logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კოკო გამსახურდია-პრეზიდენტობის სურვილი არ მაქვს, მაგრამ თუ ხალხში ამის მოთხოვნილება იქნება, დაფიქრება შეიძლება
კოკო გამსახურდია-პრეზიდენტობის სურვილი არ მაქვს, მაგრამ თუ ხალხში ამის მოთხოვნილება იქნება, დაფიქრება შეიძლება
10:58 07.04.2014
რუბრიკა ''15 კითხვის'' სტუმარია კოკო გამსახურდია:

_ ბატონო კონსტანტინე, ბოლო დროს აქტიურად აღარ ჩანხართ. რას საქმიანობთ, პოლიტიკაში დაბრუნებას ხომ არ გეგმავთ?

_ ვერ დაგეთანხმებით რომ აღარ ვჩანვარ. შეიძლება იმ დოზით არ ვჩანვარ როგორც ქვეყნის პირველი პირები, პარლამენტარები და არასაპარლამენტო ოპოზიციის რამოდენიმე პოლიტიკური ფიგურა. სხვა მხრივ, პერიოდულად ვჩნდები, ორი წიგნის: ახალი პოეტური კრებულისა და ''პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საქმის'' პრეზენტაცია მქონდა. შაზოგადოებრივად საკმაოდ აქტიური ვარ. მიმაჩნია, რომ ესეც პოლიტიკაა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ფართო არისტოტელური გაგებით. რაც შეეხება პარტია ''თავისუფლებას'', 2011 წლის ივლისიდან, მისი თავმჯდომარე აღარ ვარ, რადგან კონსტიტუციით, დიპლომატის პარტიის ხელმძღვანელის ამპლუაში ყოფნა, არ შეიძლება. დღეს პარტიის სახელწოდებაა - ''თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა''. მისი 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობა, სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა.
_ რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებას, თქვენ, ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს გამოძიების გაგრძელება მოსთხოვეთ. აცხადებთ, რომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი მოკლულია, რა ფაქტებს ეყრდნობით და კონკრეტულად რა არის თქვენთვის ცნობილი?
_ ჩვენმა კომისიამ 2009წლიდან 2011წლის თებერვლამდე იმუშავა. უპირველეს ყოვლისა, თვითმკვლელობის ვერსია მთავარი მოწმეების ჩვენებების საფუძველზე გამოირიცხა, რა დროსაც ძალიან ბევრი შეუსაბამობა და წინააღმდეგობრიობა გამოიკვეთა. ხშირ შემთხვევაში, ეს ჩვენებები ერთმანეთს, ასევე, ლოგიკისა და ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება. მეორეც, კრიმინალისტიკურმა შესწავლამ გამოკვეთა, რომ ბევრი რამ ისე არ მომხდარა, როგორც ამას მთავარი მოწმეები წარმოაჩენენ. მოკვლევამ, ასევე, ცხადყო, რომ 1994-2004წლებში, საქართველოს პროკურატურა მთავარი მოწმეების და ადგილობრივ მაცხოვრებელთა მონათხრობს, ყოველგვარი კომენტარის, ჩაძიების გარეშე მხოლოდ და მხოლოდ იწერდა და მეტი არაფერი. მათ არცერთი ძალოვანი არ დაუკითხავთ. აი, ასეთი სურათი იკვეთება რეალურად. ამიტომ, თვითმკვლელობა გამოვრიცხეთ. ასეთ დროს საუბარი მკვლელობაზე იწყება, მაგრამ მკვლელობის ნარატივის დადება, ვგულისხმობ, სად, როგორ, როდის, ზუსტად რა იარაღით იქნა მოკლული ზვიად გამსახურდია, ამის თქმა ჩვენს ძალებს აღემატებოდა. ამის დადგენას ნამდვილი გამოძიების ჩატარება და სულ სხვა რესურსები სჭირდება.
