რუბრიკა ''15 კითხვის'' სტუმარია ''ქართული დასის'' ლიდერი ჯონდი ბაღათურია:
_ ბატონო ჯონდი, საუბარი პოლიტიკით დავიწყოთ, რა ხდება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიცია ერთიანდება?
_ არჩევნების წინ, უმძიმესი საარჩევნო გარემო გვაქვს. ფაქტობრივად, ''ქართულმა ოცნებამ'' სააკაშვილის რეპრესიული საარჩევნო კოდექსი უცვლელად შეინარჩუნა. გარემო არათანაბარია, პლუს, ზედიზედ ორჯერ, ერთი-ერთში განმეორდა ის, რასაც ''ნაცები'' აკეთებდნენ - ოცნება, ზონდერებს აგზავნის და ჩვენი შეხვედრების ჩაშლას ცდილობს. ფაქტია, რომ მესამე წრეზე წავედით, ისტორია მეორდება. ოპოზიციური ძალები აცნობიერებენ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ცალ-ცალკე ყოფნას. ვფიქრობ, კონკურენციის გაწევა, მხოლოდ ძალთა ერთიანობით შეიძლება. ასეთი არჩევანის წინაშე ვართ - ან გავერთიანდებით და ''ნაცმოძრაობისა'' და ''ქართული ოცნების'' ფლირტს დავასრულებთ, ან მოგვიწევს ერთმანეთს მესამე, მეოთხე ადგილისთვის ვებრძოლოთ, რაც სამარცხვინოა.
_ იმ შემთხევავაში თუ გაერთიანება არ შედგა, ''ქართულ დასს'' საკუთარი მერობის კანდიდატი ეყოლება?
_ სანამ მოლაპარაკებების პროცესი არ დასრულდება, კომენტარს ვერ გავაკეთებ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს პარტიას განხილული აქვს თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატები, მაგრამ კოლეგებთან შეთანხმებას და ამ საკითხების ირგვლივ ერთობას ველოდებით.
_ მაინც ჩაგეკითხებით. საპრეზიდენტო არჩევნების წინ, თქვენ საპრეზიდენტო კანდიდატად პაატა ბურჭულაძის წარდგენა გინდოდათ, მაგრამ არ გამოვიდა. ამჟამადაც ხომ არ გაქვთ ჩაფიქრებული მსგავსი სცენარი?
_ არა, ნუ, არაპოლიტიკური სივრციდან თბილისის მერობის კანდიდატურა განიხილებოდა და ეს საკითხი დღის წესრიგიდან დღესაც არ არის მოხსნილი. განიხილება პარტიების ლიდერების კანდიდატურებიც, ხოლო თუ ვინ, ამას ვერაფრით გეტყვით, ეს მუშა ვარიანტებია. თუმცა ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ ის, რომ ''ქართული დასი'' მზადაა ნებისმიერ გონივრულ კომპრომისზე წავიდეს. მზად ვართ ერთობის ფასი გადავიხადოთ, რასაც ბევრად მეტი ფასი აქვს, ვიდრე იმაზე კინკლაობას, თუ ვინ იქნება თბილისის მერი. ჩვენ მზადყოფნას ვაცხადებთ იმაზეც, რომ ჩვენ შორის, დიალოგი საჯაროდ წაარიმართოს. თუ გაერთიანება არ მოხდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, ვის ან რის გამო ჩაიშალა და არ შედგა ერთობა. შესაბამისად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ ძალას დაეკისრება, რომელიც მოლაპარაკებას ჩაშლის. აქვე, მინდა გითხრათ, რომ მოლაპარაკებას, ყველა პარტიასთან არც ვგულისხმობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, გაერთიანებულ ძალასთან პოლიტიკური შეხედულებების, პრინციპების, ღირებულებების თავსებადობა. ჩემი ელექტორატი თანახმა უნდა იყოს სხვა ძალასთან ჩვენს ალიანსზე. ასეთი თავსებადობა ერთმანეთთან ოთხ პარტიას გვაქვს, ესენია: ''ქართული დასი'', ''ბურჯანაძე-დემოკრატები'', ''თავისუფალი საქართველო'' და სალომე ზურაბიშვილის პარტია. საკუთარ თავს, კიდევ ერთ პარტიასთან ალიანსში ვხედავთ, რომელსაც აშკარად, პატრიოტული ძარღვი აქვს, საუბარი მათთანაც გვქონდა, მაგრამ ვინაობას ჯერ ვერ გაგიმხელთ.
_ ბიძინა ივანიშვილმა ადრე განაცხადა, რომ კოალიციაში შესვლა შემოგთავაზათ. რა მოხდა სინამდვილეში?
