„რვა აგვისტოს, რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყების მეცხრე წლისთავს, ვლადიმერ პუტინი
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასასვლელად ემზადება“, - ნათქვამია უკრაინულ გამოცემა «Обозреватель»-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.
გამოცემასთან საუბრისას აღნიშნულ საკითხზე კომენტარს აკეთებს რუსი პუბლიცისტი და პოლიტოლოგი ლეონიდ რაძიხოვსკი:
„ძალიან ძნელია ამ ვიზიტის მიზნის გაგება. პიარისათვის სოხუმში ჩასვლა უაზრობაა. რასაკვირველია, ეს საქართველოს თითქოს ცხვირში წკიპურტის გაკვრას ნიშნავს, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთს არ შეუძლია და ვერც შეძლებს ამ მიმართულებით აქტიურობის გაძლიერებას. თუმცა, კაცმა რომ თქვას, რა აქტიურობა შეიძლება აფხაზეთში? იქიდან საქართველოს თავს ხომ არ დაესხმება? ეს აბსოლუტურად გამორიცხულია და თვითონ აფხაზებსაც არაფერში არ ჭირდებათ. აფხაზეთი არ ესწრაფვის ტერიტორიულ ექსპანსიას საქართველოს წინააღმდეგ. აფხაზეთი ხომ „დნრ“ („დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“) არაა, სადაც გიჟი [ალექსანდრ] ზახარჩენკო ახალი სახელმწიფოს შექმნაზე და უკრაინის გადაყლაპვაზე ოცნებობს. აფხაზეთს საქართველოს მიმართ მსგავსი გეგმები არ აქვს. მისი ერთადერეთი მიზანია საქართველოსაგან ცალკე არსებობა. შეიძლება ეს მიზანი გონივრულია ან სულელური, მაგრამ აფხაზებს მის გარდა სხვა არაფერი უნდათ. ამიტომაც აფხაზეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ არანაირი ექსპანსია მოსალოდნელი არ არის.
ვლადიმერ პუტინს აფხაზეთისადმი მხარდაჭერის გამოხატვა სურს? კი, მაგრამ რა მხარდაჭერა უნდა სოხუმს? ის მაინცდამაინც ისეთ უიმედო მდგომარეობაში არაა, რომ მხარდაჭერა ჭირდებოდეს. მართალია, იქ რუსი ტურისტები დახოცეს, მაგრამ მკვლელები სწრაფად იპოვეს. ამიტომ პუტინი აფხაზეთში ასეთი წვრილი მკვლელობების გამო არ ჩავა, ის ხომ გამომძიებელი არ არის. ამიტომაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა მას სოხუმში ჩასვლა“.
https://www.obozrevatel.com/abroad/08523-zachem-putin-edet-v-okkupirovannuyu-abhaziyu.htm
