„მოსკოვიდან 40 კმ-ის მოშორებით არსებულმა ჟუკოვსკის აეროპორტის რეგიონულმა სტატუსმა მორიგი სკანდალი
გამოიწვია: საქართველოს ავიაციის ხელმძღვანელობამ უარი განუცხადა რუსულ „ურალის ავიახაზებს“ ჟუკოვსკიდან თბილისში რეისების შესრულებაზე, რადგან ჩათვალა, რომ ეს აეროპორტი მოსკოვს მიეკუთვნება და თუ ნებარ დართავს, ამით სამთავრობოთაშორისო შეთანხმება დაირღვევაო“, - ნათქვამია რუსულ გამოცემა «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - ელიზავეტა კუზნეცოვა).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„საქართველოს ავიაკომპანიამ Georgian Airways-მა გასული კვირის ბოლოს, შაბათს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა მხარემ კვირაში ოთხი ავიარეისი გააუქმა თბილისი-მოსკოვის მიმართულებითო. მასში აღნიშნულია, რომ რუსეთმა საქართველოს ჯერ ყაზანის მიმართულებაზე უთხრა უარი, შემდეგ „მოულოდნელად შეატყობინა“ გადაწყვეტილება მოსკოვის რეისებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, საქართველო-რუსეთს შორის დადებული შეთანხმებით, ორივე მხარის ავიაკომპანიებს ერთნაირი რაოდენობის ავიარეისების შესრულება შეუძლიათ (დღეში სამჯერ ორივე მხარის მიერ), მაგრამ „გადაწყვეტილებამ ქართული მხარე უთანასწორო მდგომარეობაში ჩააყენაო“, - ასე თვლის Georgian Airways, რადგან ამ რეისებზე ბილეთები უკვე გაყიდული იყო.
საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 2006 წელს გაუქმდა, შემდეგ მცირე ხნით 2008 წლის აგვისტომდე განახლდა, თუმცა სამხრეთ ოსეთის ომის გამო ისევ შეწყდა. 2010 წელს ერთი მხრივ, რუსულმა ავიაკომპანიებმა „ციმბირმა“-მა („სიბირ-7“) და „ურალის ავიახაზებმა“ („ურალსკიე ავიალინიი“), მეორე მხრივ - ქართულმა „ჯორჯიან ეირუეიზ“-მა ჯერ ჩარტერული რეისების შესრულება დაიწყეს, შემდეგ კი, 2014 წლის დასასრულს, მოლაპარაკება გამართეს რეგულარული მიმოსვლის თაობაზე. მაგრამ იმ ხანებში თბილისმა „ღია ცის“ რეჟიმი შემოიღო, რამაც დისპროპორცია გამოიწვია: ქართული მხრიდან მხოლოდ ერთი ავიაკომპანია - Georgian Airways-ი დაფრინავდა, რუსეთიდან კი მინიმუმ სამი. ამჟამად, მოლაპარაკების თანახმად, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში თბილის-მოსკოვს შორის ნებადართულია კვირაში 18 რესის შესრულება თითოეული მხრიდან, ხოლო გაზაფხულ-საფხულში - 21-21 რეისი. სხვა ქალაქებში ფრენის სიხშირე შეზღუდული არ არის. რუსეთის მხრიდან რეგულარულ რეისებს ასრულებს „აეროფლოტი“ და მისი ლოუკოსტერი - ავიაკომპანია „პობედა“, „ურალსკიე ავიალინიი“, „სიბირ-7“, „ნორდავია“ და „ნორდსტარი“.
რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროში თავიანთი მოქმედება გაამართლეს და მას „სარკისებრი“ (არეკვლითი) პასუხი უწოდეს, რადგან საქართველო მაისის დასაწყისიდან არ თანხმდება „ურალის ავიაკომპანიის“ თვითმფრინავების ფრენებს „პოდმოსკოვიეს“ (მოსკოვის ოლქის) ჟუკოვსკის აეროპორტიდან. „კომერსანტსი“ წყაროს ცნობით, რომელმაც სიტუაცია კარგად იცის, საქმე შემდეგში მდგომარეობს: ეს ფრენები თავიდანვე შეთანხმებული იყო ავიაორგანოებს შორის მიმოწერით, „მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვეტილება ჟუკოვსკის აეროპორტის სტატუსის გამო იქნა მიღებული“.
მკითხველს შევახსენებთ, რომ რუსეთი ჟუკოვსკის აეროპორტს (40 კმ. მოსკოვიდან) რეგიონულად მიიჩნევს, რის გამოც ის არ იზღუდება საერთაშორისო რეისების რაოდენობაში (შეზღუდვები, შეთანხმების მიხედვით, მოქმედებს ვნუკოვოს, შერემეტიევოს და დომოდედოვოს აეროპორტებზე). სხვათა შორის, „ურალის ავიახზებს“ მსგავსი უთანხმოება აქვს ტაჯიკეთის და ისრაელის ავიაკომპანიებთანაც.
Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი გივი დავითაშვილმა დაადასტურა, რომ უთანხმოება მართლაც ჟუკოვსკის აეროპორტის სტატუსის გამო არსებობს, რადგან ქართული მხარე მას რეგიონულად კი არა, მოსკოვის აეროპორტად თვლის. მით უმეტეს, რომ „ავიაკომპანიებს შორის ჟუკოვსკის აეროპორტზე მოლაპარაკება არ წარმოებულა“. გივი დავითაშვილმა აღნიშნა, რომ „ჟუკოვსკის გამო რუსეთმა ყაზანში ფრენების ნება არ დაგვრთო და ამრიგად, მოსკოვში რეისების შემცირებაზე მიღებული გადაწყვეტილება ან კონკურენციის საკითხია, ან რუსული პოლიტიკის შედეგი“. Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა ეკონომიკის სამინისტროს „ზომების დაუყონებლივი მიღება“ სთხოვა.
ავიაციის ანალიტიკური სააგენტო „ავიაპორტის“ ხელმძღვანელის ოლიგ პანტელეევის თქმით, ასეთი სიტუაცია, რომელიც ჟუკოვსკის აეროპორტის სტატუსის გამო შეიქმნა, შეიძლება კიდევ განმეორდეს, ამიტომ კომპრომისის ძიება აუცილებელია: ქართული მიმართულება დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია რუს ტურისტებში. საქართველოს აეროპორტებში იანვარ-მაისში ავიამგზავრების ნაკადი 47%-ით გაიზარდა, ხოლო ტურისტთა რაოდენობა - 25%-ით (980 ათასამდე).
https://www.kommersant.ru/doc/3359461
---------
ამ თემაზე იმსჯელეს აგრეთვე რუსეთის რადიოსადგურ „კომერსანტის“ ეთერშიც. კითხვაზე, თუ როგორ აისახება რეისების შემცირება საქართველოს ტურისტულ დარგის მდგომარეობაზე, რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ კანტოროვიჩი პასუხობს:
„ტურიზმის თვალსაზრისით, რასაკვირველია, უმჯობესია „ღია ცის“ რეჟიმი, ანუ რომელ ავიაკომპანიასაც სურს, იმან იფრინოს. რუსი ტურისტებისთვის, რომლებსაც საქართველოში წასვლა უნდათ, მთავარი პრობლემა ბილეთებია. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის გარემოებაც, რომ ამჟამად, რიგი მიზეზების გამო, საქართველოში უფრო მეტი რუსი ჩადის, ვიდრე ქართველი - რუსეთში. აშკარაა, რომ ტურისტები და მგზავრები სახელმწიფოთაშორისო შეხლა-შემოხლის მსხვერპლნი ხდებიან. საქართველოს ავიაუწყება თავისი კომპანიის ინტერესებს ლობირებს და კონკურენციის შეზღუდვას ცდილობს, მაგრამ მგზავრებისთვის უფრო უკეთესია ფართო კონკურენცია იყოს“.
თბილისს ავიარეისების შეზღუდვა მაინცდამაინც არ ანაღვლებს. აი, რას ამბობს დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტი გიორგი ჭუმბურიძე: „გულწრფელად გეტყვით, რომ ეს საკითხი რეალურად დღის წესრიგში არ დგას. თვითონ განსაჯეთ: საქართველოდან რუსეთში მგზავრთა ნაკადი ცოტაა, რუსეთიდან საქართველოში კი ბევრი. ქართველი რომ რუსეთში წავიდეს, ამისთვის ვიზაა საჭირო, რიგში დგომა, ლოდინი. ახლა ქართველები უფრო ევროპაში დადიან, იქ წასვლა შედარებით მარტივია“ (წყარო: https://www.kommersant.ru/doc/3359268).
არსებობს კიდევ ერთი აზრიც: როგორც Georgian Airways-ის გენდირექტორის მოადგილე რობერტ ოჰანესიანმა განაცხადა რადიოსადგურ «Говорит Москва»-ს („ლაპარაკობს მოსკოვი“) ეთერში, „რუსეთის მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგები ქართული მხარისთვის დიდი ზარალის მომტანია რეისები ოქტომბრის ბოლომდე იქნება შემცირებული. მგზავრები ბილეთებს უკან აბრუნებენ, მათ კომპენსაცია ეკუთვნით და ა.შ. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მილიონებზეა საუბარი“ (წყარო: https://govoritmoskva.ru/news/127673/).
