ნათია ფანჯიკიძე: ეს ოხერი ცოლის სტატუსი ხელს მიშლის და ხმას ვერ ვიღებ
ნათია ფანჯიკიძე: ეს ოხერი ცოლის სტატუსი ხელს მიშლის და ხმას ვერ ვიღებ
15:39 29.11.2014
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე, უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მათ ბინა აჩუქა და აცხადებს, რომ მარგველაშვილის შემდეგ, მეორე „ერთადერთი“ მისი მეუღლე იყო, რომელსაც ივანიშვილის პირადი ფული არ აუღია.
ამის შესახებ ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.
„სანამ ახალი წამოგვეწევა, ისევ მიმდინარე: დაბეჭდილა სადღაც, ივანიშვილმა ალასანიას ბინა აჩუქაო. მერე ეს თემა გადაინაწილა ვისაც გადანაწილება ეკუთვნოდა და სულ უმადურები გვეძახეს. ასეთ სტატიებს მოხალისეები არ წერენ, ყოველთვის დამკვეთი ყავს. შინაარსმა აღმაფრთოვანა და გაგრძელებას ველი, მაგალითად ასეთს, რომ სულაც ივანიშვილმა ჩამოგვასახლა საქართველოში და მოქალაქეობა გვაჩუქა. თემასთან ახლოა და ფრენდის კედელზე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან ამონარიდი მოვისმინე, ერთადერთი ვინც ფულზე უარი მითხრა, გიორგი მარგველაშვილი იყოო.
ეს ოხერი ცოლის სტატუსი რომ ხელს მიშლის და ხმას ვერ ვიღებ, თორემ ხომ შევახსენებდი ბატონ ბიძინას, რომ მეორე „ერთადერთი“, ირაკლი ალასანია იყო, ვისაც მისგან პირადი ფული არ აუღია. საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ ბატონმა ბიძინამ უპირველესად სწორედ ეს ორი აითვალწუნა.
როგორც ჩანს, რაშიც არ გადაუხდია, შენაძენად ვერ აღიქვა. ყველას მინდა გამოცდილებაზე დაფუძნებით გირჩიოთ, არასოდეს არ ითანამშრომლოთ ბიძინა ივანიშვილთან უხელფასოდ. თუ თვითონ არ შემოგთავაზებთ, თქვენ მოსთხოვეთ, თორემ ჯერ დაეჭვდება, მერე შეგიძულებთ და ბოლოს წარმოიდგენს, რომ რაც გაბადიათ, მისი ნაჩუქარია“ - წერს ნათია ფანჯიკიძე.
ბეჭდვა