„სახალხო ფეხბურთელმა“, შეთავსებით კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ (რომელიც ვიცე-პრემიერიც
არის და მმართველი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანიც ერთდროულად), ახლახან თავისი ხუთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, შემდეგ კი თანამდებობებიდან გადადგა, რათა ბრძოლა დაიწყოს თბილისის მერის პოსტის დასაუფლებლად. მმართველი პარტიის კანდიდატის ოფიციალური წარდგენა გასულ კვირას მოხდა, თუმცა ამ უალტერნატივო გადაწყვეტილებაზე დიდი ხანია ლაპარაკობდნენ“ -ა მის სესახებ აზერბაიჯანულ გამოცემა «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია ნათქვამი, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
„ჩვენ ყოველთვის ვაღწევდით მიზნებს, რადგან ვიცოდით, თუ როგორ გაგვეკეთებინა ის საქმე, რასაც ხელს ვკიდებდით. და დღეს ჩვენ ყველა ერთად ვართ, ვინც თვლის, რომ თბილისს საფუძვლიანი ცვლილებები სჭირდება“ - ეს სიტყვები ჩვენი მეზობელი ქვეყნის ყველაზე პოპულარულმა ადამიანმა დედაქალაქის მერის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის ოფიციალური წარდგენის დროს განაცხადა. მასთან ერთად იყვნენ მმართველი პარტიის თითქმის ყველა ცნობილი წარმომადგენელი, გვერდით კი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ედგა. და ეს „საფუძვლიანი ცვლილება“ შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
ადრე ისე ხდებოდა, რომ პარტიის ყველა საკვანძო მოთამაშეს საქვეყნოდ მხარს უჭერდა და წარადგენდა ხოლმე თვით ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნების“ დამაარსებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი... და „ბედნიერი ბავშვობისათვის“ ყველა მადლობას სწორედ მას უხდიდა. მაგრამ საოცრება მოხდა: ბიძინა ივანიშვილი კახა კალაძის წარდგენაზე არ მივიდა. პრეზენტაციას ასევე არ დასწრებია მილიარდერის შვილიც - მუსიკოსი ბერა, რომელიც ადრე ხშირად ტრიალებდა ვიცე-პრემიერის კამპანიაში შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი ღონისძიებების დროს. უფრო მეტიც - ქვეყნის ჩრდილოვანი ხელმძღვანელის ოჯახიდან კახა კალაძის მისამართით არანაირი მხარდამჭერი სიტყვა არ თქმულა სოციალურ ქსელებშიც კი. არადა, ოჯახი ქსელების აქტიურ მომხმარებელად ითვლება.
რა თქმა უნდა, შეიძლება ვილაპარაკოთ მმართველ გუნდში არსებულ რაღაც შიდა დაპირისპირებებზე, მაგრამ ეს ასე არ არის, მით უმეტეს, რომ კახა კალაძე, უეჭველია, „ქართული ოცნების ყველაზე ძლიერ და ქარიზმატულ კანდიდატად ითვლება. ექსპერტების აზრით, კახა კალაძეს, ამბიციური მიზნების მქონე პოლიტიკოსს, განზრახული აქვს თბილისის მერის პოსტი სამომავლო კარიერისათვის ტრამპლინად გამოიყენოს. იმ დროს, როცა აშკარად არაა გამოხატული ბიძინა ივანიშვილის მფარველობა მის მიმართ, ასეთი ნაბიჯი საკმაოდ მოხერხებულ ტაქტიკურ სვლას წარმოადგენს, ანუ თუ მოულოდნელად „ქართული ოცნების“ კანდიდატის წაგების საფრთხე დადგება, მას შეუძლია „თავი ბუჩქებს შეაფაროს“.
საერთოდ, კავკასიაში არასდროს არ ყოფილან ისეთი ლიდერები, რომლებიც პარტიას და ერთნაირი მსოფლმხედველობის მქონე ადამიანების გაერთიანებებს მოერგებოდნენ ხოლმე. პირიქით - უფრო მეტად პარტიები და გაერთიანებები ცდილობდნენ გაერთიანებულიყვნენ ძლიერი პიროვნების გარშემო. საქართველო ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, კახაბერ კალოვიჩი მიხეილ სააკაშვილი არ არის, მაგრამ იგი პრაგმატული პიროვნებაა, პოპულარულია, ამიტომ ამ არჩევნებში რეალური წარმატების მისაღწევად ოპოზიციას რთული ბრძოლა მოუწევს. მმართველი პარტიის კანდიდატის გამარჯვება კი უპირატესად იმაზე არის დამოკიდებული, ჩაერთვება თუ არა საარჩევნო კამპანიაში (ფორმალურად მაინც) ბიძინა ივანიშვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში არაა გამორიცხული ისე მოხდეს, რომ იმ ხმების დიდი ნაწილი, რომელიც 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ ყულაბაში ჩაიყარა, ახლა შეიძლება დამოუკიდებელმა კანდიდატმა წაიღოს.
პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ თვითონ კახა კალაძე ადრეც ცდილობდა „ქართული ოცნების“ შიგნით დამოუკიდებელი ყოფილიყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიდან გამომდინარე, მაინც ყოველთვის მილიარდერთან ასოცირდებოდა. ასე რომ, ახლაც ასე იქნება: როგორც არ უნდა დამოუკიდებლად მოაჩვენოს თავი ამომრჩეველს კახა კალაძემ, იგი მაინც პარტიული კანდიდატია და აქედან გამომდინარე, მასვე მიეწერება როგორც პარტიის წარმატებები, ასევე შეცდომებიც. შესაბამისად, კანდიდატის რეიტინგი პარტიის რეიტინგზე იქნება მიბმული.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში ოქტომბრის თვეში გაიმართება, ზუსტი თარიღი კი სპეციალური აქტით იქნება განსაზღვრული, რომელსაც პრეზიდენტი აგვისტოში გამოსცემს. კახა კალაძის ძირითად კონკურენტად ოპოზიციური პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ითვლება და რამდენადაც „ნაციონალებს“, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ხმა დაახლოებით 500 ათასმა ამომრჩეველმა მისცა, მიმომხილველები მეორე ტურის ჩატარების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. ქალაქის თავის პოსტისათვის ბრძოლას იწყებს აგრეთვე ელენე ხოშტარიაც, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი და სხვებიც, თუმცა ეს მხოლოდ ისე, არჩევნების „გასაცხელებლად“, მისთვის მრავალფეროვნებისა და კონკურენტული სახის მიცემისათვის...
დღეს თბილისის მერის პოსტი მმართველი პარტიის წარმომადგენელს დავით ნარმანიას უკავია. ქართველი ექსპერტების მტკიცებით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები ადასტურებს, რომ დედაქალაქის მოსახლება დავით ნარმანიას საქმიანობას ნეგატიურად აფასებს.
http://www.kaspiy.az/news.php?id=63767#.WWL4Q4qQzs0