_ ამ პერიოდში, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ბესარიონ გუგუშვილიც იმყოფებოდა. როგორ ფიქრობთ, იცის თუ არა მან პრეზიდენტის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი?
_ ჩვენ, კონკრეტული პირების, მკვლელობაში ან რაიმე ფორმით ამ დანაშაულში მონაწილეობაზე, არასდროს გვისაუბრია, არც არავის უდანაშაულობის პრეზუმცია დაგვირღვევია. ასევე, ნებისმიერი ვერსიისგან, თავი შევიკავეთ. წიგნში ''პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საქმე'' ჩვენი ვერსია არ გამოგვიქვეყნებია (საგამოძიებო ჟურნალისტიკას და გამოძიებას შეუძლია ამის გაკეთება), დედუქციის მეთოდით ვმუშაობდით და უბრალოდ, იმას, გამოვრიცხავდით, რაც ლოგიკას და ბუნების კანონს ეწინააღმდეგებოდა. ძირითადი მოწმეებიდან, ბესარიონ გუგუშვილის გარდა, კომისიასთან, ყველამ ითანამშრომლა. გუგუშვილი თვლიდა, რომ კანონიერი ხელისუფლება თავად იყო, მან ისიც კი განაცხადა, შემიძლია ეს კომისია დავაპატიმროო. იგი, საჭიროდ არ თვლიდა, რაიმე ფორმით, კომისიასთან ეთანამშრომლა. შესაბამისად, მისი ინტერვიუებით ვერ ვიხელმძღვანელებდით. გარდა ამისა, 2010 წელს ედუარდ შევარდნაძემ ერთ-ერთ გაზეთს უთხრა -ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის მომსწრე ორი ადამიანი ბესარიონ გუგუშვილი და რობინზონ მარგველანიაო. კომისიამ ედუარდ შევარდნაძეც დაიბარა, მიზეზი შემდეგი იყო: მან თავის წიგნში ''მემუარები'' დაწერა, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლაო. რასაკვირველია, დაგვაინტერესა, ეს განცხადება, რას ეყრდნობოდა. შევარდნაძის დაბარების სხვა მიზეზიც გვქონდა: მისი ხელისუფლების სამმა მაღალჩინოსანმა იგორ გიორგაძემ, თენგიზ სიგუამ და თენგიზ კიტოვანმა განაცხადეს, გამსახურდია მოკლულია და ამის უკან ედუარდ შევარდნაძე დგასო. ამ საკითხზე მისი მოსაზრების მოსმენა გვსურდა. კურიერის საშუალებით, პარლამენტში მოწვევა ორჯერ გავუგზავნეთ, თუმცა მან მოსვლაზე უარი განაცხადა. ერთ-ერთ ინტერვიუში, მან თქვა, თვითონ მოვიდნენო. ჩვენ არ მივედით, რადგან ჩავთვალეთ, რომ ეს, საქმიანი საუბარი ვერ იქნებოდა. დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი, რომ შეცდომა დავუშვით, უნდა მივსულიყავით. გვეგონა რომ იგი, საუბარს, ყველაფერზე და არაფერზე დაგვიწყებდა, როგორც მას ხშირად სჩვეოდა. ახლა აღარ შეგვიძლია მასთან მისვლა, კომისია აღარ ფუნქციონირებს, ახლა, ეს საგამოძიებო ორგანომ უნდა გააკეთოს.
_ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, ამდენი წლის შემდეგ, გამოძიებამ ობიექტური შედეგები დადოს?
_ 20 წელი არც ისე დიდი დროა, მითუმეტეს, ისეთი განსაკუთრებული შემთხვევისთვის, როგორიც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაა. ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის რესურსი, რათა ობიექტური სურათი აღდგეს და ზუსტი გამოძიება ჩატარდეს.
_ საუბრობენ, რომ შვეიცარიაში ელჩად გაშვებით, რასაც თქვენც დასთანხმდით, - სააკაშვილმა გაგანეიტრალათ. ეს სიმართლეა?
