«Radio Voice of America» (აშშ): სააკაშვილის ექტრადირების პრობლემა
«Radio Voice of America» (აშშ): სააკაშვილის ექტრადირების პრობლემა
12:58 19.07.2017
თბილისი და კიევი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25-ე წლისთავზე, პარტნიორობის ახალი ეტაპის, „ცარიელი ფურცლიდან“ დაწყებას ცდილობენ. სწორედ ეს მესიჯი გასდევს ლაიტმოტივად უკრაინის პრეზიდენტის ჩამოსვლას საქართველოში.

პეტრო პოროშენკო, რომელიც 2014 წლის ზაფხულიდან მართავს უკრაინას, პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება „მეგობარ ქვეყანაში“. მისი წინამორბედი ვიქტორ იანუკოვიჩი (2010-2014) საქართველოში საერთოდ არ ყოფილა, ხოლო უკრაინის მესამე პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო (2005-2010) ჩვენს ქვეყანას ექვსჯერ ესტუმრა. მათ შორის, ბოლოს 2008 წლის ივლისში.

პეტრო პოროშენკომ თბილისში ვიზიტს „ისტორიული“ უწოდა, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს „ახლო მეგობარი“, საქართველოს კი - „სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც უკრაინა ძალიან ენდობა“. მან აღნიშნა, რომ საქართველოში „თავს როგორც საკუთარ სახლში, ისე გრძნობს“ და ქედი მოიხარა იმ ქართველი ჯარისკაცების წინაშე, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის სიცოცხლე გასწირეს. უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ მისი მეუღლის, პირველი ლედის მარინა პოროშენკო-პერევედენცევას დიდი ბაბუა და ბებია, 1933 წელს, „გოლოდომორის“ და 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, თბილისში „ქართველებმა შეიფარეს და გადაარჩინეს“.

ორმხრივი მოლაპარაკების მთავარი თემატიკა: რეგიონის უსაფრთხოება, რუსული ოკუპაცია, ეკონომიკა და ტურიზმია. სწორედ ამ მიზნით, ვიზიტის პროგრამით ბათუმსა და მესტიაშიც ჩასვლაა დაგეგმილი.

თბილისი მზადყოფნას გამოთქვამს რომ „ორმხრივი ურთიერთობა უკრაინასთან კიდევ უფრო გააღრმაოს“. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა დღეს „სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენის შესახებ“ დეკლარაციაც გააფორმეს.

ექტრადირების პრობლემა

ვიზიტის პირველივე დღეს პეტრო პოროშენკომ ყველაფერი გააკეთა, რომ ორ ქვეყანას შორის, ბოლო წლებში გაჩენილი ერთგვარი „სიცარიელე“ და „უნდობლობა“ ერთი ხელის მოსმით დაეძლია. უკრაინის პრეზიდენტი, ბუნებრივია, შეეხო ქართულ-უკრაინული უთანხმოების „მთავარ მიზეზსაც“ - მიხეილ სააკაშვილსა და მისი შესაძლო ექსტრადირების თემას: „ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ეფექტური ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე თხოვნა არ მიგვიღია. ამიტომ ჩვენ არ ვმსჯელობთ და არ განვიხილავთ ამ საკითხს. ეს საქართველოს მთავრობის საქმეა. მოთხოვნის მიღების შემდეგ ვნახოთ...“.

სინამდვილეში, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით, უკრაინის გენერალურ პროკურატურას ჯერ კიდევ 2015 წლის თებერვალსა და აპრილში მიმართა, თუმცა ორჯერვე უარი მიიღო. უკრაინის გენპროკურატურამ ეს უარი „საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის რისკისა“ და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების 1950 წლის კონვენციის მოთხოვნებით ახსნა.

ქართული მხარის პირველი მოთხოვნის დროს, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტიდან, „სტუდენტობის დროინდელ მეგობარ“ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის სტატუსი ჰქონდა და „რეფორმატორთა გუნდის“ შეკრება ევალებოდა. მეორე მიმართვის შემდეგ კი, 2015 წლის მაისში, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის გუბერნატორად დანიშნა.

ოდესაში 17 თვიანი საქმიანობის შემდეგ, უკრაინის ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ (РУХ НОВИХ СИЛ) ლიდერის რანგში, სააკაშვილი ამჟამად პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ყველაზე მწვავე ოპონენტთა რიგებშია. მიხეილ სააკაშვილის გადადგომიდან 9 თვის თავზე კი პოროშენკო პოროშენკო თბილისს სწორედ ოდესიდან ეწვია.

ექს-პრეზიდენტი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამ დრომდე მხოლოდ ქვეყნის შიგნით იძებნება. 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციების დარბევისთვის, სასამართლოს მისთვის წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მიხეილ სააკაშვილის გვარი სხვა სისხლის სამართლის საქმეებშიც ფიგურირებს. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, თბილისში აღიარეს რომ მისი ექსტრადირების შანსი სამართლებრივად უკვე გამოირიცხა. თუმცა თავად მიხეილ სააკაშვილი დღემდე შიშობს, რომ თბილისი და კიევი შეიძლება გარიგდნენ. ტელეკომპანია „რუსთავი2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში იგი კერძოდ ამბობს: „პეტრო პოროშენკოს აქვს ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკება. ეს ეჭვს არ იწვევს. ეს ყველაფერი არის მანევრები ჩემი მოქალაქეობის საკითხის გარშემო. რამდენჯერ შემომითვალეს მუქარა, ხალხიც გამომიგზავნეს და ბოლოს პირდაპირ მითხრეს, რომ თუ ახლა არ გაჩერდები, როგორც შემოგიშვით უკრაინაში, ისე გაგიშვებთო“.

საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს „მიხეილ სააკაშვილის თემა“ საერთოდ არ განიხილება.


ექსტრადირების თემასთან დაკავშირებით, საინტერესოა, უკრაინის მოქალაქის იგორ კირიუშინის შემთხვევა. კიევის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კირიუშინი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უკრაინის მოთხოვნით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 2017 წლის 25 მარტს დააკავა. უკრაინის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც 2 მილიარდი გრივნის (დაახლოებით 77 მილიონი დოლარის) მითვისება და უკრაინის ექს-პრეზიდენტ იანუკოვიჩის "კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა" ბრალდება, წინასაექსტრადაციო პატიმრობაშია და კიევი მის გადაცემას მოუთმენლად ელოდება.
------
P.S. პეტრო პოროშენკო დღის ბოლოს ისე მიუბრუნდა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ მის მიერვე გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა:

„ახლა გადავამოწმე ინფორმაცია. უკრაინამ გასცა ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია. სამწუხაროდ, არ ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ეს საკითხი პრეზიდენტის ჩარევის გარეშე განიხილება. ჩვენ არ შევხებივართ ექსტრადირების საკითხს ამ ვიზიტის დროს, მაგრამ თუ ეს მომავალში მოხდება, ეს იქნება ძალოვანი სტრუქტურების და გენერალური პროკურორის პრეროგატივა. დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ საქართველოსთან ნებისმიერი დანაშაულის გამოძიებაში. თუმცა, მე ამაში არ ვერევი. პერსონალურად არავინ განგვიხილავს, მათ შორის არც სააკაშვილი. ზოგადად სახელებს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, თუ დადასტურდება კრიმინალი, ცხადია, მოვიქცევით შესაბამისად“.


ბეჭდვა