_ კი, ასეთი შემოთავაზება იყო და თანახმაც ვიყავი, მაგრამ მისი შემდგომი განცხადება, თითქოს უარი ვთქვი, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. კოალიციაში შესვლაზე თანახმა ვიყავი, მაგრამ მერე ე.წ. შუამავლებმა, რომლებიც ჩვენს შორის, დეტალების დაზუსტების პერიოდში მიმოდიოდნენ, - ეს საქმე ჩაშალეს.
_ იმ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია რომ ''ქართულ ოცნებაში'' გაერთიანებაზე მინდია გულუას ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ თქვით უარი, მაგრამ არც ეს საქმე გამოვიდა. რას იტყვით ამაზე?
_ სიცრუეა, სადაა ეს მხარდაჭერა, ხომ უნდა გამოჩენილიყო. მინდია გულუასთან შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც ''ქართულ ოცნებასთან'' მოლაპარაკება ჩაიშალა. ჩვენი ბოლო შეხვედრა 20 ივლისს შედგა, შევთანხმდით რომ 2 აგვისტოს მე და ბატონი ბიძინა კვლავ შევხვდებოდით. საგანელიძემ მადლობებიც კი მიხადა, რა კარგია რომ შევთანხმდითო. მაგრამ 2 აგვისტოს აღარავინ შემხმიანებია. 5-ში თვითონ დავურეკე და ყურმილი არ აიღო. 9 აგვისტოს დამიკავშირდა გულუა და 10-ში შევხვდით. გულუასთან შეთანხმება არ მოხდა იმიტომ, რომ სტრატეგია რასაც იგი გვთავაზობდა, მცდარი იყო. ამიტომ, მის მიმართ უნდობლობა გამიჩნდა და თანამშრომლობა შევწყვიტე. გახსოვთ, ალბათ როგორ მოვიქეცით არჩევნების დროს, ხმები რომ არ გაყოფილიყო ჩვენი კანდიდატები ყველა ოლქში მოვხსენით. ბიძინას თხოვნა იყო, ხმები არ დაგვექსაქსა და ეს პირობა შევასრულე. ''ქართულმა ოცნებამ'' კი პირობა არ შეასრულა, მითხრეს რომ საბურთალოზე კონკურენტი არ მეყოლებოდა, მაგრამ უსუფაშვილი დამიყენეს. ბრძოლა დამიწყეს, ჩემზე მეტი საბრძოლველი ვერავინ იპოვეს? სხვაგან კანდიდატი არ გვყავდა, ჩვენი შტაბები მათზე მუშაობდნენ. ერთობა მე არ ჩამიშლია, ზუსტად არ ვიცი რა უთხრა უსუფაშვილმა და საგანელიძემ ბიძინას, მაგრამ ვიცი რომ კოალიციაში არასწორი ინფორმაციები გაავრცელეს.
_ ივანიშვილმა წასვლისას თქვა, ''კაცურ სიტყვას'' დაგიტოვებთ და ამას ენდეთო. ბიძინას ''კაცური სიტყვა'' უსუფაშვილიაო? - თქვენ იკითხეთ და თქვით, რომ მაშინ აჯობებს ეს ''კაცური სიტყვა'' თან წაიღოსო. ''კაცურ სიტყვად'' დღესაც უსუფაშვილი მიგაჩნიათ და უნდა `წაიღოს თუ არა იგი ივანიშვილმა?
_ მიმაჩნია, რომ თუ ეს კაცური სიტყვა უსუფაშვილია, რომელიც მან პარლამენტის თავმჯდომარედ და ქვეყნის მმართველად დაგვიტოვა, ეს უსამართლობაა. საზოგადოებას უსუფაშვილი არ აურჩევია, მან ივანიშვილი აირჩია. უსუფაშვილს საზოგადოების დიდი ნაწილი ქვეყნის მტრად მიიჩნევს და მისი ქვეყნის მმართველად დანიშვნა სამართლიანი არ იყო. თუმცა საწინააღმდეგო აზრი მაქვს ღარიბაშვილზე, პატივს ვცემ, იგი ურიგო კაცი არ ჩანს. პიროვნული ანტაგონიზმი უსუფაშვილთანაც არ მაქვს, ჩვენ იდეოლოგიური არათავსებადობა, ცნობიერებითი კონფლიქტი გვაქვს. საქართველოში ძნელად იპოვით ისეთ იდეოლოგიზირებულ პარტიებს, როგორებიც ''რესპუბლიკელები'' და ''ქართული დასი'' არიან. ''რესპუბლიკელები'' თავიანთი განწყობით და შინაარსით მართლაც ის არიან, რასაც ლაპარაკობენ და ''ქართული დასი'' ასეა, შინაგანი განწყობა როგორიცაა, იმას ვლაპარაკობთ. ამიტომ, ჩვენი ეროვნული ცნობიერება მათთვის, როგორც ფაშისტური, ისე აღიქმება. ჩვენთვის ერთსქესიანთა ქორწინების დაშვება ერის, სახელმწეიფოს მტრობაა. ამიტომ, გენეტიკური ძმებიც რომ ვიყოთ, ერთიანობა ვერ გვექნება.
