„საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკოს სტუდენტობის დროინდელმა მეგობარმა მიხეილ სააკაშვილმა
2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორად იქნა დანიშნული. მისგან სისტემურ გარდაქმნებს, „ქართულ სასწაულს“ და კორუფციასთან ბრძოლას ელოდნენ, მაგრამ ყველაფერი სრულიად სხვაგვარად დასრულდა: „რეფორმატორმა“ პოსტიც დაკარგა და მოქალაქეობაც. რატომ ვერ გაუგეს ერთმანეთს ყოფილმა მეგობრებმა და რატომ ვერ ჩაეწერა მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ პოლიტიკურ ლანდშაფტში?“, - ასე იწყება ვრცელი პუბლიკაცია, რომელშიც საქართველოს ექს-პრეზიდენტის პოლიტიკური კარიერაა გაანალიზებული უკრაინაში (ავტორი - იური ტკაჩევი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის შინაარსს ქვესათაურების მიხედვით:
„შენ ოდესელი ხარ, მიშა!“
გადმოცემულია ოდესის ცხოვრება მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნამდე და დანიშვნის შემდეგ: ადრე აქ დნეპროპეტროვსკელი ოლიგარქის იგორ კოლომიისკის კაცი - იგორ პალიცა ბატონობდა. ეს პერიოდი „წაყინვებით“ გამოირჩეოდა, არასტაბილურობით, კორუფციით. ყველანაირი საუბრები ოლქის თვითმყოფადობაზე კრამოლად ითვლებოდა... მიხეილ სააკაშვილმა კი თავიდანვე ლაპარაკი უკრაინაში ოდესის უნიკალურობაზე დაიწყო, მან გაიხსენა ადგილობრივი კოლორიტი, მრავალფეროვნება... შეიძლება ითქვას, მან ოდესაში „დათბობა“ მოიტანა: იგორ პალიცას დროინდელ მკვეთრ რეპრესიებს მიხეილ სააკაშვილმა რბილი ფორმები, ლიბერალიზმი დაუპირისპირა, მოსახლეობას რწმენა ჩაუნერგა...
რეფორმების ლაბორატორია
ბევრ ეგონა, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქშიც „ქართულ სასწაულს“ მოახდენდა. ოდესისი ოლქი „რეფორმების ვიტრინა“ უნდა გამხდარიყო. ასეთი მიდგომა ოდესელებსაც მოსწონდათ - მათ აზრით ხომ „ოდესა პირველი არაა, მაგრამ არც მეორეა“. პეტრო პოროშენკოს მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის დროს საკუთარი სტრატეგია ჰქონდა. მისმა გუნდმა ექს-პრეზიდენტის გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ გარიგება დადო ოდესის მერთან გენადი ტრუხანოვთან - ერთგვარი საპირწონეს სახით. აშკარაა, მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობა გარკვეული მიზანს ემსახურებოდა - ექს-პრეზიდენტს მოქმედი პრეზიდენტის იმიჯი უნდა გამოეწორებინა ოდესის ოლქში. მოკლედ, მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ვიდრე ადმინისტრაციულ-მმართველობითი. კიევის ხედვით, მიხო ილუზიონისტი უნდა ყოფილიყო, რომელიც ოდესელების ყურადღებას მიიპყრობდა, სხვა პროცესების მიმართ კი ყურადღებას მოადუნებდა, თუმცა 2015-ში ამას ბევრი ვერ ხვდებოდა. რა თქმა უნდა, თვითომ მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა თავისი გეგმები: მას გუბერნატორობა პოლიტიკური კარიერისთვის სჭირდებოდა - ტრამპლინის სახით.
ჩავიდა ოდესაში...
