მედიასთან ურთიერთობის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართ, ვანო მერაბიშვილის დროინდელი შინაგან საქმეთა
სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსის შოთა უტიაშვილის ცოლის ეკა კვესიტაძისა და მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩევლის, ასევე, გიგა ბოკერიას ყოფილი მოადგილისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი უფროსის, თამარ კინწურაშვილის (რომელმაც შენობის ეზოს დასუფთავებაში ოფიციალურად 165 ათასი ლარი გახარჯა http://www.newspress.ge/interviu/86622-ra-dajda-sazogadoebrivi-mautsyeblis-logo-da-dasufthavebashi-gadakhdili-165-athasi-thamar-kintsurashvilis-dros.html) მიერ დასმულ კითხვებს, სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებით პასუხობს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო პერიოდში განხილვის საგანი გახდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ საინფორმაციო სააგენტო „TB24“-თან თანამშრომლობა.
აღსანიშნავია, რომ სამინისტრო, გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონისა და დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ცივილიზებული წესით, ბაზარზე არსებულ ყველა მედიასაშუალებასთან თანამშრომლობს და მათი მეშვეობით აწოდებს ინფორმაციას საზოგადოებას.
კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტრო ხელშეკრულებების საფუძველზე ორ ათეულამდე ონლაინ მედიასაშუალების მეშვეობით აწოდებს ინფორმაციას ბენეფიციარებს. ეს სააგენტოებია: „ინტერპრესნიუსი“ (ipn); „ჯი-ეიჩ ენი„; „აიპრესი“; „გურიანიუსი“; „ფორ.გე“; „კვირა“; „ნიუპოსტი“; „ნიუსპრესი“; „ფრონტნიუსი“; „ექსპრესნიუსი“; „აქცენტი“; „თბილისი24“; „რეპორტიორი“; „პრაიმთაიმი“; „თაიმერი“; „ნიუპრესი“; „ექსპრესინფო“ ; „ბათუმელები“ და სხვა. ჩვენი ბენეფიციარების წრე იმდენად დიდია, რომ აუცილებლობად მივიჩნევთ, მათ საქართველოში არსებული ყველა მედიასაშუალებით მივაწოდოთ ინფორმაცია თავიანთი უფლებებისა და ჩვენს სისტემაში არსებული სიახლეების შესახებ. რაც შეეხება მედიასაშუალების მფლობელების ორიენტაციის კვლევას, აღნიშნული აღემატება სამინისტროს კომპეტენციას.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში 2012 წლის ოქტომბრიდან, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მასშტაბური რეფორმა განხორციელდა, რომლის შედეგად ძირეულად შეიცვალა პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარება, დაინერგა ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი. ამ სფეროში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება, არსებული ვითარება და ყველა ის საკითხი, რომელიც სასჯელის აღსრულებას და, შესაბამისად, პატიმრებს შეეხება, როგორც ჩვენი, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებისა და დაკვირვების ობიექტია.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, რეფორმების განხორციელების პროცესში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საზოგადოების ინფორმირებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამ მიზნით, კანონით დადგენილი წესით, აქტიურად თანამშრომლობს მედიასაშუალებებთან"-ნათქვამია განცხადებაში.