_ამასთან დაკავშირებით ათასი სპეკულაცია შეიძლება იყოს, უბრალოდ, პარტიულ პოლიტიკაში ჩემს ადგილს ვერ ვხედავდი და მიმაჩნდა, რომ ქვეყანას დიპლომატიის ასპარეზზე უფრო გამოვადგებოდი. შეთქმულების თეორია სრულიად უადგილოა. მითუმეტეს, რომ ოპოზიცია აბსოლუტურად პარალიზებული იყო და იგი, მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ იხსნა.
_ დღეს რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერთ მხარს?
_ გამორჩეულად არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ვუჭერ მხარს, თუმცა მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ორპარტიული სისტემა არ უნდა იყოს, ასეთ მოდელს არ მივესალმები.
_ ფაქტობრივად, 1 ოქტომბრის მერე, რაც ხელისუფლება შეიცვალა, თქვენი აზრი არ მოგვისმენია, რას ფიქრობთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე?
_ ლიბერალიზაცია აშკარად თვალშისაცემია. სამართლიანობის დამკვიდრების მიმართულებითაც გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. მაგალითად, იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვისაც ბიზნესი და ქონება წაართვეს. ასეთი კი საკამოდ ბევრია. გამორიცხულია, სანამ ეს საკითხები არ მოგვარდება, ქვეყანაში სიმშვიდე იყოს. აქ, საქმე გვაქვს ძალიან ნიჭიერ და უნარიან ადამიანებთან, რომელთაც შეუძლიათ საქართველოს ბევრი რამ გაუკეთონ, თუნდაც შექმნან სამუშაო ადგილები, რაც დღეს ქვეყანას ასე სჭირდება. ამ დროს, ხშირად, ისეთი თემები პრევალირებს, რაც სამშვიდობოს ნაკლებად გაგვიყვანს. კი, რა თქმა უნდა, ესეც საჭიროა, მაგრამ ეს ქვეყნის უსაფრთხოების თემებს არ უნდა ჩრდილავდეს. მაგალითად, გაუთავებლად არ უნდა ვსაუბრობდეთ პრეზიდენტ მარგველაშვილის რაღაც თვისებებზე, ეს სრულიად უინტერესოა. ასევე, არ უნდა ხდებოდეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფანტილური ახსნები, ექსპერტიზის შედეგებს უნდა დაველოდოთ.
_ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რაიმე შემოთავაზება თუ გქონდათ?
_ არ მახსენდება.
_ საზოგადოება დიდი ხანია, ყოფილი პრეზიდენტის დასჯას ითხოვს. სააკაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით რა მოსაზრება გაქვთ, მიგაჩნიათ ის იგი სისხლის სამართლის დამნაშავედ?
_ რა თქმა უნდა, არის საკითხები, რაზეც მან გამოძიებას პასუხები უნდა გასცეს, მაგრამ ეს დისტანციურად, არ გამოვა. მის მიერ შექმნილ სისტემაში ბევრი დანაშაულობანი იქნა ჩადენილი და ბუნებრივია, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. სააკაშვილს, დაახლოებით, ასეთი ლოგიკა აქვს: წინა პრეზიდენტს არაფერი მოვკითხე და მეც ნურაფერს მომკითხავთო. ანუ, მუდმივ იმუნიტეტს მოითხოვს. იგი ამბობს, ასლან აბაშიძესაც კი შევუქმენი გარკვეული იმუნიტეტი, ანუ მასზე სისხლის სამართლის საქმე ფორმალურად აღვძარი, თორემ, სხვა მხრივ, მისთვის არაფერი მომიკითხავსო. ანუ, მან, პრეცენდენტი უკვე შექმნა და უნდა, რომ ასე გაგრძელდეს.