_ რამდენი წევრი გყავთ პარტიაში?
_ ბოლოს, როცა კადრები გადავამოწმეთ, 8 ათასი წევრი აღმოჩნდა. ეს მუდმივი პროცესია, ზუსტი ციფრის თქმა შეუძლებელია იმიტომ, რომ შეიძლება დღეს 10 კაცი შეემატოს ან პირიქით, 20 გავიდეს. კვარტალში ერთხელ პარტიის აპარატი წევრებს უკავშირდება და გადამოწმებას ახდენს. გაგიმხელთ იმასაც, რომ რეგიონებში, პარტიის წევრებს, გარკვეულ ღონისძიებებზე იბარებენ და ხდება გადამოწმებ, თუ რამდენი კაცი მოდის პირველივე დაძახილზე. თუ ვთქვათ 20-დან, 18 მოვიდა, ე.ი. ის ორი აქტიური წევრი არაა.
_ საჭიროების შემთხვევაში თუ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ იმათი სია, ვისაც თქვენი პარტიის მანდატი აქვს?
_ მათი სიის ნახვა ხელმისაწვდომი არ არის, ამის გაკეთებას პარტიები ერიდებიან იმიტომ, რომ ასე მათი გადაბირების, ''ვერბოვკის'' საშიშროებაა. აქამდე, ასეთი პოლიტიკური კულტურა გვქონდა. სააკაშვილის რეჟიმის დროს აქტიური წევრები ყოველთვის განიცდიდნენ ზეწოლას.
ჟურნალისტებსაც ალბათ, გინდათ რომ ეს სია გამოაქვეყნოთ ხომ? ინტერესისთვის დაგათვალიერებინებთ, მაგრამ, როგორც წესი, პირის გაწევრიანების დროს ივსება ანკეტა _ პირადი ნომერი, ტელეფონი, მისამართი და ასეთი რამ, მათი თანხმობის გარეშე, არ ქვეყნდება.
_ ბატონო ჯონდი თქვენ პარლამენტის არალეგიტიმურაც ცნობა მოითხოვეთ და სარჩელის შეტანასაც აპირებდით. შეიტანეთ თუ არა და რა ხდება ამ მიმართულებით?
_ შევაფასე, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. პარლამენტის პოლიტიკური კონგლომერატი, თუ იგი ლეგიტიმურია, საზოგადოების განწყობილებების ანარეკლი უნდა იყოს. ''ნაცმოძრაობას'' რომ 65 მანდატი ჰქონდეს, ასეთი განწყობა საზოგადოებაში არაა, მას ასეთი მხარდაჭერა ხალხისგან არ აქვს. გარდა ამისა, როცა ღარიბაშვილი შს მინისტრი იყო, მან ჩემი ნათქვამის შესაბამისი დოკუმენტები დადო _11 ათასი ყალბი მოწმობა, რომელიც შსს-ს მერაბიშვილის დროს ჰქონდა დაბეჭდილი. სიყალბე ის გახლდათ, რომ თავად მოწმობები _ პირადობის ნომრები ნამდვილი იყო, მაგრამ შიგ თავიანთი აქტივისტების ფოტოები ჰქონდათ ჩაკრული. ამისათვის შერჩეული ჰყავდათ ემიგრანტები ან ის ხალხი, ვინც ''კარდაკარის'' დროს ამბობდა, რომ არჩევნებზე არ დადიან. ღარიბაშვილმა 11 ათასი ასეთი მოწმობა დადო, მაგრამ სინამდვილეში ნახევარ მილიონზე მეტი იყო დაბეჭდილი. ღარიბაშვილმა ფაქტობრივი მტკიცებულებები დადო, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ მერე გაჩუმდნენ, ანუ ''ნაცები'' და ''ქართული ოცნება'' გარიგდნენ. რაღაც გაიყვეს, სადღაც რაღაც ბიზნესი გადანაწილდა, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია რომ საეჭვოდ გაჩუმდნენ. 11 ათასი ყალბი მოწმობა გამოძიების დასაწყებად საკმარისი იყო, მაგრამ სრული სიჩუმეა. შედგა გარიგება. პირადად სააკაშვილზე, მე 167გვერდიანი დოკუმენტი მაქვს პროკურატურაში გადაგზავნილი, ადრე მელაპარაკებოდა მაინც პროკურორი, ახლა საერთოდ დაიმალა, ქალაქის ყურმილსაც კი არ იღებს, ვაითუ ჯონდი აღმოჩნდესო, გაქრა კაცი. ახლა, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს ამ ჯგუფს. ადრე კბილაშვილი დამპირდა ორ კვირაში დაგირეკავო და მას მერე ერთი წელი გავიდა.
