„დღეს საქართველოში მსხვილმაშტაბიანი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი - 2017“ იწყება, რომელშიც ნატოს ქვეყნების სამი ათასამდე სამხედრო
მოსამსახურე მონაწილეობს. წრთვნებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც დაესწრება“, - ნათქვამია რუსულ გამოცემა «Независимая газета» -ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც გადმოცემულია „ღირსეული პარტნიორი - 2017“-ის მნიშვნელობა საქართველოსთვის, სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის და ნაჩვენებია რუსეთის რეაქცია (ავტორი - იური როქსი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიზანი სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესება, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთვნელი შესაძლებლობის განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის, ასევე ლოგისტიკური დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურების დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება...“. სწავლებებში პირველად არის წარმოდგენილი გერმანული და ამერიკული წარმოების მძიმე ტექნიკა - ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი’ და „სტრაიკერი“, აგრეთვე ჯავშანტრანსპორტიორი „ბოქსიორი“ და ამერიკული „ს-130“ ტიპის თვითმფრინავი. ეს ტექნიკა შავი ზღვით ფოთში გადმოიტვირთა და შემდეგ თავისი სვლით გაიარა გზა თბილისთან მდებარე ნორიოს საწრთვნელ ბაზამდე.
საქართველოს ხელისუფლება დადებით ემოციებს არ მალავს. სამხედრო წრთვნებზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დასწრება ვაშინგტონის მიერ საქართველოს მიმართ მხარდაჭერის დადასტურებას წარმოადგენს: პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, რომელმაც მაიკ პენსი აშშ-ში ამას წინანდელი ვიზიტის დროს გაიცნო, დიდი იმედი აქვს, რომ სამხედრო წრთვნების სედეგად აშშ-ისა და საქართველოს კოტაქტები კიდევ უფრო გამყარდება.
ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოსადმი რუსეთის მიერ „მცოცავი ოკუპაციის“ პირობებში („მცოცავი ოკუპაცია“, თბილისის პოზიციით, სამხრეთ ოსეთში რუსი მესაზღვრეების მიერ განხორციელებული ბორდერიზაციაა), საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. და ალბათ, აზერბაიჯანისთვისაც: საზღვრის გატარების ბოლო სამუშაოების დროს სამხრეთ ოსეთის მხარეს აღმოჩნდა ბაქო-სუფსას ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთი. ამ მილსადენით აზერბაიჯანის საბადო „ჩირაგიდან“ ნედლი ნავთობი გადაიტვირთება და მისი დემონტაჟი ჯერ კიდევ წლების წინ უნდა მომხდარიყო, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ექსპლოატაციაში შეყვანის შემდეგ. მაგრამ საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც ნავთობ-გაზის მიმართ „სისუსტეს“ ამჟღავნებდა, თავისი აზერბაიჯანელი კოლეგა ჰეიდარ ალიევი დაიყოლია, რომ „პატარა მილსადენი“ დაეტოვებინა. რასაკვირველია, ჰეიდარმა მეგობარ ედუარდს არ აწყენინა. ახლა კი გამორიცხული არაა, რომ ბაქო-სუფსას ნავთობსადენის მიმართ ცვლილებები მომწიფდა.
თავი რომ დავანებოთ მილსადენს, უიმისოდაც მაიკ პენსის ვიზიტს საქართველოში ისტორიულად აფასებენ - რეალიები ისეთია, რომ თბილისში ყოველი ამერიკელი ჩინოვნიკის ვიზიტი უმნიშვნელოვანეს მოვლენად აღიქმება. მით უმეტეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, თანაც მოსკოვთან მაქსიმალურად ხისტი ურთიერთობის მომხრე მაიკ პენსის ვიზიტი!
„ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილეთა შორის ყურადღებას იქცევს სომხეთი, რომელიც რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა და აზერბაიჯანის არყოფნა. ბაქოელმა ანალიტიკოსმა უზეირ ჯაფაროვმა ვარაუდი გამოთქვა, რომ სწორედ სომხეთის მონაწილეობის გამო თქვა უარი აზერბაიჯანმა, თუმცა მისმა ამერიკელმა კოლეგამ ჯოშუა კუჩერამ ეს ვარაუდი ეჭვქვეშ დააყენა: ჯოშუა კუჩერა წერს, რომ აზერბაიჯანმა თვითონ გადაწყვიტა ღავი შეეკავებინა წრთვნებში მონაწილეობისაგან და სომხეთი ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის. იყო ადრეც სწავლებები, რომლებშიც სომხეთი და აზერბაიჯანი ერთად მონაწილეობდნენ, მაგალითად, Saber Guardian-ში. რაც შეეხება ერევნის კონტაქტებს ნატოსთან, რასაც მოსკოვი ტრადიციულად სიფრთხილით ეკიდება, ამის თაობაზე სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვიგენ სარქისიანმა განაცხადა, რომ ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია გულწრფელობა გამოამჟღავნო, ვიდრე ვინმეს ეშმაკობაში აჯობო: „სომხეთი ღიად თამაშობს. ჩვენ ნატოს რიგ პროგრამებში ვმონაწილეობთ. გავიხსენოთ, რომ ალიანსის პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა იყო ჩართული, რუსეთის ჩათვლით. დღეს სომხეთს საინტერესო კონტაქტები აქვს ნატოსთან სხვადასხვა სფეროში - სამხედრო განათლებაში, სამხედრო მედიცინაში, მშვიდობის დაცვაში... ამ საკითხებში ჩვენ არანაირი საიდუმლოება არ გვაქვს““, - აღნიშნა ვიგენ სარქისიანმა და ამით განმარტა, თუ რატომ არ დაზარალდება ერევან-მოსკოვის ურთიერთობა სომხეთის „ღირსეულ პარტნიორობა - 2017“-ში მონაწილეობით.
სხვათა შორის, რუსეთის რეაქცია, ზოგიერთი საინფორმაციო რესურსის მონაცემებით, აფხაზეთში სამხედრო ტექნიკისა და ჯარების კონცენტრაციაში გამოიხატება: ამბობენ, რომ ნაწილობრივ აღიარებულ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უახლესი რუსული ჯავშანტექნიკა გამოჩნდა, საქართველოს კიდევ ერთ ექს-ავტონომიაში - სამხრეთ ოსეთში კი რუს სამხედრო მოსამსახურეების აქტიური ლოკალური მანევრები მიმდინარეობს.
http://www.ng.ru/cis/2017-07-31/5_7040_georgia.html
