«Radio Voice of America» (აშშ): მიხეილ სააკაშვილი დღეს არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ არის
«Radio Voice of America» (აშშ): მიხეილ სააკაშვილი დღეს არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ არის
11:12 28.07.2017
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა პერტო პოროშენკომ ოთხშაბათს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ვარდების რევოლუციის ლიდერიმ დღესდღეობით, არც-ერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ არის.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე 2015 წლის მაისში გახდა, როცა ის პეტრო პოროშენკომ ოდესის გუბერნატორად დანიშნა. იმავე წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა, რაც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ავტომატური პროცესია იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მოქალაქე სხვა ქვეყნის პასპორტს იღებს.

პეტრო პოროშენკოს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, უკრაინის მიგრაციის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდის თანახმად, პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის შეჩერების საქმე გაეგზავნა, რომელსაც თან ერთვოდა საქართველოდან მანამდე უცნობი დოკუმენტაცია. მიგრაციის სამსახურმა იმავე განცხადებაში კანონები ჩამოთვალა, რომლებიც ადამიანისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას არეგულირებს. მათ შორის ერთ-ერთის მოქალაქეობის განცხადებაში მცდარი ინფორმაციის შეტანა.

მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათ საღამოს, ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე და იუტუბში ვიდეო განცხადება გამოაქვეყნა. „მე უბრალო უკრაინელი ვარ,“ ასე დაიწყო საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განცხადება. „დღეს მე ისეთივე მეთოდებით მიდგებიან, როგორც უკრაინის პროკურორები ან ბიუროკრატები რიგით უკრაინელებს უდგებიან, რომელთა უფლებასაც აფურთხებენ“. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პეტრო პოროშენკომ მას მოქალაქეობა მაშინ ჩამოართვა, როცა ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა. მან ასევე თქვა, რომ უკრაინაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს და დასძინა, რომ „არის მცდელობა ლტოლვილობა მაიძულონ. ეს არ მოხდება. მე სხვაგან არ დავრჩები და სტატუსს არ შევიცვლი“.

გუშინვე ანტონ გერაშენკომ, რომელიც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველია, ასევე ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის განცხადებაში არსად იყო მითითებული ის, რომ მის წინააღმდეგ საქართველოს სასამართლოს დაპატიმრების სანქცია ჰქონდა გაცემული.

საქართველომ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, წარსულში ორჯერ სთხოვა. ეს თემა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს 18 ივლისს თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროსაც წამოიჭრა.

თავდაპირველად პეტრო პოროშენკომ თქვა, რომ ექსტრადიციის მოთხოვნაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. რამდენიმე საათში კი განმარტა, რომ უკრაინის პროკურატურამ ექსტრადიციაზე უარი საქართველოს მხრიდან წარდგენილი დოკუმენტაციის ნაკლებობის გამო თქვა. პეტრო პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის თემა ქართველ ოფიციალურ პირებთან განხილული არ ყოფილა. მან ასევე დასძინა, რომ ექსტრადიცია „წმინდად ლეგალური საკითხია“ და თუ მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური საქმიანობა დადასტურდა, უკრაინა „შესაბამისად მოიქცევა“.

ბეჭდვა