„2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩვენ ვფიქრობდით, რომ მოსახდენი მოხდა, კვანძი უკვე გაიხსნა
და სულ მალე საქართველო და რუსეთი მოისურვებენ ერთმანეთთან ურთიერთობის დარეგულირებას. მაგრამ, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ერთმნიშვნელოვანი განცხადებების მიუხედავად, რომ „ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან არანაირი ურთიერთობა არ გვინდაო“, ირკვევა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო კრემლისთვის ყველაზე მოსახერხებელი პარტნიორი, რადგან მას არ ჰქონდა „საფუძველი“ მოეთხოვა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნება რეალურ პოლიტიკურ დიალოგში. უფრო ტოლერანტ პოლიტიკოსს კი შეეძლო რუსეთი არასახარბიელო სიტუაციაში ჩაეყენებინა“-ამის შესახებ სომხურ გამოცემა «Lragir»-ის მიერ ანალიტიკოს იგორ მურადიანის ავტორობით გამოქვეყნებულ მასალაშია ნათქვამი.
სტატიის რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთმა კავკასიაში საკუთარი თავისთვის „საიმედო“ გეოპოლიტიკური ჩიხი და იმავდროულად, აშშ-სათვისაც კომფორტული პირობები შექმნა. საქართველო ვაშინგტონისთვის სატრანზიტო დერეფნად გადაიქცა და ეს ამერიკელებს და რუსებს სრულიად აწყობთ. საქართველო გაყოფილია აშშ-სა და რუსეთის მიერ, თუმცა, თუ გავაანალიზებთ, მოსკოვის უპირატესობა ამ გაყოფაში საეჭვოა. რუსეთმა ვერანაირი სტრატეგიული მოგება ვერ მიიღო და ხვდება, რომ საქართველოში უფრო ღრმად ჩანერგვაა აუცილებელი, „სატრანზიტო დერეფანზე“ პრეტენზიებით.
აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, სადაც ნატოში გაწევრიანების საკითხი აქტუალური არ არის, საქართველოსთან მიმართებით რუსეთი ცდილობს გარანტიები მიიღოს, რომ ეს ქვეყანა ნატოში არ გაწევრიანდება..
საეჭვოა, რომ მოსკოვში წარმოდგენა ჰქონდეთ იმაზე, რა მოხდება იმის შემდეგ, თუ სამხრეთ ოსეთზე „დერეფანი“ მართლაც გაიხსნება და რას გააკეთებს საქართველო მომავალში. აფხაზეთს შედარებით უფრო სხვა ბედი აქვს. სოხუმთან მიმართებით საქართველოს არავითარი იმედი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ამ რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველი (მეგრელი) მოსახლეობის ინტერესები დაიცვას.
საქართველოსთვის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დაკარგვა ეროვნული კატასტროფის ტოლფასია. სავარაუდოდ, თბილისმა მის შესანარჩუნებლად შეიძლება თავის პრინციპებს გადახედოს. რუსეთი ბოლო დროს მართლაც შესამჩნევად გააქტიურდა და, მართალია, მთლად რეალური იმედები არ აქვს, მაგრამ მაინც ბევრს შეიძლება მიაღწიოს, თუ დაიწყებს არა იმდენად ეკონომიკურ, არამედ გეოპოლიტიკური მიზნების შესრულებას.
http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/57088