ისრაელის გამოცემა «The Jerusalem Post», საქართველოს პრემიერის ისრაელში ვიზიტს ჟურნალისტ გრი ფეი-ქაშმენის
სტატიით ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
„ისრაელი არ ებრძვის არც ისლამს და არც ქრისტიანობას, თუმცა არიან მუსულმანი ფუნდამენტალისტები, რომლებიც პროვოკაციებს ქმნიან“, - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას.
„ერთადერთი „ომი“ - ეს ჩვენ შორის, ებრაელებს შორისაა“, - თქვა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს „ომი“ იუდაიზმის სხვადასხვა მიმართულებებისადმი რწმენაში გამოიხატება: „ჩვენ არ ვსაუბრობთ სხვადასხვა ღმერთებზე. არის მხოლოდ ერთი ღმერთი და მას ჩვენ ყველა თავისებურად ვეთაყვანებით“. რუვენ რივლინმა ამ განცხადებაში [იერუსალიმის] ტაძრის მთის პრობლემაც იგულისხმა, რომლის ირგვლივ დავა მიმდინარეობს. პრეზიდენტმა მიანიშნა მსოფლიოს გასაგონად, რომ ისრაელი ისლამურ რელიგიას არ ებრძვის.
შემდეგ რუვენ რივლინმა ყურადღება გაამახვილა „ისლამურ სახელმწიფოზე“ - საშიშ და მზაკვრულ მოვლენაზე, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით ახალგაზრდებზე [და უფროსებზეც] გავლენას ახდენს და მათ „ურჯულოების“ ანუ არამუსულმანების მოკვლისაკენ უბიძგებს. თუმცა პრეზიდენტმა იქვე შენიშნა, რომ ერთმანეთს თვითონ მუსულმანებიც ხოცავენ - შიიტები და სუნიტები.
თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ საქართველოში არის მუსულმანებით დასახლებული რამდენიმე რეგიონი, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ გარკვეული გავლენა შეინიშნება: „ჩვენ გვესმის თქვენი პრობლემები და ვიმედოვნებთ, მათ წარმატებით მოაგვარებთ“.
ისრაელის ყურადღების ცენტრშია აგრეთვე ირანიც, რომელიც ისლამისტ-ტერორისტების დაფინანსებასთან ერთად, ხმელთაშუა ზღვისაკენ „დერეფნის“ შექმნას ცდილობს, - თქვა რუვენ რივლინმა.
გიორგი კვირიკაშვილმა თანაგრძნობა და სამძიმარი გამოხატა გასულ კვირას ისრაელის დასახლება ჰალამისში მომხდარ ტერორისტული აქტის მსხვერპლთა მიმართ და განაცხადა: „„უდანაშაულო ადამიანების, ოჯახის წევრების მკვლელობა აღმაშფოთებელია. როცა ასეთი ძალადობის მოწმენი ვხდებით, ჩვენ ყოველთვის მხარს ისრაელს ვუჭერთ“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი რთულ სიტუაციებში, ძნელბედობის ჟამს, მტკიცე ნებას ამჟღავნებს ხოლმე და აღნიშნა, რომ მსგავს სირთულეებს საქართველოც აწყდება. „ძალიან რთულია, როცა საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს პრობლემებს აცნობ და იმავდროულად, ასეთი პრობლემების ფონზე, ინვესტორს არწმუნებ, რომ საქართველოში კაპიტალის დაბანდებას არანაირი საფრთხე არ ემუქრებაო“, - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა და დაამატა, რომ საქართველომ კარგი ბალანსი დაამყარა ამ ორ ფაქტორს შორის.
საქართველო ამჟამად ისრაელიდან წელიწადში 150 ათასამდე ტურისტს იღებს და ეს რაოდენობა განუხრელად მატულობს. პრემიერ-მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა ის ფაქტი, რომ ებრაელი ბიზნესმენები, მათ შორის ისრაელიდანაც, საქართველოს დადებითად განიხილავენ და იმედი გამოხატა, რომ ამას ინვესტიციების ზრდა მოჰყვება.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა მოუხადა მასპინძელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. პრემიერმა ილაპარაკა რუსეთთან არსებული პრობლემაზე და თქვა, რომ მოსკოვი ცდილობს ჩაახშოს საქართველოს ხმა საერთაშორისო თანამეგობრობაში და რომ ამერიკის შეერთებული შტატები - საქართველოს ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი - ცდილობს დახმარებას ამ საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტის მიზნით.
რუვენ რივლინმა, რომელიც საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე წლის იანვარში იმყოფებოდა, გიორგი კვირიკაშვილს უთხრა, რომ მას ძალიან მოეწონა თბილისი, რომელიც იერუსალიმივით ლამაზია. სწორედ თბილისში შეხვდა იგი პირველად გიორგი კვირიკაშვილს და, შესაბამისად, იერუსალიმის მოლაპარაკებაც თბილისური შეხვედრის გაგრძელებაა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ისრაელში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავის ჩარჩოებში ხორციელდება. ამასთან, რუვენ რივლინმა აღნიშნა, რომ ებრაელ და ქართველ ხალხებს ერთმანეთთან ურთიერთობის 2600-წლიანი ისტორია აკავშირებთ, ამიტომაც აუცილებელი არაა 25 წლიანი იუბილეს აღნიშვნა. ორი სახელმწიფოს თანამშრომლობა ბევრ სფეროში ძალიან მჭიდროა, თუმცა, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს. მას იმედი აქვს, რომ მომავალი სამთავრობოთაშორისო შეხვედრები ამის საწინდარი იქნება.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა ქართველი პრემიერ-მინისტრი ქუჩაში, ავტომანქანამდე მიაცილა და დაემშვიდობა (ისევე როგორც გასულ თვეში ინდოეთის პრემიერ-მინისტრს). ასეთი მოქმედება საკმაოდ უჩვეულოა, რადგან პროტოკოლის მიხედვით, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრზე მაღლა დგას. თუმცა, როგორც ისრაელის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ნაომი ტოლედანომ განმარტა, რუვენ რივლინი პრემიერ-მინისტრებს ისევე ხვდება და აცილებს, როგორც ისინი ღებულობენ მას თავიანთ ქვეყნებშიო.
http://www.jpost.com/Israel-News/Politics-And-Diplomacy/Rivlin-to-Georgian-PM-Israel-has-no-war-with-Islam-or-Christianity-500713
