როგორც ცნობილია, 29 ივნისს, ბრიტანულ ჟურნალ «The Economist»-ში გამოქვეყნდა სტატია საქართველოს შესახებ სათაურით „საქართველო, რეფორმების მოდელი,
ცდილობს სუფთა ქვეყნად დარჩეს, ხეების მოყვარული ოლიგარქი კი სიტუაციას კულისებიდან მართავს“, რომელშიც ქვეყანაში შექმნილი სიტუაციაა გაანალიზებული და გამოთქმულია კრიტიკული შენიშვნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართაც (პუბლიკაციის ტექსტი იხილეთ http://www.economist.com/news/europe/21724407-tree-loving-oligarch-still-pulling-strings-georgia-model-reform-struggling-stay).
პუბლიკაციას მრავალი გამოხმაურება და კომენტარი მოჰყვა, რომლებიც ჟურნალის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, მათ შორისაა დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ბერუჩაშვილის პოზიციაც. ამჯერად გთავაზობთ „ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის“ თავმჯდომარის, ოლდერმან დერეკ პიკაპის თვალსაზრისს:
„ჩვენ, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ ვცხოვრობთ, დავინახეთ, თუ რა უდიდესი ცვლილებები მოხდა ამ ქვეყანაში ბოლო 25 წლის მანძილზე. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს ისეთი გრძნობა არსებობდა, რომ საქართველო ნელა ვითარდებოდა და რაღაც იმპულსი აკლდა. როცა მიხეილ სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი, გაჩნდა ეკონომიკური აყვავებისა და პოზიტიური გარდაქმნების შეგრძნება. თუმცა, რაც დრო გადიოდა, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ჟამს სულ უფრო ძლიერდებოდა სასოწარკვეთილება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო. შესაბამისად, ამომრჩეველმა მხარი ბიძინა ივანიშვილს დაუჭირა, რომელმაც [საპარლამენტო] არჩევნებში გაიმარჯვა და პრემიერ-მინისტრი გახდა.
ამასთან, სტატიაში ავტორის მიერ დავიწყებულია ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი ადრე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი იყო და იწონებდა ისეთ რეფორმებს, როგორიცაა ქართული პოლიციიის რეორგანიზაცია და მოდერნიზაცია.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებას, ეს უფრო რუსეთის აგრესიის შედეგებითაა გამოწვეული ვიდრე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლით. მართალია, [ეკონომიკურმა სირთულეებმა] „ოცნებისადმი“ ნდობის ერთგვარი კრიზისი გამოიწვია, მაგრამ როგორც ახლახან განაცხადა საქართველოს ელჩმა, მოსახლეობას რწმენა კვლავ დაუბრუნდა - ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების დადებისა და ვიზალიბერალიზების კვალობაზე, რაც საქართველოს სამომავლო განვითარების იმედს იძლევა. კომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმის“ მიერ მილსადენის მშენებლობა და შავი ზღვის პორტებში ჩადებული ინვესტიციები ამ იმედს კიდევ უფრო განამტკიცებს. რასაკვირველია, მომავლის რწმენისათვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს დედაქალაქის ლიდერის საქმიანობასაც, რომელსაც ცენტრალური მთავრობა წარმართავს.
ბრისტოლიდან, რომელიც თბილისთან დაძმოძობილებული ქალაქია 1988 წლიდან, ჩვენ თვალს ვადევნებთ საქართველოში მომხდარ ცვლილებებს. ახლახან აქაურმა საქმიანმა წრეებმა აღიარეს, რომ ქვეყანაში არსებული ბიზნესკლიმატი პოზიტიურია და, შესაბამისად, განიხილავს საქართველოში ინვესტიციების დაბანდების საკითხს. აპრილში თბილისს ბრიტოლელების მცირერიცხოვანი, მაგრამ გავლენიანი დელეგაცია სტუმრობდა, ბიზნესის სფეროში არსებული ვითარების ადგილზე შესასწავლად. კიდევ ერთი ასეთი დელეგაცია თბილისს სექტემბერში ეწვევა, ხოლო მომავალი 2018 წლის სექტემბერში საქართველოს დედაქალაქში ბრისტოლელების უფრო მრავალრიცხოვანი სტუმრობაა დაგეგმილი.
საქართველოდ ყოველთვის ითვლებოდა დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ჭიშკრად. დადგა დრო, როცა გამართლებულია არა მხოლოდ ინვესტიციების ჩადება, არამედ ისიც, რომ ამ ქვეყანას ტურისტის სახით ვეწვიოთ. საიმონ გალდერი, „ინდეფენდენტ“-ისა და „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი მოგზაურობის საკითხებში, ახლახან იმყოფებოდა საქართველოში. იმედი მაქვს, იგი [ტურისტებს] 2018 წლის შეხვედრის ადგილად სწორედ თბილისს შესთავაზებს“.
http://www.economist.com/node/21724407/comments
