქის მერზე უგულავაზე სარჩელი აღვძრა და გეტყვით რატომ - მათ ადამიანები ქუჩაში დატოვეს, სახლი დაუნგრიეს, ავადმყოფი ხალხი გარეთ გამოყარეს, ერთი მათგანი მოკვდა კიდეც. კი ბინები მოგვცეს, მაგრამ იმ ექვს წელიწადს ვინ ამინაზღაურებს, როცა ბინიდან ბინაში მაწანწალა მათხოვარივით დავდიოდი, ნერვული სისტემა ისე მომეშალა, რომ საავადმყოფოში არაერთხელ მოვხვდი. მეუღლე - სახლში, მე კი საავადმყოფოში ვიწექი. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ვიყავი. ერთი ქალიშვილი გვყავს, რომელიც ორივეს გვპატრონობდა. ნერვები აღარ მაქვს, არც წლოვანება მაძლევს საშუალებას რომ სასამართლოში ვირბინო. მოსკოვიდან ცარიელი ჯიბით არ ჩამოვსულვარ, იქ ყველაფერი გავყიდეთ, თანხაც მქონდა დაგროვილი, დღეს ნულზე ვზივარ. როგორც სახალხო არტისტს ე.წ. შემოქმედებითი პენსია დამენიშნა, რომელიც გენერლის პენსიასთანაა გათანაბრებული. დღეს ამ პენსიით ვცხოვრობ. ჩამოვედი და სამსახურში არ ამიყვანეს, წლოვანი ხარო. ჩვენი ოჯახის მთელი შემოსავალი ჩემი და მეუღლის პენსიებია. ამ წუთას ჩემთან ექიმი მოვიდა, რომელმაც წვეთოვანი უნდა დამიყენოს იმიტომ, რომ სავადმყოფოში დაწოლა ძვირია.
- რით გაგიმართლათ და რით გაგიცრუათ იმედები ახალმა ხელისუფლებამ?
- გულით და სულით მინდა ახალ მთავრობას სიკეთე ვუსურვო, მაგრამ იმედები ბევრ რამეში გამიცრუვდა. ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით: ახლახანს სასაფლაოზე ვიყავი და ჩემი ყურადღება დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებს შორის დაწერილმა ტირემ მიიპყრო. წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს ეს ტირე – ეს ხომ მთელი ცხოვრებაა? ადამიანის მთელი ცხოვრება ამ პატარა ტირეშია ჩატეული. ჩემს საფლავზე ტირე რომ დაიწერება, მასში მთელი ცხოვრება უნდა ჩაეტიოს. საქართველოში 40 წლის შემდეგ, 2005 წელს დავბრუნდი. დღეს როგორც მათხოვარი ისე ვარ. ამ მთავრობის კმაყოფილი არ ვარ. ავსტრალიისა და აფრიკის გარდა ყველგან ნამყოფი ვარ და საუკეთესო თეატრებში მაქვს ნამღერი. ვიცი რით ცხოვრობს ეს ხალხი, მაგრამ ევროპა ქართული მენტალიტეტით ვერასდროს იცხოვრებს. ქართველები სხვანაირად ვიზრდებოდით, სამშობლოს, ქვეყნის სიყვარული, ერთმანეთის გამტანობა ვიცოდით. იმ ქვეყანას რა მოვკითხო, რომლის პრემიერი სხვისი ნებართვის გარეშე, თავისუფლად კის ან არასაც ვერ ამბობს. ქვეყნის სათავეში ისეთი მთავრობა უნდა იდგეს, რომლის არა, არა იქნება და კი, კი. დღეს მთავრობა არაა ძლიერი, იგი აშშ-ს ელჩზეა დამოკიდებული. დიდი ბოდიში, მაგრამ პრემიერი საპირფარეშოში რომ შედის, იქაც აშშ-ს ელჩი მიჰყვება, რათა მან ზედმეტი არაფერი თქვას. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველაფერს აშშ-ს ელჩი მართავს. ვინც დღეს პარლამენტშია შეყრილი, ორი-სამი კაცის გარდა, არავისი მჯერა. მე, იარაღის ხელში აღება რომ დამჭირდეს, ხომ ხანში შესული ვარ, მაგრამ ავიღებ და ქვეყანას გადავაკვდები. პარლამენტში ვერ ვხედავ სამშობლოსთვის მებრძოლ ხალხს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ''ნაციონალებმა'' ''რესპუბლიკელები'' თავის თანამოაზრეებად გაიხადეს, ყველაფერზე თავს უქნევენ. ''ნაციონალების'' დანახვა, მატი ლაპარაკის გაგონებაც კი არ მინდა - რომ სუნთქავენ, ამით ქართული მიწის და ცის ჰაერს ბილწავენ. ამიტომ, დღეს ძალიან გამწარებული ვარ, მაპატიეთ ასე რომ ვლაპარაკობ. სულ ბრძოლა მიწევდა. რუსეთში ესა თუ ის როლი რომ მომეპოვებინა, ამისთვისაც ბრძოლა მჭირდებოდა - სხვაზე უკეთ უნდა მემღერა, რათა დირიჟორს მე ავეყვანე. ბრძოლის არასოდეს მეშინოდა, დღესაც, რომ დამჭირდეს, ხელში ხმალს ავიღებ და ვიბრძოლებ.
