«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): თამარ ბერუჩაშვილის კომენტარი საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): თამარ ბერუჩაშვილის კომენტარი საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე
11:12 10.07.2017
როგორც ცნობილია, 29 ივნისს, ბრიტანულ ჟურნალ «The Economist»-ში გამოქვეყნდა სტატია საქართველოს შესახებ სათაურით „საქართველო, რეფორმების მოდელი, ცდილობს სუფთა ქვეყნად დარჩეს, ხეების მოყვარული ოლიგარქი კი სიტუაციას კულისებიდან მართავს“, რომელშიც ქვეყანაში შექმნილი სიტუაციაა გაანალიზებული და გამოთქმულია კრიტიკული შენიშვნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართაც (პუბლიკაციის ტექსტი იხილეთ http://www.economist.com/news/europe/21724407-tree-loving-oligarch-still-pulling-strings-georgia-model-reform-struggling-stay).
გთავაზობთ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ბერუჩაშვილის კომენტარს სტატიასთან დაკავშირებით:
-----------
„მიზეზი, რის გამოც ამ სტატიისადმი კომენტარის გაკეთება გადავწყვიტე, ჩემს ქვეყანაში მომხდარი იმ მოვლენებისა და შექმნილი სიტუაციის შეფასება არ არის, რომლებიც მასშია გადმოცემული. ეს ავტორის პრეროგატივაა და მას პატივს ვცემ. მე უფრო მინდა ხაზი გავუსვა იმ საკმაოდ ბევრ მცდარ ინფორმაციას, რომლებსაც მკითხველი აწყდება სტატიაში.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო უკვე არაერთხელ წარმოჩენილა დასავლელი პარტნიორების მიერ მიბაძვის მაგალითად რეგიონის დანარჩენი ქვეყნებისათვის ჭეშმარიტად ლიბერალური დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საქმეში, მათ შორის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერაც. მათი შეფასება არგუმენტირებულია და მტკიცე საფუძველი აქვს.
მწვავე გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და რუსეთის პერმანენტული ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო შეუქცევადად მიჰყვება თავის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. სამწუხაროდ, საქართველოს უპრეცედენტო ერთგულება დასავლური ფასეულობებისადმი პუბლიკაციის ავტორის მიერ სრულიად იგნორირებულია.
მითხარით, განა ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანას აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან და იმავდროულად ევროკავშირთანაც? ასევე შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულებები რუსეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და იაპონიასთან? ასეთი ქვეყანა, რომელმაც ამ წარმატებებს მიაღწია და „ეკონომისტისთვის“ მაინც შეუმჩნეველი დარჩა, საქართველოა. სხვათა შორის, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება თქვენი სტატიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაფორმდა. აქედან გამომდინარე, თქვენს მიერ ასახული სიტუაცია კონტრ-ინტუიტურად, არალოგიკურად მიმაჩნია.
„ეკონომისტი“ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო მოღვაწეებთან და დიპლომატებთან, პოლიტიკურ კლასთან და მათ კომპანიონად ითვლება, ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდიდან. ამიტომაც მინდა მჯეროდეს, რომ საქართველოს მიმართ რაღაც გაუგებრობა მოხდა. ვიმედოვნებ, ჩემს მიერ გამოთქმულ შენიშვნებს სათანადო ყურადღებით განიხილავთ და მათ გაგებით მოეკიდებით.

http://www.economist.com/node/21724407/comments

ბეჭდვა