«RFI-Radio France Internationale» (საფრანგეთი): ქართული ღვინის გამოფენა ბორდოში-ბრინჯაოს თამადა და ოქროს საწმისი
«RFI-Radio France Internationale» (საფრანგეთი): ქართული ღვინის გამოფენა ბორდოში-ბრინჯაოს თამადა და ოქროს საწმისი
11:55 25.08.2017
რადიორეპორტაჟი, რომელიც „საფრანგეთის საერთაშორისო რადიომ“ („რადიო ფრანსე ინტერნასიონალე“) ეთერში გადასცა, საუბარია ქალაქ ბორდოში („ღვინის ქალაქში“) მოწყობილი გამოფენის თაობაზე, ქართული მეღვინეობისა და ღვინის შესახებ. გამოფენის ორგანიზატორია საფრანგეთის მეღვინეობის კულტურის ფონდი (ავტორი - ჰელია პევზნერი).

გამოფენაზე, რომელიც ბორდოს მუზეუმად გადაქცეულ გემთმშენებელ დოკებში გაიმართა, წარმოდგენილია საქართველოში ღვინის დამზადების ისტორია, ღვინის შესანახი ჭურჭლები (დოქები, ქვევრები და ა.შ.). გამოფენის სტუმრებს მასპინძლობენ კულტურის ფონდის წარმომადგენელი კარინ მერშადური და მუზეუმის თანამშრომელი ქეროლ დესტრიბატი, რომლებიც დამთვალიერებლებს ქართული მეღვინეობის წარსულსა და დღევანდელობას აცნობენ.

გამოფენის ექსპონატები რამდენიმე დარბაზშია განლაგებული, რომლებიც ქართული ღვინის დამზადების რვათასწლოვან ისტორიას გადმოგვცემს. იმ ღონისძიებათა შორის, რომლებსაც ფონდი გამოფენის ეგიდით ახორციელებს, ერთ-ერთი ქართულ სუფრას ეძღვნება. დარბაზში ნამდვილი ქართული სუფრაა გაშლილი. აფიშაზე გამოსახულია თამადის ბრინჯაოს ფიგურა, რომელსაც ხელში ბოკალი უკავია და რომელიც საქართველოს ქალაქ ვანშია ნაპოვნი (თარიღდება მე-7 საუკუნით ჩვენს ერამდე).

როგორც ქეროლ დესტრიბატი ამბობს, ქართულ ღვინოს „საქართველოს ოქროს“ უწოდებენ, თუმცა საქართველო, რომელსაც ადრე კოლხეთი ერქვა, ნამდვილი ოქროთიც იყო ცნობილი. უძველეს პერიოდში მდინარის ქვიშას ცხვრის ტყავებზე რეცხავდნენ. აქედან გაჩნდა თქმულება ოქროს საწმისზე, რომლისთვისაც კოლხეთის ნაპირებისაკენ ბერძენი არგონავტები გაემართნენ. გამოფენაზე ოქროს ნივთებიცაა წარმოდგენილი, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასახავენ. გამოფენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპონატია ფიროსმანის ნახატი „კაცი დოქით“, რომელიც ქართულ სუფრასთანაა დაკიდებული. საინტერესოა ფილმების ჩვენებაც, რომელთაგან ერთ-ერთია ოთარ იოსელიანის ფილმი „ფოთოლცვენა“, ასევე მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისისი თბილისელი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის მიერ გადაღებული ფოტოსურათები: ვენახში ყურძნის კრეფა (რთველი), დაწურვა და ყურძნის წვენის ქვევრებში ჩასხმა, ქართული ტრადიციული ქეიფი და სხვა.

ბეჭდვა