ამ ქვეთავში ასახულია ის პრობლემები, რასაც მიხეილ სააკაშვილი ოდესაში შეეჯახა. მან იქ თავისი გუნდის წევრებიც ჩაიყვანა, განსაკუთრებით სამართალდამცავ სტრუქტურებში (გიორგი ლორთქიფანიძე, დავით საყვარელიძე...). დაიწყო დაჭერები („ბრილიანტის საქმე“...), მაგრამ ყველა დაწყებული საქმის დასამთავრებლად მიხეილ სააკაშვილს არც კვალიფიკაცია და არც უფლებამოსილება არ ჰქონდა. მოგვიანებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავს გაიმართლებს - ოლიგარქები წინააღმდეგობას მიწევდნენ, კიევი კი არ მეხმარებოდაო. თუმცა ეს თავიდანაც აშკარა იყო: უკრაინის პოლიტიკური სისტემა პრინციპში, არ ითვალისწიონებს იმას, რომ რეფორმები გუბერნატორებმა განახორციელონ. არის მეორე ფაქტორიც, რაზედაც „დიდი რეფორმატორი“ და მისი გუნდი ლაპარაკს ერიდებიან: ისინი სერიოზული მუშაობისათვის კომპეტენტურები არ აღმოჩნდნენ.
... ააზვირთა, მაგრამ...
რაღაც-რაღაცეებში მიხეილ სააკაშვილმა მართალც მიაღწია წარმატებას, მაგრამ არა კორუფციასთან ბრძოლაში: მან უმოკლეს დროში გააბა კავშირები ოდესელ ოლიგარქებთან და თავის გარშემო გავლენიანი მდიდრების წრე შექმნა (სტატიაში საუბარია ბიზნესმენებზე - კაუფმანისა, გრანოვსკის, ანდრეი სტავნიცერის, ოლეგ ქუთათელაძის და სხვების შესახებ, რომლებიც გუბერნატორის მფარველობით სარგებლობდნენ). შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი ფინანსების მიღებას იმედოვნებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, იგი გათვლებში შეცდა - უკრაინის რეალობა ბოლომდე ვერ გაითვალისწინა. ცენტრს გუბერნატორის მოქმედება არ სიამოვნებდა, დაიწყო კონფლიქტი პრეზიდენტთან და რესპუბლიკურ უწყებების ხელმძღვანელებთან... თუმცა იყო მომენტები, როცა მიხეილისა და პეტროს მიზნები სინქრონული იყო, მაგალითად, არსენ იაცენიუკის წინააღმდეგ, მაგრამ პრეზიდენტის თანაკურსელმა პრემიერის გაგდებით ვერაფერი მიიღო: პეტრო პოროშენკომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ვლადიმერ გროისმანს - თავის კაცს უბოძა, მიხეილ ნიკოლოზოვიჩს კი ფარული იმედები გაუცრუვდა.
არაფერი პირადული...
არსენ იაცენიუკის მიმართ გათამაშებული კომბინაციის დასრულებით მიხომ ყველაფერი წააგო, რაც გააჩნდა. მისი ფუნქცია ამოიწურა, უკრაინაში ხელისუფლება ფაქტიურად მთლიანად პრეზიდენტის ხელში გადავიდა. პეტრო პოროშენკო კი ისეთი ადამიანი არ იყო, რომელიც ფუნქციადაკარგულ პირებს მოითმენდა: 2016 წლიდან ყოფილ მეგობრებს შორის კონფრონტაცია ღრმავდება. ცენტრი ჯერ ოდესის საბაჟოს ურტყამს, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელ იულია მარუშევსკაიას „უკანონობაში“ ამხელს, შემდეგ კი გენპროკურატურა, რომელსაც უკვე პეტრო პოროშენკოს კაცი - იური ლუცენკო ხელმძღვანელობს, მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიერ დაარსებულ ე.წ. ოდესის საქველმოქმედო ფონდით დაინტერესდა და თემურ ნიშნიანიძის საქმიანობის გამოძიება დაიწყო. ფონდის ოფისში ჩატარებულმა ჩხრეკამ მიხეილ სააკაშვილის ისტერიკა გამოიწვია, მაგრამ მისმა ყოფილმა „მეგობარმა“ იური ლუცენკომ პროტესტებს ყურიც არ ათხოვა: არაფერი პირადული, მხოლოდ კანონი. მოკლედ, მომზადდა ნიადაგი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითონ წასულიყო გუბერნატორის პოსტიდან, შექმნა პარტია... ამჯერად უკვე პრეზიდენტს ექს-პრეზიდენტმაც შეუტია, მაგრამ საბოლოო ჯამში „ქართული იერიში“ ჩაფლავდა: თავი იჩინა იმავე პრობლემამ, რაც გუბერნატორობის დროს იყო - მიხოს რეგიონებში მომხრეები არ ჰყავდა. როგორი ქარიზმატულიც არ უნდა იყო, მხოლოდ ქარიზმით შორს ვერ წახვალ, აუცილებელია რეგიონებში პარტუჯრედების ჩამოყალიბება და ბოლოსდაბოლოს, ფულიც. მიხეილ სააკაშვილის რეიტინგმა განუხრელი დაცემა დაიწყო...