-კარგით უფრო მსუბუქ თემებზე გადავიდეთ, რომელ გადაცემებს უყურებთ საინფორმაციო გამოშვებების გარდა?
_ ვასიკო ოდიშვილის `ყოველდღიურ აბებს~. დღეს ქართულ პოლიტიკას სატირა აკლია. ''ვანოს შოუსაც'' ვუყურებ. ახლა დავიჭირე ჩემი თავი, რომ საინფორმაციოს გარდა, არაფერს ვუყურებ, ვერც კი გავიხსენე გადაცემები.
_ ქართულ სუფრაზე როგორი ხართ, როგორი თამადაა ჯონდი ბაღათურია?
_ ქართულ სუფრაზეც ქართველი ვარ, ზოგადად, ყველგან ქართველი ვარ. ქართველი ან ხარ, ან არ ხარ. თუ ქართველი ხარ, როცა გძინავს, მაშინაც ქართველი ხარ. თამადობა მიწევს, მაგრამ, მართალი გითხრა, დიდად არ მიყვარს, დამღლელია. სამსახურში ისედაც თამადა ვარ და სუფრაზე მირჩევნია დავისვენო. თამადა სუფრაზე მუშაობს, რეალურად ის ხელმძღვანელობს სუფრას _ ალაგებს სადღეგრძელოებს, განსაზღვრავს მის ტემპს, ყურადღებას აქცევს თანამოსუფრეთ. ასე, რომ მირჩევნია დავისვენო, ეპიცენტრში არ ვიყო. არაკომფორტულად ვგრძნობ თავს, როდესაც ჩემს სადღეგრძელოს სვამენ, ყველაზე მაგარი ტიპი ჩემთვის ისაა, ვინც ჩემს სადღეგრძელოს მოკლედ ამბობს.
_ ვინ არიან თქვენი მეგობრები?
_ ღმერთმა დალოცოს და მიმრავლოს მეგობრები. პოლიტიკას რაც შეეხება, აქ მეგობარს მას მერე ვეძებ, რაც ამ სფეროში ვმოღვაწეობ, ბოლოს მივხვდი, რომ პოლიტიკაში პარტნიორი უნდა ეძებო. თუმცა გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ვცდილობ ვიძმაკაცო, მაგრამ სიფრთხილეც საჭიროა. თუ ადამიანთან პირადი ურთიერთობები არ გაქვს, პარტნიორობაც ჭირს.
_ რით არსებობს თქვენი პარტია?
_ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო ლეგალური დაფინანსება, მაგრამ ორმოცჯერ უფრო მცირე, ვიდრე ''ნაციონალებს'' ან `ქართულ ოცნებას~. ოფისში ფულს არ ვიხდით, საკმაოდ დიდი ოფისი გვაქვს, ასეთი ოფისი `ნაციონალებისა~ და `ქართული ოცნების" გარდა, არავის აქვს. ფართი 540 კვადრატულია, ბიზნესმენმა ნუგზარ დვალმა შემოგვწირა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა გააკოტრა, გააღატაკა. იგი დღეს იბრძვის, რათა საკუთარი უფლებები აღიდგინოს, მაგრამ ამაოდ, ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენისთვის თითსაც არ ანძრევს.
_ რომ არა პოლიტიკოსი, ვინ იქნებოდით?
_ რომ არა პოლიტიკოსი, პოლიტიკოსი ვიქნებოდი. ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ შეიძლება სამხედროც ვყოფილიყავი. როცა წამოვიზარდე, საქართველოს სულ ომში ყოფნა მოუწია და მეც ვიბრძოდი. ყოფილი სამხედრო ვარ. შენაერთების წევრი ფორმალურად არ ვყოფილვარ, თუმცა `გორდას~ ბატალიონში ვიყავი გაწევრიანებული, უბრალოდ, მოხალისედ ვიბრძოდი.
_ და ბოლოს, რას ეტყვის ჩვენს მკითხველს ჯონდი ბაღათურია?
_ პირველ რიგში, თქვენს კოლექტივს და მკითხველს ღმერთის წყალობას, სიხარულს, წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებ.
ესაუბრა თათული ლორთქიფანიძე
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი"

















