«BuzzFeedMews» (აშშ): უტიფარი და თავხედი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მართვის აგრესიული სტილით გამოირჩეოდა, ისევ ნიუ-იორკშია
«BuzzFeedMews» (აშშ): უტიფარი და თავხედი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მართვის აგრესიული სტილით გამოირჩეოდა, ისევ ნიუ-იორკშია
10:46 27.07.2017
აი, რა შეიძლება დაგემართოს, როცა რუსეთთან ომს წააგებ, როცა საკუთარ სამშობლოში არაპოპულარული კაცი ხდები, გარბიხარ უკრაინაში, საქართველოს მოქალაქეობას კარგავ, იქაურ მოქალაქეობას იღებ, შემდეგ იმასაც გართმევენ და ბოლოს აშშ-ში მოფრინავ-ასე იწყებს ამერიკელი რეპორტიორი ჯონ ჰადსონი ამერიკულ გამოცემა «BuzzFeedMews»-ში გამოქვეყნებულ სტატიას.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით, მოქალაქეობა ჩამოერთვა - თბილისიდან მიწოდებული ახალი დოკუმენტების საფუძველზე.

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი მოკავშირე-მეგობარი და ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის საყვარელი კაცი ფართოდ ცნობილი გახდა საქართველოში განხორციელებული ანტიკორუფციული ბრძოლით, პოლიციის წმენდით მისი მმართველობის პერიოდში - 2004-2012 წლებში. 2015 წელს პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა იმ იმედით, რომ იგი შავი ზღვის ამ ნავსადგურში კორუფციას აღმოფხვრიდა.

ამ ორი პოლიტიკოსის „მეგობრობა“, რომელთა ქვეყნებს რუსეთი თავს დაესხა, დიდხანს არ გაგრძელებულა. მიხეილ სააკაშვილი, უტიფარი და თავხედი პოლიტიკოსი, რომელიც მართვის აგრესიული სტილით გამოირჩეოდა, გასულ წელს გუბერნატორი პოსტიდან გადადგა და პოლიტიკური პარტიის შექმნა დაიწყო, თან პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ მიმართული კრიტიკული განცხადებების კეთება დაიწყო - შენი ბრალია, რომ უკრაინაში კორუფცია ჰყვავის და მკაცრ ზომებს არ იღებო.

მიხეილ სააკაშვილის პრეს-სპიკერმა ზოია რეინერსმა განაცხადა, რომ მან არაფერი იცის თავისი შეფის სამომავლო გეგმებისა და დეტალების შესახებ. კიდევ ერთმა მიხეილ სააკაშვილის ახლობელმა პიროვნებამ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, ექს-პრეზიდენტი აშშ-ში დარჩება თუ არა, ან სხვაგან თუ გაემგზავრება. „არაფერი არ ვიცი“, თქვა მან. აქვე ვიტყვით, რომ მიხეილ სააკაშვილის ცოლი სანდრა რულოვსი ჰოლანდიელია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე წლის წინ ნიუ-იორკში, ბრუკლინში, უილიამსბერგის მყუდრო კვარტალში ცხოვრობდა. უცნობია, იგი ისევ იქ დაბრუნდება თუ სხვაგან აირჩევს საცხოვრებელ ადგილს. ყოველ შემთხვევაში, კუინზი გამორიცხულია: „ქუინსი მთლიანობაში ნიუ-იორკის ანარეკლია“, - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ნიუ-იორკ თაიმსს“ 2014 წელს.


https://www.buzzfeed.com/johnhudson/stateless-ex-georgian-president-is-headed-to-new-york-city?utm_term=.tsQPJQbyLv#.hppREWZM05

ბეჭდვა