_ ახლა ახსენეთ, რომ არის საკითხები, რაზეც მან პასუხი უნდა გასცესო. რა საკითხებია ეს და მათგან რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
_ დავიწყოთ, თუნდაც ქონების უკანონო ჩამორთმევებით, საინტერესოა რა იცის მან ამის შესახებ. ეს, ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. ასევე, საინტერესოა სასამართლოს უკანონო განაჩენების თემა და ის, თუ რატომ შეადგენდა გამამართლებელი განაჩენების რიცხვი მხოლოდ 0,1 პროცენტს.
_ საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი თქვენი ოჯახის შესახებ, ორიოდ სიტყვა ოჯახის წევრებზეც გვითხარით?
_ ორივე ვაჟი უცხოეთში სწავლობს, მათ საქართველოში არც უსწავლიათ. უმცროსი გერმანიაში, ბერლინში ფილოსოფიის ფაკულტეტზეა, ხოლო უფროსმა ბაზელის მუსიკალური აკადემია, სამაგისტრო პროგრამა ფორტეპიანოსა და კომპოზიციის განხრით, დაამთავრა. რაც შეეხება მეუღლეს, ერთად აღარ ვართ. იგი შვეიცარიაში ცხოვრობს, მხატვრობითა და ხატების რესტავრაციითაა დაკავებული.
_ ამჟამად, თქვენი მისია შვეიცარიაში დასრულებულია. იქ ყოფნის დროს რამდენად ახერხებდით ქართული ტრადიციებით ცხოვრებას და ქართულ დიასპორასთან თუ მეგობრობდით?
_ ქართულ დიასპორებთან ინტენსიური ურთიერთობა ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო, მათ ვეხმარებოდი კონსულტაციებითაც, სახელმწიფოში გარკვეულ ინსტანციებთან ვაკავშირებდი, რათა მათ აუცილებელი ნივთები და საშუალებები მიეღოთ, რაც საკვირაო სკოლის გასაკეთებლად და ა.შ. სჭირდებოდათ. ქართული ტრადიციებით ცხოვრებასაც ვახერხებდი, ამის შესაძლებლობა იყო.
_ პოლიტიკაში, თქვენს მთავარ შეცდომად და წარმატებად რა მიგაჩნიათ?
_ ერთი, გამოყოფილი მთავარი შეცდომა არ მაქვს. რა თქმა უნდა, შეცდომები თუ დავუშვი, ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან პოლიტიკაში გამოუცდელი ვიყავი, თანდათან ვსწავლობდი, ეს გასაკვირი ნამდვილად არაა, მითუმეტეს, რომ მოღვაწეობა და ბრძოლა რთულ სისტემაში მომიწია. წარმოიდგინეთ, ზვიად გამსახურდიას ორი _ შსს-სა და უშიშროების სამინისტროს ჯგუფები ფეხდაფეხ სდევდა და მათი მიზანი კეთილი ნამდვილად არ ყოფილა. ზუსტად ასე, სდევდნენ საქართველოში მის საქმესა და მემკვიდრეობას სხვადასხვა კრიმინალური სინდიკატები, ჯგუფები, პარტიები, სამსახურები, ინდივიდები. საქართველოში ჩამოსვლა ასეთ სისტემაში მომიწია და რა გასაკვირია, შეცდომები რომ დამეშვა. თუმცა გარკვეულ წარმატებებს ამ პირობებშიც მივაღწიე. რამდენიმე წელიწადი პარტია `თავისუფლების~ თავმჯდომარე ვიყავი, რომელიც ასეთი წინააღმდეგობის, დაპირისპირების პირობებში გარკვეულ წარმატებებს აღწევდა, რაც ადვილი არ იყო. კომისიაშიც, ზვიად გამსახურდიას საქმეს ვგულისხმობ, წარმატებულად ვიმუშავეთ და სერიოზული დასკვნა დავდეთ. როგორც ელჩმა, ასევე, საინტერესო პროექტები გავაკეთე, უბრალოდ ცოტა დრო მქონდა.
_ გიქმნიდათ თუ არა საკუთარი თავის რეალიზებაში პრობლემებს ის, რომ თქვენ ორი ბუმბერაზი ადამიანის დიდი კონსტანტინე გამსახურდიასა და ზვიად გამსახურდიას შთამომავალი იყავით?
