«RFI–Radio France Internationale» (საფრანგეთი): საკვირველია, როგორ შეძლო საქართველომ ტურიზმის სფეროში ასეთი წარმატების მიღწევა
«RFI–Radio France Internationale» (საფრანგეთი): საკვირველია, როგორ შეძლო საქართველომ ტურიზმის სფეროში ასეთი წარმატების მიღწევა
11:21 05.07.2017
„ტურისტული ბუმი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, განსაკუთრებით ახლა, ზაფხულის სეზონშია საგრძნობი. ქვეყანა სულ უფრო მიმზიდველი ხდება როგორც ევროპის მოქალაქეებისათვის, ასევე მეზობელი ქვეყნების, მათ შორის რუსი ტურისტებისათვის. როგორ მოახერხეს ქართველებმა ხანგრძლივი კრიზისის, კონფლიქტებისა და ომების შემდეგ ტურიზმის ასეთი სწრაფი განვითარება? საქართველოს რომელ რეგიონებში დადიან ხშირად ევროპელი, რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი, თურქი ტურისტები და სხვა მრავალრიცხოვანი სტუმრები?, - ასეთი შესავალით იწყება ფრანგული რადიო «RFI – Radio France Internationale»-ს მიერ 4 ივლისს ეთერში გადაცემული ვრცელი რეპორტაჟი საქართველოში ტურიზმის მდგომარეობის შესახებ.


მასალაში, რომლის რეზიუმესაც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ, გადმოცემულია საქართველოში ტურიზმის დღევანდელი მდგომარეობა, მისი განვითარების სტატისტიკა და პერსპექტივები:

„ამ ზაფხულს თბილისში უცხოელების მოზღვავება იგრძნობა. უფროსი თაობის ადამიანების თქმით, ასეთი დიდი სტუმრიანობა საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ იყო, როცა საქართველო „საკავშირო ჯანმრთელობის კერად“ ითვლებოდა. თბილისის სასტუმროებში დღეს თავისუფალ ადგილს ძნელად თუ მოძებნი. დაჯავშნულია ისეთი ნომრებიც კი, რომელთა ღირებულება დღე-ღამეში 400 ევროს აჭარბებს. ქართული სასტუმროები რამდენიმე წლის წინათ ასეთი მდგომარეობაზე ვერც კი იოცნებებდნენ. აქტიურად ვითარდება ჰოსტელებისა და საბიუჯეტო სასტუმროების ქსელიც, მატულობს ინვესტიციები: თითქმის ყოველკვირეულად საქართველოს დიდი ქალაქებში, მათ შორის ბათუმშიც, ახალი სასტუმროები იხსნება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს 6 მილიონ 360 ათას 503 უცხოელი ეწვია და ეს იმ დროს, როცა ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ 3,7 მილიონი მცხოვრებია. რასაკვირველია, ყველა უცხოელი სტუმარი ტურისტად ვერ ჩაითვლება, ბევრი საქართველოში საქმეებისთვის ჩადის, მაგრამ შემოსავლების თვალსაზრისით ამას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ უცხოელების მიერ დახარჯული ფულით საქართველოს ბიუჯეტმა 2,2 მილიარდი დოლარი მიიღო (ქვეყნის ბიუჯეტის საერთო მუცულობა კი 3 მილიარდია!). ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) 7%-ზე მეტია, ანუ ეს დარგი ეკონომიკისათვის ძალიან მნიშვნელოვან დარგად იქცა, რომელიც ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის განმტკიცებას.

საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი მეზობელი ქვეყნებიდან მოემგზავრება, მაგრამ რუსეთიდან ჩამოსულების რაოდენობა მაინც ყველაზე სწრაფად იზრდება - მთელი 22%-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს. აქვე შევნიშნავთ, რომ რუსები საქართველოში საქმისათვის კი არ ჩამოდიან (სომხების, აზერბაიჯანელების და თურქებისაგან განსხვავებით), არამედ ძირითადად მხოლოდ დასასვენებლად და გასართობად, ამიტომ რუსული ტურისტული ნაკადის ზრდას დარგის განვითარებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობაა აქვს.

