«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): ხეების მოყვარული ოლიგარქი სიტუაციას კულისებიდან ძაფებით მართავს
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): ხეების მოყვარული ოლიგარქი სიტუაციას კულისებიდან ძაფებით მართავს
11:45 04.07.2017
ბრიტანულმა «The Economist»-მა საქართველოში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელიც მოგვიანებით აუდიტორიის განსჯის საგანი გახდა და გამოცემა ტენდენციურობაში იქნა დადანაშაულებული.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ როგორც სტატიის ქართულენოვან ვერსიას, ასევე აუდიტორიის იმ გამოხმაურებებსა და კომენტარებს, რომელიც სტატიის გამოქვეყნებას მოჰყვა.

ქართველები ძველთაგანვე ცნობილი იყვნენ თავიანთი ორიგინალური ქცევით, ექსცენტრიულობით - ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ ქვეყანას, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, კოლხეთ ეძახდნენ, როცა აქ ოქროს საწმისი ინახებოდა და მედეა ცხოვრობდა...

მაგრამ ქართული სტანდარტებითაც კი, ბიძინა ივანიშვილის - ქვეყნის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანის - ჰობი ექსტრავაგანტურად მოჩანს. განდეგილივით მცხოვრები ოლიგარქი, რომლის კოშკის მსგავსი მინა-ფოლადით ნაგები სასახლე თბილისს ზემოდან გადმოჰყურებს, საქართველოში ყველაზე მაღალ და ყველაზე ხნიერ ხეებს ეძებს და ყიდულობს, თან ძირ-ფესვიანად თხრის და ტრანსპორტით შავი ზღვის პირას მდებარე თავის სხვა საცხოვრებელ ადგილზე გადააქვს.

ქართველთა უმრავლესობა გაკვირვებულია, თუმცა იმედი აქვთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ კუთვნილ ხეებსაც იყიდის. სხვათა შორის, ერთ-ერთი ხის - ლირიოდენდრონის (მას ტიტის ხესაც ეძახიან) გამოსახულება, რომელიც ასი წლისაა და ფესვებიანად მოთხრილი თითქმის 650 ტონას იწონის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ერთგვარ სიმბოლადაც კი იქცა. მილიარდერი, რომელსაც ოფიციალურად არანაირი თანამდებობა არ აქვს დაკავებული, ქვეყანას კულისებიდან „ძაფებით“ მართავს და ცვლის არამარტო მის ფიზიკურ, არამედ პოლიტიკურ ლანდშაფტსაც. მან საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან ხესავით ამოძირკვა დიდი ფიგურაც - ქვეყნის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

2003 წლის [შემოდგომაზე], როცა „სახალხო აჯანყების“ შედეგად ძალაუფლება ხელში მიხეილ სააკაშვილმა აიღო, მან საქართველოს რადიკალური რეფორმირება განახორციელა, გაწყვიტა კავშირი საბჭოურ მემკვიდრეობასთან და ეფექტური სახელმწიფო შექმნა. მაგრამ 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნები წააგო „ქართულ ოცნებასთან“ - პოლიტიკურ ალიანსთან, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. მან თავისი სიმდიდრე ძირითადად რუსეთში ყოფნის დროს დააგროვა. მისი ქონება მხოლოდ ორჯერ ჩამოავარდება საქართველოს ყოველწლიურ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა საზღვარგარეთ წასულიყო, ხოლო მისი ზოგიერთი პარტნიორი ციხეში აღმოჩნდა. მთავარი მიზეზი, რის გამოც „ნაციონალებმა“ ხელისუფლება დაკარგეს (რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიუხედავად), იმაში გამოიხატებოდა, რომ ისინი სასამართლო ხელისუფლებას, მართლმსაჯულების ორგანოებს პოლიტიკური რეპრესიების განხორციელების მიზნით იყენებდნენ.

გარკვეული დონით საქართველო დღეს უფრო თავისუფალია, ვიდრე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს იყო. სასამართლოს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ მოიმატა, საზოგადოებას გაუქრა დევნის შიში. „მაგრამ საქართველომ ასევე დაკარგა თავისი მისიის აზრი, - ამბობს გია ხუხაშვილი, ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კონსულტანტი, - ეკონომიკური ზრდა სადღაც 3%-ის ფარგლებში მერყეობს, რომელიც ბევრად ჩამოუვარდება მიხეილ სააკაშვილის დროინდელი მატების ორნიშნა ციფრს. საქართველომ - როგორც ბრენდმა - თავისი ბრწყინვალება დაკარგა. ოდესღაც რეფორმების გატარების სამაგალითო პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელიც მოდერნიზების მოდელი გახლდათ, დღეს სიძნელეებს განიცდის. როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს თავის სათამაშო მოედნად მიიჩნევს, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ოლიგარქების შესაშურად.

რასაკვირველია, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვრები და ის ცვლილებები, რაც განხორციელდა, ძირითადად შენარჩუნდა. კორუფცია არ დაბრუნებულა და თუ Transparency International-ის მონაცემებს გადავხედავთ, საქართველოს კორუფციის ინდექსის მხრივ უკეთესი ადგილი უკავია, ვიდრე, ვთქვათ, იტალიას და ესპანეთს. საქართველოში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება არსებობს. როგორც მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლები ამბობენ, რეფორმების „ტვინის“ გიგა ბოკერიას ჩათვლით, საქართველო თავისი ექს-ლიდერის დროიდან უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოსახლეობის პოზიცია „ნაციონალების“ მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა. გასულ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალების“ მონაწილეობის კვალობაზე მოსახლეობა შიშობდა - ვაითუ მიხეილ სააკაშვილი ისევ დაბრუნდესო. ყოფილი პრეზიდენტის ყოფილი მომხრეები იმაზეც გაჯავრებულები არიან, რომ მიხეილ სააკაშვილმა მარტის თვეში ბათუმში მომხდარ უწესრიგოებებს მხარი დაუჭირა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება მოხდა. „ნაციონალა“ ლიდერტა ერთმა ნაწილმა მაისში, თბილისის ყველაზე დიდ სპორტულ დარბაზში გამართულ ფორუმზე ახალი პარტია - „ევროპული საქართველო“ შექმნა. საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ფრიალის ფონზე მათ განაცხადეს, რომ უარყოფენ ძალადობას და სიძულვილს. „ჩვენ შევცვლით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ქვეყნის ნგრევისა და რყევის გარეშე“, - განაცხადა გიგი უგულავამ, ახალი პარტიის ლიდერმა. ელენე ხოშტარიამ, პარტიის ქალთა სახემ და ამჟამად თბილისის მერობის კანდიდატმა, მოსახლეობის სიღარიბეზე ისაუბრა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა შესაძლოა ტაქტიკურად მომგებიანი იყოს ბიძინა ივანიშვილისათვის, მაგრამ საბოლოო ჯამში „ნაციონალების“ განადგურებით მას აღარ ეყოლება ისეთი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, რის გამოც „ქართული ოცნება“ შეიქმნა და რაც ამ პარტიის არსებობის არსს წარმოადგენს.

ქვეყანაში შეიმჩნევა იდეოლოგიური კონფლიქტის გამწვავება წინსვლა-მოდერნიზებასა და წარსულზე ნოსტალგიას შორის. 18 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელიც გავლენიან ფიგურას წარმოადგენს, ქვეყანაში მონარქიის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. რამდენიმე წლის წინათ ასეთი მოწოდება ევროპისაკენ მომზირალი ახალგაზრდების ელიტისათვის მიუღებელი იქნებოდა, დღეს კი იგივე ახალგაზრდული ელიტის წარმომადგენელმა, პარლამენტის სპიკერმა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მას მხარი დაუჭირა: „ჩვენ მხედველობაში უნდა მივიღოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი ადგილობრივი თავისებურებაც“, - თქვა მან.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მონარქიისადმი მხარდაჭერა განგებ მოხდა, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის ძირის გამოთხრა და მიმართულია გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან კონფლიქტურ მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს 2010 წლიდან რაიმე მნიშვნელოვანი აღმასრულებელი ფუნქციები აღარ აქვს, იგი მაინც პირდაპირი არჩევნების გზით იქნა არჩეული და განიხილება როგორც დამოუკიდებელი არბიტრი [ხელისუფლების შტოებს შორის].

პრეზიდენტის სტატუსის დაქვეითება-შეზღუდვის მიზნით „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებებიც წამოიწყო. ცვლილებების მთავარი მომენტებია საარცევნო ბლოკების აკრძალვა (მიუხედავად იმისა, რომ თვითონ „ქართული ოცნება“ შვიდი წლის წინათ ხელისუფლებაში სწორედ ბლოკის სახით მოვიდა), 5%-იანი საარჩევნო ზღურბლის (ბარიერის) დაწევა და ხმების გადანაწილება პირველ ადგილზე გასული პარტიისათვის. ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის ფრაგმენტულობის (დაქუცმაცების) გათვალისწინებით, ასეთი ცვლილებები „ქართულ ოცნებას“ არჩევნების დროს დამატებით 20-30 ადგილს მოუტანს.

19 ივნისს ევროკავშირის ვენეციის კომისიამ დაადგინა, რომ ასეთი საკონსტიტუციო ცვლილებების კომბინაცია თანასწორობის პრინციპის სერიოზულ დარღვევა იქნებაო, მაგრამ ამის მიუხედავად, რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე მოიწონა კონსტიტუციის ცვლილებები, რითაც იგნორირებული იქნა როგორც პრეზიდენტის, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ [დაპირების მიუხედავად], 2024 წლისათვის გადადო საარჩევნო სისტემის ცვლილებებიც: თავდაპირველად დაგეგმილი იყო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება და მთლიანად პროპორციულზე გადასვლა, მაგრამ ისევ იქნა დატოვებული დღეს მოქმედი შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემა. პარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება: აკრძალა მიწის გაყიდვა უცხოელებზე.

ამასობაში კი საზოგადოებრივ ცხოვრებაში თავისუფლების შეზღუდვის შეგრძნება გაჩნდა: გატაცებულ იქნა აზერბაიჯანელი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა და იგი აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადაეცა. იგივე ითქმის ბიძინა ივანიშვილის მომხრეების მცდელობაზეც ოპოზიციური ტელეარხის „რუსთავი-2’-ის გაკონტროლების მიზნით. მათი მოქმედება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა აღკვეთილი.

კიდევ ერთი შემთხვევა, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს, ესაა სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის ლაშა თორდიასთან დაკავშირებული ფაქტი. მისი განცხადებით, თბილისის ღამის კლუბში ყოფნის დროს მას თავს დაესხნენ და სცემეს საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ და მისმა პირადმა მცველებმა თითქოსდა იმ მიზეზით, თუ რატომ იკვლევდა სახელმწიფო აუდიტი ექს-პროკურორის მიერ მიწასთან დაკავშირებულ გარიგების გარემოებებს. როგორც ბატონი გია ხუხაშვილი ამბობს, თუ ეს თავდასხმა დაუსჯელი დარჩება, „ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ საქართველოში ბრუნდება სისტემა, როცა არაფორმალურ ხელისუფლებას სახელმწიფო ხელისუფლებაზე მეტი უფლებები გააჩნდა“.

საქართველოსთვის თბილისის მერის არჩევნები, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი, კიდევ ერთი ტესტი იქნება. მერის თანამდებობა სურთ „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელს („ქართული ოცნებიდან“), პოპულარულ ტელეწამყვანს („ნაცმოძრაობიდან“) და აუსაიდერს, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონივით მოქმედებს. ვინც თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვებს, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ქართული პოლიტიკის გათვალისწინებით, თბილისში გამარჯვება (მეტაფორულად) ოქროს საწმისის დასაკუთრების ექვივალენტად ითვლება.





http://www.economist.com/news/europe/21724407-tree-loving-oligarch-still-pulling-strings-georgia-model-reform-struggling-stay

ბეჭდვა