და ბოლოს, როგორც ჭექა-ქუხილი მოწმენდილ ცაზე: მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოერთვა და მისი უკრაინული პასპორტი გაუქმდა. აშშ-ში ჩასული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოქალაქეობის არმოქნე პირად იქცა. მართალია, იგი [ნაცნობი პოლიტიკოსების წყალობით] ევროპაში მიდი-მოდის, მაგრამ სად ჰპოვებს თავშესაფარს მოხეტიალე ყარიბი, ამ ეტაპზე უცნობია. სამშობლოში თუ დაბრუნდება, მას საპყრობილე ელოდება ჩადენილი დანაშაულებების გამო. მიხეილ სააკაშვილის მიმართ ანგარიშსწორება ქართველების ხელით - ასეთი რამ პეტრო პოროშენკოსათვის უცხო არაა.
რეჟიმისაგან წამებული?
მაინც რა მოხდა ყოფილ მეგობრებს შორის?? ამბობენ, რომ პეტრო პოროშენკოს შეეშინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი კონკურენტი გახდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებში. ამჟამად, მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი ისეთია, რომ დღეს რომ არჩევნები იყოს, იგი, ალბათ, პირველ ტურშიც ვერ გაიმარჯვებს, მიხეილ სააკაშვილს კი, ნაკლოვანებების გათვალისწინებით, მაინც შეუძლია გარკვეული პროცენტით ხმების მიღება, რაც პეტრო პოროშენკოს დააკლდება და მისთვის კრიტიკული იქნება.
ამასობაში მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევამ მოულოდნელი რიკოშეტი გამოიწვია: ბევრი უკრაინელი ოპოზიციონერი, რომლებსაც ადრე ექს-გუბერნატორი არ მოსწონდათ, ახლა მის მიმართ სიმპათიით განეწყვნენ და პეტრო პოროშენკოს ნაბიჯი დაგმეს. ეს გასაგებიცაა: მათთვის მიხეილ სააკაშვილი უკვე საშიში აღარაა, იგი პოლიტიკური თამაშიდან გავარდა, „რეჟიმის მსხვერპლად“, „რეჟიმის მიერ წამებულ“ ადამიანად იქცა, ახლა ოპოზიციის ისრები მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტის - პეტრო პოროშენკოსკენაა მიმართული. მიხეილ სააკაშვილისადმი მხარდაჭერა ახლა ოპოზიციას თავისი რეიტინგის ასაწევად ჭირდება. ასე რომ, საქართველოს ექს-პრეზიდენტს თუ ბედი გაუღიმებს, უკრაინის პოლიტიკაში რაღაც როლს კიდევ შეასრულებს: როგორც მინიმუმი, გამორჩეული სტატისტის როლს, ერთგვარი მოლაპარაკე დეკორაციის სახით. პოლიტიკა ხომ ძალიან ცინიკური სფეროა...
https://www.kommersant.ru/doc/3378147