მართლაც საკვირველია, თუ როგორ შეძლო საქართველომ, ღარიბმა ქვეყანამ, ასეთი წარმატების მიღწევა? თანაც ისეთ სიტუაციაში, როცა ორ ავტონომიურ რეგიონში კონფლიქტები ღვივის, რუსეთთან კი დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს?

სპეციალისტების აღნიშნავენ, რომ პოზიტიური როლი რამდენიმე ფაქტორმა შეასრულა: პირველი - დიდი სახელმწიფო და კერძო ინვეტიციები ჩაიდო ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, განსაკუთრებით თბილისში და კიდევ ორ საკვანძო რეგიონში - აჭარასა და კახეთში; მეორე - მიმდინარეობს აქტიური სარეკლამო კამპანია მსოფლიოს მასმედიაში და ბოლოს, არანალებ მიმზიდველ ფაქტორად ითვლება ქართული კულტურა და ტრადიციული სტუმართმოყვარეობა. ასეთ პირობებში ტურისტი თავს კომფორტულად გრძნობს.

ფრანგული რადიოს კორესპონდენტი ესაუბრება ქართული ტურისტული კომპანიის Easy Travel Agency-ის მენეჯერს ანჟელიკა მანუკიანს. მისი თქმით, ევროპელები და ამერიკელები ხშირად დადიან სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ისინი უპირატესობას ანიჭებენ ექსტრემალურ ტურიზმს, ალპინიზმს, ეცნობიან ისტორიულ ძეგლებს სამცხე-ჯავახეთში. რაც შეეხება რუსებს, ბოლო დროს მათი საქართველოში ჩამოსვლის მოტივი რთველში მონაწილეობის მიღებაა (კახეთსა და იმერეთში). ბევრი რუსი ჩამოდის გასტრონომიული ტურიზმის კუთხით, ისინი მოდიან „ღვინის ტურებით“, ქართული სამზარეულოს დაგემოვნების მიზნით (რესტორნები თბილისში) და ჯანმრთელობის გაკაჟებისათვის (ბორჯომში, საირმეში). აზერბაიჯანელები და სომხები ძირითადად ზღვაზე დადიან - ბათუმსა და ქობულეთში. ასევე აკეთებენ თურქებიც.

საქართველოს ტურიზმის განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს იმ გარემოებას, რომ მეზობელ ქვეყნებში (თურქეთში, რუსეთში და აზერბაიჯანში) აზარტული თამაშები თითქმის ყველგან მკვეთრად შეზღუდულია ან აკრძალულია, ქართველი და უცხოელი ინვესტორები კი ყოველწლიურად ათობით კაზინოსა და სლოტ-კლუბებს ხსნიან აჭარაში (თურქეთთან ახლოს), საკმაოდ ბევრი სათამაშო სახლი არსებობს სტეფანწმიდაშიც (რუსეთთან ახლოს).

გარდა ამისა, ტურიზმის განვითარებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა კრიმინოგენური ვითარებისა თვალსაზრისით: ქუჩის დანაშაულობები და ბინის ქურდობები მინიმუმამდეა დაყვანილი, მკაცრი ზომების წყალობით: ტურისტის წინააღმდეგ მიმართული ქმედება დამამძიმებელ გარემოებად ითვლება.

დღევანდელი ხელისუფლება, წინა მთავრობის მსგავსად, ტურიზმისათვის რესურსებს არ იშურებს და სურს ის ეკონომიკის მთვარ დარგად გადააქციოს. თანაც ეს ის შემთხვევაა, როცა მათი ძალისხმევა საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობს. საქართველოში ტრადიციული გამოთქმა არსებობს - „სტუმარი ღვთისაა“, ანუ უფლისგან გამოგზავნილიო, რაც ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია“.


http://ru.rfi.fr/kavkaz/20170704-gost-ot-boga-pochemu-gruziya-perezhivaet-turisticheskii-bum


ბეჭდვა