_ ეს ხელსაც მიწყობდა და მიშლიდა კიდეც. ხელს მიწყობდა იმ მხრივ, რომ გზად ის დიდი სიყვარული მხვდებოდა, რაც ამ ადამიანებმა დათესეს. ხელის შეშლას რაც შეეხება, მათი მტრები, ძალიან ხშირად, ავტომატურად, ჩემი მტრები ხდებოდნენ, რაც ჩემთვის სახიფათოა. მათ ყველანაირად შეუძლიათ მავნონ.
_ საქართველოში როცა დაბრუნდით თქვით, დავბრუნდი, რათა ზვიადის კვალს გავყვეო. ამაში პრეზიდენტობასაც გულისხმობდით?
_ მე ვთქვი, მაინტერესებს სად შეაჩერეს მამაჩემი-მეთქი. ჰიუგოს ფრაზაა _ შვილმა უნდა იცოდეს, სად შეაჩერეს მისი მშობელი. ზვიად გამსახურდიას კვალს ასე ვერავინ გაჰყვება, მაგრამ ზვიადის გზით სვლა, ჰუმანიზმის, ქრისტიანობის, ეროვნულობის გზით სვლას გულისხმობს. ეს ეროვნულ გზაზე სვლაა, რომლის მიღმა, რა თქმა უნდა, ეთნიკურობა კი არ იგულისხმება, არამედ როგორც ქართველი ერის, ისე ყველა სხვა ერის კულტურა, რომელიც საქართველოსთანაა შეხებაში. რაც შეეხება პრეზიდენტობას, ჭკუათმყოფელ ადამიანს, ამის სურვილი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ხალხში ამის მოთხოვნილებაა, ამაზე დაფიქრება შეიძლება. თუმცა ეს ჩემთვის კარგის მომტანი ნამდვილად არ იქნება.
_ არაპოლიტიკურ თემებზე გადავიდეთ. წეღან ახსენეთ, მეუღლესთან ერთად აღარ ვარო. ვისთან ერთად არის კოკო გამსახურდია ან შეყვარებული ხომ არაა?
_ არა. რაღაც სკანდალები რომ აგორდა, იმას გულისხმობთ? ვფიქრობ, ეს ინსინუაციები იყო. არც ქალების მოძულე ვარ და არც გადაჭარბებულად მოყვარული. ჯანმრთელი, ესთეტი ადამიანი, როგორ შეიძლება ქალების მოძულე იყოს. ქართველ ქალს თავისი განუმეორებელი სილამაზე, ეშხი და შარმი აქვს. ყველაფერს თავის დრო აქვს. სიყვარული ზეგარდმო ნიჭია, ღმერთის რაღაცნაირი დუელია.
_ ამბობენ,როცა ცოტნე გამსახურდია ციხეში იჯდა, თქვენ მას ლექსით უპასუხეთ? ღა ლექსი იყო?
_ არა, ცოტნეს კი არა, რამდენიმე ადამიანს ვუპასუხე, რომლებიც ჩემი მიმართულებით ქვებს ისროდნენ. აი, ეს ლექსი იყო: `ჩემს ქვეყანაში მე იმდენად გავხდი საქები, სახელს იხვეჭენ ჩემი ლანძღვით ავაზაკები~. აქ ცოტნე რა შუაშია? ცოტნეს სახელი ნამდვილად არ აკლდა და არც ჩემი საშუალებით სჭირდებოდა ამის მოპოვება.
_ბოლოს, როგორ შეაფასებთ რუბრიკას და რას ეტყვით მკითხველს?
_ აშკარად, საინტერესო რუბრიკაა და იმედი მაქვს წარმატებით გააგრძელებთ. მკითხველს შემიძლია ვუთხრა რომ საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ყველაფერი კარგად იქნება.

თათული ლორთქიფანიძე
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი"



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა