"dsnews"(უკრაინა): სააკაშვილისთვის აშშ-ში უფრო კარგია, ვიდრე უკრაინაში მუდმივ კლოუნად ყოფნა; პოროშენკოს გადაწყვეტილების სავარაუდო სცენარი
"dsnews"(უკრაინა): სააკაშვილისთვის აშშ-ში უფრო კარგია, ვიდრე უკრაინაში მუდმივ კლოუნად ყოფნა; პოროშენკოს გადაწყვეტილების სავარაუდო სცენარი
11:33 27.07.2017
უკრაინულ გამოცემა «Деловая столица»-ს მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში განხილულია საქართველოს ექს-პრეზიდენტის და უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის გარემოებები და მიზეზები - როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

ინფორმაციამ მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ „ქარიშხალი ჭიქა წყალში“ გამოიწვია. თუმცა არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება ბევრს აწყობს. და სხვათა შორის, თვითონ მიხეილ სააკაშვილსაც.

ექსპერტები დიდი ხანია მიუთითებდნენ, რომ თბილის-კიევს შორის ურთიერთობის „აცივება“ გამოიწვია არა იმდენად საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის ოპონენტების მოსვლამ, რამდენადაც იმ ფაქტმა, რომ ქვეყნიდან გაქცეულმა ექს-პრეზიდენტმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და შემდეგ ოდესის ოლქის ხელმძღვანელად დაინიშნა. სამშობლოში მიხეილ სააკაშვილს ბევრ დანაშაულში ამხელენ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რამდენჯერმე გაგზავნა მიმართვა კიევში ექს-პრეზიდენტის ექსტრადიციის თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ - უკრაინის ხელისუფლება უარს აცხადებდა.

საქმის „მკვდარი წერტილიდან“ დაძვრა პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს დაემთხვა. ამასთან დაკავშირებით მთელი კონსპიროლოგიური სცენარები შეითხზა - უკრაინის პრეზიდენტი სპეციალურად ჩავიდაო აჭარაში, რათა იქ მყოფ ბიძინა ივანიშვილთან (ყველაზე გავლენიან ადამიანთან) მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი განეხილა“, - ნათქვამია სტატიაში, რომელშიც ვრცლადაა განხილული საქართველოს პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდებები (სისხლის სამართლის კოდექსისი მიხედვით).

„მიხეილ სააკაშვილის კაზუსის“ გადაწყვეტა - ეს მრავალსვლიანი მოქმედებაა არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის მხრიდან, არამედ აშშ-ის მონაწილეობითაც. ფაქტია, რომ კიევის უარები თბილისის თხოვნებზე ხელს უშლიდა ორი სახელმწიფოს ურთიერთობას - იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან შავი ზღვის რეგიონში. ამიტომაც, არ არის გამორიცხული, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ მოიძებნა ისეთი კომპრომისული ვარიანტი, რომელიც ყველას აწყობს: უკრაინა ექს-პრეზიდენტს მოქალაქეობას ართმევს (თანაც მატყუარა კაცის დაღით) და ასეთი მოქმედებით წყვეტს საქართველოში მისი ექსტრადირების საკითხს. მიხეილ სააკაშვილი წინასწარ აშშ-ში მიემგზავრება და იქ რჩება. საქართველოს ხელისუფლება „კმაყოფილია“ და ყველაფერს ივიწყებს: აბა, თბილისი ხომ არ დაიწყებს ვაშინგტონში მიმართვების გზავნას, გადმომეცი გაქცეული ექს-პრეზიდენტიო...

რაც შეეხება თვითონ მიხეილ სააკაშვილს, მასაც აწყობს მოვლენათა ასეთი განვითარება. უკრაინაში მისი საქმეები წინ რატომღაც ვერ მიდიოდა: ოდესის გუბერნატორობიდან წავიდა (თუ მოხსნეს, ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა); მისი პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ („რუხ ნოვიხ სილ“) სოციალური ქსელების დონიდან ვერ გამოვიდა; ტელეპროგრამას, რომელიც მას მიჰყავდა, დაფინანსება აღარ აქვს, თანამზრახველთა გუნდს კი „ჩამოგდებული მფრინავების“ და „ჩაძირული გემების სასაფლაოს“ უწოდებენ. ახლა კი იჯდება მშვიდად აშშ-ში, დაუბრუნდება ლექციების კითხვას „რეფორმების“ შესახებ, ზოგჯერ უკრაინის ხელისუფლებას გააკრიტიკებს, მაგრამ მისთვის ასეთი მდგომარეობა უფრო კარგია, ვიდრე უკრაინაში მუდმივ კლოუნად ყოფნა.

არ ღირს მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველებზე დარდიც. თუ დავით საყვარელიძემ და გიზო უგლავამაც თავიანთ საქმეში რაიმე მოიტყუეს, მათაც პატრონის ბედი ელოდებათ. შეიძლება ამ წუთში არა, მაგრამ მოგვიანებით, შესაბამისი შემოწმების შემდეგ. რაც შეეხება იმათ, ვინ უკვე მოასწრო და „ახალი ძალების მოძრაობას“ მიეწება, ან სურვილი ჰქონდათ, მათ შამპანური უნდა გახსნან იმის აღსანიშნავად, რომ ასეთი გუდურასაგან განთავისუფლდნენ. შეიძლება მათ დაიწყონ ყვირილი, რომ „მიხეილ სააკაშვილი რეჟიმის მსხვერპლიაო“ (დავით საყვარელიძეს, როგორც ჩანს, აქვს ამისაკენ მიდრეკილება), მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა იმ საყვარელიძეებისათვის, ნალივაიჩენკოების, გრიშენკოების, დერევიანკოების, სადოვოებისა და სხვებისათვის უფრო სასარგებლო და მომგებიანია წინ მიხეილ სააკაშვილის გარეშე იარონ (თუ შეუძლიათ). თავს უფრო თავისუფლად იგრძნობენ.

და ბოლოს, უსაფუძვლო ხმების შესახებ, რომელთა თანახმად, თითქოსდა საქართველოს ხელისუფლება უკრაინას ლეონიდ ჩერვონეცკის გადასცემსო. არაფერი ამის მსგავსი არ მოხდება. საქართველო მას დროებით სადღაც წასვლას შესთავაზებს, მაგალითად, ისრაელში, რომელიც ექს-მერს უკრაინას არ გადასცემს. კიევსა და თბილისს „მიხეილ სააკაშვილის კაზუსის“ შემდეგ „ლეონიდ ჩერვონეცკის კაზუსი“ აღარ დაჭირდებათ.




http://www.dsnews.ua/politics/grazhdanin-saakashvili-pochemu-o-nem-cherez-tri-nedeli-uzhe-26072017182400

ბეჭდვა