"echo.az" (აზერბაიჯანი): ქართული მარში და "მეცენატ" ვარდგეს არწრუნის რეაქცია
"echo.az" (აზერბაიჯანი): ქართული მარში და "მეცენატ" ვარდგეს არწრუნის რეაქცია
11:21 20.07.2017
ევროპის ულტრამემარჯვენე მოძრაობის „აღმაფრენამ“, როგორც ჩანს, საქართველომდეც მოაღწია, სადაც რამდენიმე დღის წინათ ათეულ ათასობით ადამიანმა თბილისის ცენტრში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მარშით გაიარა: ისინი საქართველოში მყოფი უცხოელი მოქალაქეების უკანონო მოქმედებას აპროტესტებდნენ ლოზუნგით „დაიცავი საქართველო“, - აღნიშნულია აზერბაიჯანულ გამოცემა «Эхо»-ს მიერ ტოფიგა ჯასიმოვას (ნურანი) ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

ფორმალურად აქციის მონაწილეები არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ: მათ ადგილიც სპეციალურად შეარჩიეს: მარშის მონაწილეებმა შეძახილებით „გაუმარჯოს საქართველოს!“ აღმაშენებლის გამზირზე გაიარეს, თამარ მეფის ხიდიდან მარჯანიშვილის მოედნამდე. დავით აღმაშენებლის გამზირის ეს ნაწილი ცნობილია როგორც თურქული და არაბული მაღაზია-კაფეების თავმოყრის ადგილად. აქციის ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ მოთხოვნები წამოაყენა: მიგრაციის შესახებ კანონის რაც შეიძლება მალე მიღება, მოქალაქეობისა მინიჭებისა და ბინადრობის უფლების გამკაცრება, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა არალეგალი კრიმინალის დაუყონებლივი დეპორტაცია... მან ასევე მოითხოვა ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსების შეწყვეტა. აქციის დროს გაიხსენეს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები, რომლებითაც საქართველო დღეს თუ არა, ხვალ მაინც გაივსება.

როგორც ქართველმა ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ აღნიშნა „ეხო კავკაზას“ ეთერში („ეხო კავკაზა“ აშშ-ის რადიოსადგურ „სვობოდას“ პროექტი გახლავთ), „ის ადამიანები, რომლებიც ასეთ აქციებში მონაწილეობენ, უბრალო მოქალაქეები არიან. მათი პროტესტი საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკითაა განპირობებული. ძირითადი შემოსავლები ქვეყნის ბიუჯეტში ტურიზმის მეშვეობით შედის. საქართველოში უამრავი მოგზაური ჩამოდის, გახსნილია ათობით საროსკიპო და კაზინო თბილისსა და ბათუმში, სადაც ადამიანები თავიანთ ქონებას კარგავენ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო დიდ ბორდელად გადაიქცა. ეს არის ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“.

გასაგებია გიორგი მაისურაძის პოზიცია, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, სიტუაციის ამგვარად ახსნა დამარწმუნებელი არ არის. რატომ? იმიტომ, რომ „ქართული მარშის“ უკან „ქართული ყურები“ კი არა, სულ სხვა ყურები ჩანს... საქართველო იტალია არაა, არც გერმანია და საფრანგეთი, რომ მიგრაციის პრობლემა ძალიან მწვავედ იდგეს. სხვა საქმეა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის ღრმა თანამშრომლობა ვიღაც-ვიღაცეებს არ მოსწონთ... თანაც არა იმდენად საქართველოში, რამდენადაც მის ფარგლებს გარეთ. ბუნებრივია, იოლია აქციის მონაწილეების „დავერბოვკება“-გადაბირება ნაციონალისტური ლოზუნგებით - როგორც ამბობენ ხოლმე, „ყველაფერი ტექნიკის საქმეა“. გულწრფელად რომ ვთქვათ, მხოლოდ ის, რომ სანდრო ბრეგაძემ „ნაციონალების“ და უცხოური ფულით დაფინანსებული „ენჯეოების“ აკრძალვა მოითხოვა, უკვე გვაფიქრებინებს იმას, რომ აქ „რუსული კვალი“ შეიმჩნევა, მით უმეტეს, რომ მოსკოვში ძალიან არ მოსწონთ აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის მიერ რეალიზებული პროექტები. მთავარი ისაა, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ თავისი „კავკასიური ფორპოსტის“ ხელით მოქმედებს, სომხეთის სახით.
ყოველ შემთხვევაში, „ქართული მარშის“ შემდეგ სომხურ მედიაში („გოლოს არმენიი“) გამოქვეყნდა სტატია პრეტენზიული სახელწოდებით „დებლოკადა“, რომელშიც ე.წ. „მეცენატი“, „საზოგადო მოღვაწე“ და „რუსეთის დამსახურებული მშენებელი“ ვარდგეს არწრუნი პირდაპირ აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის ამუშავებით საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებით გაივსება, დაიწყება ტერორისტული აქტები და ა.შ. „მეცენატი“ „რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით“ ჯავახკელი სომხების შეირაღების წინადადებასაც კი აყენებს. იგი მიიჩნევს, რომ რკინიგზის ამუშავების შემდეგ ერთ-ერთ ეშელონს თურქები ან აზერბაიჯანელები ააფეთქებენ, დააბრალებენ ჯავახკელ სომხებს, გამოაცხადებენ მათ ტერორისტებად და ამ საბაბით ყველა სომეხს გაასახლებენ. რკინიგზის გასწვრივ კი თურქებს და აზერბაიჯანელებს დაასახლებენ“.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად აქტიურდება საქართველოში მოქმედი სომხური თემი, რომელიც, ქართული მედიის თანახმად, გაჰყვირის, რომ ბათუმში სომხების რაოდენობა ორჯერ შემცირდაო და ყველა უბედურება მაშინ დაიწყო, როცა რეგიონიდან რუსული ბაზა გავიდაო...

სომხეთში კარგად ესმით, თუ რით დამთავრდება საქართველოს სომხური თემის აქტიურობა და ამიტომაც წინასწარ „სიფრთხილის ზომებს“ იღებენ: წერენ, რომ თბილისთან ურთიერთობის გაუარესება ერევნისათვის თვითმკვლელობის ტოლფასია. მაგრამ რა ქნას „ფორპოსტმა“, თუ მოსკოვი უბრძანებს? მას ხომ „არას“ თქმა თეორიულადაც კი არ შეუძლია.



http://ru.echo.az/?p=61036


ბეჭდვა