"აშშ-ის სამხედრო უპირატესობის გეოპოლიტიკური კონცეფცია მისი ბატონობის გარანტიისათვის სიტუაციებში პირდაპირ ძალოვან ჩარევას ითვალისწინებს. ნატოც სწორედ
ამ მიზნით შეიქმნა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი „ღია კარის“ პოლიტიკას ატარებს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა გასულ კვირას ვარშავაში რუმინეთის, პოლონეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს გაჟღერებული განცხადებებით"-ამის შესახებ აზერბაიჯანულ გამოცემა «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვენ ვერსიას მცირე შემოკლებთ:
მოკლედ, ნატო კვლავ ფართოვდება და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერთებით ყოფილი საბჭოთა კავშირის გულისაკენ მიიწევს, დღევანდელი რუსეთის დედაქალაქთან ახლოს. მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნები გეოგრაფიულად შეზღუდული არ არის. თუ გავითვალისწინებთ ნატოს შემოღწევის მცდელობებს სამხრეთ კავკასიაში, შეიძლება ვთქვათ, რომ ალიანსი ჩვენს რეგიონშიც ფიქრობს გაფართოებას. ყველა შემთხვევაში აშკარაა, რომ შეერთებული შტატები უარს არ ამბობს კავკასიაში დამკვიდრებაზე და სამხედრო ყოფნაზე, რაც სერიოზული გამოწვევაა ირანისა და რუსეთისათვის. თავის მხრივ, ეს იწვევს მოსკოვისა და თეირანის ერთმანეთთან დაახლოებას, რადგან ამერიკას ორივე თავის მოწინააღმდეგედ მიიჩნევს.
თბილისმა ფსონი ნატოზე დადო. ასე რომ, თუ ალიანსი საქართველოს სამხედრო დერეფნის გახსნას სთხოვს, ბრიუსელი, ალბათ, დადებით პასუხს მიიღებს. მაგრამ რა ელოდება აზერბაიჯანს ასეთ შემთხვევაში?
საერთოდ, აზერბაიჯანის მიმართ დამოკიდებულებაში აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ყოველთვის მხოლოდ გეოპოლიტიკური სარგებლის მიღწევას ცდილობდნენ. „საუკუნის კონტრაქტი“, რომელსაც ხელი 20 წლის წინ მოეწერა (ნატოს ქვეყნების აქტიური მხარდაჭერით) და მილიარდები, რომლებიც ამ პროექტისთვის დაიხარჯა, ვერ შეცვალა ალიანსის პოზიცია ჩვენი ქვეყნის ყველაზე საჭირბოროტო პრობლემების მიმართ, განსაკუთრებით კი ყარაბაღის მიმართ. თუმცა ეს გასაკვირი არაა, რადგან ჩრდილოატლანტიკური სტრუქტურის წევრები სამხრეთ კავკასიაში არსებულ ტერიტორიულ ნიადაგზე დაპირისპირებებს, მათ შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტსაც, თავიანთი გეოპოლიტიკური მიზნის მისაღწევად იყენებენ. იგივე ვაშინგტონი, რომლის იმიტირებული საშუამავლო როლი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანზე გავლენის მოხდენაში გამოიხატება. როგორც ჩანს, ასეთი მიდგომა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროსაც არ შეიცვლება - ვაშინგტონისათვის ხომ ყველაზე მთავარი ერთპოლარული მსოფლიოა, ამერიკის განდიდება და ბატონობა. სრულიად ნათელია, რომ ნატოს გაფართოებით (ეკონომიკური თვალსაზრისით) ყველაზე მეტად აშშ იგებს, როგორც იარაღის მთავარი მწარმოებელი და ამ იარაღის ნატოსათვის მიმწოდებელი ქვეყანა. ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენება პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ და სხვა მსგავსი ინდივიდუალური პროექტები. ნატომ იმასაც კი მიაღწია, რომ სკანდინავიის ტრადიციულად ნეიტრალურ ქვეყნებში - შვედეთსა და ფინეთში მის მიმართ სიმპათია მატულობს.
ნატო არ ისვენებს და მანამდე არ დამშვიდდება, სანამ ევროპის ყველა ქვეყანა მასში არ გაწევრიანდება. ნატოში აშშ დომინირებს და ეს გასაგებიცაა, რადგან ვაშინგტონი ალიანსის ფუნქციობისთვის ყველაზე მეტ თანხებს გამოჰყოფს.
მოკლედ, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, მომხდარი გეოპოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, თავისი ექსპანსიონისტური არსი მაინც შეინარჩუნა და კვლავ გაფართოებისათვის, მსოფლიოში გავლენის გაძლიერებისათვის ისწრაფვის და უკან არ იხევს სამხედრო ძალის გამოყენების მუქარისგანაც კი.
----------
P.S. აზერბაიჯანული გაზეთი «Новое время», მასში გამოქვეყნებული პუბლიკაციების მიხედვით, პრორუსულ მიმართულებას ამჟღავნებს და დასავლეთისადმი კრიტიკულადაა განწყობილი.
http://novoye-vremya.com/w103329/.../#.WaObA4qQx1s