- ბატონო ლელიკო, ვინ არის, თქვენი აზრით, ახალ ხელისუფლებაში ყველაზე დადებითი და უარყოფითი პერსონა?
- ძალიან მომწონს ჯანდაცვის მინისტრი. ასევე, დიდ პატივს ვცემ ეკა ბესელიას, რომელიც მებრძოლი ქალია. ძალიან მიყვარს ჩემი მეგობარი სოსო ჯაჭვლიანი, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია. პატივს ვცემ გია ვოლსკისაც. ორგანულად ვერ ვიტან კულტურის მინისტრს ოდიშარიას. ის ისეთივე კულტურის მინისტრია, როგორიც მე - საპოჟნიკი. მისგან კულტურის მინისტრი ვერ დადგება. როცა დანიშნეს დავურეკე და საჭიროების შემთხვევაში დახმარება შევთავაზე, მაგრამ ეს ადამიანი არის აბსოლუტური უტუ. როგორც მინისტრს, პატივს საერთოდ არ ვცემ.
- ბატონო ლელიკო, რამდენად კმაყოფილი ხართ ქვეყანაში მიმდინარე სამართლიანობის აღდგენის პროცესით. თუნდაც ახალაიას, მერაბიშვილისთვის მისჯილი სასჯელი საკმარისად მიგაჩნიათ?
- ჯერ ის გამოიძიონ ლაფანყურშირა მოხდა. კაცი, რომელიც ამბობს, ორი გვამი მჭირდებაო, იმას კიდევ გასამართლება უნდა? - ასეთ ადამიანს გასამართლება კი არ სჭირდება, არამედ პირდაპირ კედელთან უნდა მიაყენო. ჩვენი პროკურატურის, სასამართლოს სისუსტე არ მომწონს. ძალიან მიყვარს თეა წულუკიანი, ძლიერი ქალია, მაგრამ ხელ-ფეხი აქვს შეკრული, ამერიკა ყურის ძირშია მოსული და დილიდან საღამომდე იმას გვასწავლის რა როგორ გავაკეთოთ. არ შეიძლება ჩვენზე ასე კამანდრობდნენ. მაგალითად უგულავა, აქამდე ათჯერ უნდა იჯდეს ციხეში და უკვე დიდი ხნის გასამართლებული უნდა იყოს. რა ვერ გამოიძიეს ამდენ ხანს?
- ბატონო ლელიკო, თქვენ, ადრე, სააკაშვილს მთავარი დამნაშავე უწოდეთ. ხელისუფლება ამბობდა, მას კონსტიტუცია იცავს, დადგება 28 ოქტომბერი და ნახავთ რასაც ვუზამთო, მაგრამ აშშ-ში გავუშვით ლექციების წასაკითხად და მხოლოდ მას მერე რაც გავამგზავრეთ, გაგვახსენდა, რომ მისი დაკითხვაა საჭირო. რას ფიქრობთ ამაზე?
- სამწუხაროდ, ამერიკა თავის გადაფურთხებულს არ ალოკავს, ისინი სააკაშვილს ბოლომდე დაიცავენ. სააკაშვილი, ყველა ჩადენილი დანაშაულის გამო, დაწყებული რობაქიძის მკვლელობიდან ციხის წამების კადრებით დამთავრებული, დასახვრეტია. როცა ციხის კადრებს ვუყურებდი, არასდროს დამავიწყდება ის პატარა ბიჭი, რომელიც მწამებელს ეხვეწებოდა, ბიძია ნუ გამლახავო. მარტო ამის გამოა სააკაშვილი დასახვრეტი და საერთოდ, მთელი მისი ოჯახი ამოსაწყვეტი, რათა შემთხვევით, ვინმემ მისნაირი ნაძირალა არ დაბადოს.
- გმირთა მოედანზე აღმართულ მონუმენტს ფალოსი უწოდეთ. როგორ ფიქრობთ, ახალმა მერმა მსგავსი სიმახინჯეები უნდა მოაშოროს თუ არა ქალაქს?
- ეს ჩვენი შეურაცხყოფაა და მისი დანგრევა აუცილებელი პირობაა. ეს ფალოსი ისე დგას, როგორც ჩვენი სირცხვილი. ორთაჭალის ხიდიც უნდა დაინგრეს. თბილისმა თავისი სახე უნდა დაიბრუნოს.
- რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც ახლა გაახსენდათ, რომ გვისმენენ. როგორ ფიქრობთ, როდის უფრო გვისმენდნენ ადრე თუ ახლა?
- ისტორიულად ასეა, მოსმენები ყოველთვის იყო, კომუნისტების დროსაც, მანამდეც, ნურავინ ცდილობს ამას ხელი შეუშალოს. რასაკვირველია, ამის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ უამისოდ არ შეიძლება. ამ არასამთავრობოებმა რაც არ უნდა იკაკანონ, მოსმენები ყოველთვის იქნება. მარტივად ვიკითხავ - აინტერესებს ვინ აჭმევს საჭმელს, ვინ აძლევს ფულს ამ არასამთავრობოებს, რომლებიც ტარაკანებივით გამრავლდნენ? სჯობს გაჩერდნენ და თავის ტყავში დაეტიონ, ხალხისთვის ნერვების აშლის გარდა, სხვა არაფრის გამკეთებლები არიან.
- ადრე ბრძანეთ კულტურის სფეროს შველა სჭირდებაო, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ისიც აღნიშნეთ, მიშას ფავორიტი ქალების ხანა დასრულდაო, ახლა რა მდგომარეობაა?
- კულტურა ჩვენი სიმდიდრეა, ქართველი გლეხი თავისი კულტურით და საქმიანობით ყოველთვის ძლიერი იყო. დღეს, გლეხი გვყავს? - აღარ, რადგან ყველა ქალაქშია ჩამოსული და ცდილობს ლუკმა-პური იშოვოს. რაც შეეხება მომღერლებს, ბევრი არაფერი შეცვლილა. ადრე ვახსენე, რომ სოფო ნიჟარაძე ჩემთვის ნოლია, მაგრამ არც სხვებია ნაკლები, თუნდაც წკრიალაშვილი. სასაცილოა, ასეთ მომღერლებზე როგორ შეიძლება ლაპარაკი, მაგათ სამღერლად სუფრასთან არ დავსვამ, არათუ სცენაზე.
- თეატრში დაბრუნებას ხომ არ აპირებთ?
- რა დროს ჩემი თეატრია, შვილო. ერთადერთი შემიძლია მათ დავეხმარო, ვუთხრა რა უნდა გააკეთონ, დაბრუნება გამორიცხულია.
- თუ ისე მოხდა რომ ''ნაციონალები'' და ''ოცნება'' არჩევნებზე ისევ გარიგდნენ, როგორ ფიქრობთ, ეს ჯანყს გამოიწვევს?
- თუ ''ნაციონალები'' თავს წამოყოფენ, ჯანყი თავისთავად მოხდება. ვდებ პირობას, რომ ამ საქმის ერთ-ერთი თავკაცი მე ვიქნები. არავისი მეშინოდა და არც მეშინია, მოხუცი კაცი ხმალს მოვკიდებ ხელს და ხალხთან ერთად დავდგები.
- ვინ არიან თქვენი მეგობრები?
- ჩემი უსაყვარლესი მეგობარია აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე, პოეტი რეზო ამაშუკელი, თამაზ წივწივაძე და სხვები. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი კი ცოცხალი აღარაა, ობლად ვარ დარჩენილი.
- სუფრა თუ გიყვართ, როგორი თამადა ხართ? თქვენს სუფრას, ალბათ კარგი სიმღერაც ამშვენებს.
- სუფრა დაბადებიდან მახსოვს და ვიცი, რადგან მამა კარგი მოქეიფე, მომღერალი იყო და სუფრის კარგი წაყვანა იცოდა. მისგან ვისწავლე და სუფრას მეც კარგად ვუძღვები. კარგ, გემრიელ ხალხთან ერთად ქეიფი მიყვარს. ეს ხალხი ძირითადად ჩემი მეგობრები არიან: ვანიკო მაჭავარიანი, დემურ ცქიტიშვილი, აპოლონ აბაშიძე, ილიკო საყვარელიძე, მერაბ მახარაძე, თამაზ ცინცაძე და სხვები.
- და ბოლოს, როგორ შეაფასებთ ჩვენს რუბრიკას და რას ეტყვით მკითხველს?
- ძალიან საინტერესოა, წარმატებებს გისურვებთ. ძალიან გთხოვთ, ისე დაწერეთ, როგორც ვისაუბრე - რადიკალურად, ნურაფერს შეარბილებთ, ამათ თბილი სიტყვები არ ეკუთვნით. ''ვსიო დალჟნო ბიტ რესკა'' იმიტომ, რომ რადიკალი კაცი ვარ. თქვენ კი ძალიან გაფასებთ.
ესაუბრა თათული ლორთქიფანიძე

















