უკრაინულ გამოცემა «Корреспондент»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გაანალიზებულია უკრაინის თანამედროვე მდგომარეობა, განსაკუთრებით ყურადღება
ეთმობა ქვეყანაში რეფორმების განხორციელების პროცესის სიძნელეებს (ავტორი - ანდრეი გოლოვაჩევი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ისე არ გაჰყვირიან რეფორმების აუცილებლობაზე (ხმის ჩაწყვეტამდეც კი!), როგორც უკრაინაში. არცერთ ქვეყანაში იმდენი პროგრამა არ დაწერილა რეფორმების განხორცილების მიზნით, რამდენიც უკრაინაში. „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ საზოგადოებაში „რეფორმატორულმა ქავილმა“ თავის აპოგეას მიაღწეია - ყველამ ყველგან გარდაქმნები დაიწყო: ქართველ-ამერიკელებმა მილიცია პოლიციად გადააკეთეს, ინგლისელებმა საბაჟოს რეფორმა შემოგვთავაზეს, შვეიცარიელებმა - საგადასახადო სისტემის გარდაქმნა, ნატომ - ჩვენნაირი არმია უნდა მოგიმზადოთო, გერმანელებმა - ცუდი ენერგეტიკა გაქვთ და ჩვენი დახმარებით უკეთესი გექნებათო... მიხეილ სააკაშვილმა მთელი ოდესის ოლქის რეფორმირება დაიწყო - ყველაფერს ცვლიდა, რაზედაც ხელი მიუწვდებოდა.
საერთოდ, უკრაინაში 26 წელია რეფორმები შეუჩერებლად მიმდინარეობს და საბოლოოდ ჩვენმა ქვეყანამ ამ რეფორმების წყალობით ევროპაში ცხოვრების დონით ყველაზე „საპატიო“ ბოლო ადგილი დაიკავა (რეფორმირებული მოლდოვის შემდეგ) და თითქმის აფრიკულ ქვეყნად გადაიქცა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის განაწილებით (ორი ათასი დოლარი წელიწადში). ეს 20%-ით ნაკლებია 1991 წელთან შედარებით, როცა თავისუფლება მოვიპოვეთ და ევროპისაკენ სრული სვლა დავიწყეთ.
ყველა რეფორმის კონცენტრირებული ძალა კორუფციის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამისკენ მოგვიწოდებდნენ ყველა პრეზიდენტი, პრემიერები, პოლიტიკოსები, დასავლეთი, აღმოსავლეთი და საერთოდ, მთელი მსოფლიო. თავგანწირული და მედგარი ბრძოლის შედეგებით უკრაინამ პირველი ადგილი დაიკავა ევროპაში... კორუფციის დონით და არცერთ სახელმწიფოს ჩვენი გასწრების შანსები არ დაუტოვა. გარდა ამისა, დაუსრულებელი რეფორმირების პერიოდში უკრაინამ მილიარდობით ვალი აიკიდა, რომელსაც ვერცერთი თაობა ვეღარ გაისტუმრებს...
როგორ და რატომ მოხდა ასე?
თუ „ექსპერტებს“ დავუჯერებთ, რეფორმები არასწორად მიმდინარეობდა, არ გვყავდა მცოდნე სპეციალისტები, ჰარვარდიდან და კემბრიჯიდან უნდა მოგვეწვია, ანუ ისეთები, როგორებიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა მიიწვია საქართველოშიო. თითქოსდა ჭკუასთან ახლოსაა, მაგრამ რატომ მოხდა ისე, რომ საქართველო თავისი „რეფორმების“ წყალობით ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანად დარჩა უმუშევრობის მაღალი - 30%-იანი დონით? რატომ წავიდა საზღვარგარეთ 1, 5 მილიონი მოქალაქე? ეს ხომ მოსახლეობის თითქმის 25%-ს შეადგენს! ბოლოსდაბოლოს, რატომ გააგდეს ქვეყნიდან მიხო და მისი რაზმი? თანაც ბევრი იქ ჩააჯინეს, სადაც ადრე თვითონ სვამდნენ სხვებს... კანონზომიერად იბადება კითხვა: საერთოდ, იყო კი რეფორმები?
მოკლედ, შეიძლება თუ არა უკრაინის რეფორმირება? არსებობს კი ყველაზე სწორი თეორია ჩვენი ქვეყნის რეფორმირებისათვის? პასუხი: რეფორმირება შეიძლება, მაგრამ ამისთვის არავითარი მეცნიერულად დასაბუთებული თეორია არ არსებობს.
როცა უკრაინელებმა 1991 წლიდან მიმდინარე ყველა რეფორმებში ფიასკო განიცადეს, მათ თავიანთი ბედი უცხოელ ვარიაგ-რეფორმატორებს მიანდეს, მაგრამ აქაც იმედი გაუცრუვდათ: საიდან ეცოდინებოდა ჰარვარდის კურსდამთავრებულს ჩვენი ქვეყნის რეალობა? აბა, წადით და ვიეტნამში ან მონღოლეთში რაღაცის რეფორმა სცადეთ! თქვენი მოქმედებით მხოლოდ იქაურებს გააცინებთ. ჩვენთანაც ასეა - ხალხს უკვე მწარედ ეცინება. დასავლელი ექსპერტების ყველა მცდელობა კრახს განიცდის. ისინი კი თავს იმართლებენ და გეუბნებიან, ვერ აღიქვამთ რეფორმებს და თქვენს სასიკეთოდ მიმართულ ჩვენს ძალისხმევასო. საუბედუროდ, ბევრი რეფორმატორი ხელმრუდეც აღმოჩნდა.
დღის წესრიგში დგება რეფორმის გატარება სოციალური ზეწოლის მეშვეობით, მაგრამ ეს უკვე რეფორმირება კი არ იქნება, არამედ სწორედ ძალადობა. როგორც რუსეთში 1917 წლის რევოლუციით ანდა ჩილეში აუგუსტო პინოჩეტის დროს. ანუ როცა მიწაში ორ-სამ ათასამდე მოკლულს ჩაფლავენ, რომლებიც რადიკალური გარდაქმნების პროგრამას არ ეთანხმებოდნენ.
ეს აუცილებლად მოხდება, თუ ჩვენი რეფორმატორები ვერ მიხვდებიან, რა არის საჭირო და რეალურად რის გაკეთების შესაძლებლობა არსებობს ჩვენ ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების დაჩქარებისათვის.
http://blogs.korrespondent.net/blog/events/3878391/
