"საბჭოთა ნანგრევებს შორის საქართველო უცნაურ კუნძულად მოჩანს. მეზობლებისაგან ეს ქვეყანა თავისი ანბანითაც განსხვავდება, რომლის მსგავსი 33 ასო მსოფლიოში არსად არ
არის. საქართველოს ერთი მხრიდან რუსული ოკუპაცია ღრღნის [„მცოცავი საზღვრით“], მეორე მხრიდან - თურქეთი [ტერიტორიის მიერთების სურვილით], რომელიც დღეს თითქოსდა მისი საიმედო მეგობარია. საქართველოთი უკმაყოფილონი არიან სომხები და აზერბაიჯანელები, რომლებთაც ასევე ტერიტორიული ინტერესები ამოძრავებთ. მაგრამ ის, ვინც საქართველოს ახლოდან შეხედავს, პოზიტივსაც დაინახავს: თბილისს ბრიუსელთან უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს; საქართველო ჩაბმულია „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში; საქართველოზე გადის ევროპა-აზიის სატრანზიტო მარშრუტი, „აბრეშუმის დიდი გზის“ ახალი პროექტის მიხედვით. საქართველოში, რუსი ტურისტების არმიის გარდა, უკვე ირანელებსაც დაინახავთ: ისინი თბილისში პოპ-კონცერტებს აწყობენ, რაც მათთან, სამშობლოში აკრძალული აქვთ. ირანელები თამამად იქცევიან - აქ შეიძლება ახალგაზრდა ირანელი ქალი მინი-კაბაშიც კი ნახოთ. მაგრამ ამ 3,7 მილიონიან ქვეყანას, რომლის ტერიტორია ბავარიის ფართობის ტოლია, [ევროპისაგან] დახმარება მაინც ჭირდება"-ამის შესახებ გერმანულ გამოცემა «Der Tagesspiegel»-ის მიერ გრეგორი დოტზაუერის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ მასალის ქართულ;ენოვან ვერსიას, რომელიც ავტორის საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ასახავს:
საქართველოში, კახეთში ყოფნისას ტურისტი დროსტარება ეძლევა. მას ხიბლავს კარგი პურ-მარილი, ქვევრის ღვინო ან ჭაჭის არაყი, ბატკნის მწვადი და კავკასიის დიდებული მთები. მაგრამ ამის პარალელურად არსებობს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი, რომლებიც 2008 წლიდან რუსული ჩექმის ქვეშ არიან მოქცეულნი; ნატო, რომელსაც ქართველები იმედით შესცქერიან, მაგრამ მისი არმია თითსაც არ ამოძრავებს საქართველოსთვის.
საქართველოს წარმატებებში წვლილი გერმანელებსაც აქვთ შეტანილი: 1844 წელს გერმანელმა ემიგრანტებმა კავკასიაში თბილისთან ახლოს კოლონია დაარსეს. გერმანელმა არქიტექტორების პროექტით თბილისში ბევრი შენობაა აგებული. გერმანელი დიპლომატი კი - გრაფი ფრიდრიხ-ვერნერ ფონ შულენბურგი, შეიძლება ითქვას, საქართველოს 1918 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციის თანაავტორია. მაგრამ ვერცერთი სხვა გერმანელი ვერ შეედრება თავისი წვლილით მწერალს და ჟურნალისტს არტურ ლაისტს, რომელიც თბილისის დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. მან 1992 წელს თავისი მშობლიური ქალაქი ბრესლაუ დატოვა და სამუდამოდ საქართველოში ცხოვრება არჩია. არტურ ლაისტი მოხიბლული იყო ქართველი ხალხის თვისებებით და საქართველოს ბუნებით: „მოგზაური, რომელიც შავ ზღვაზე ბათუმს მიადგება, თავს სამოთხეში იგრძნობს“. არტურ ლაისტი წლების განმავლობაში იყო საქართველოს გერმანულენოვანი გაზეთის „კაუკაზიშე პოსტ“-ის მთავარი რედაქტორი, მანვე თარგმნა პირველად გერმანულ ენაზე ქართული შუასაკუნებრივი ეპოსი - შოთა რუსთაველის პოემა „ ვეფხისტყაოსანი“.
------
სტატიაში ავტორი საუბრობს როგორც იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმზე („თბილისიდან ერთი საათის სავალზე მდებარეობს გორი, სადაც Iosseb Bessarionis dse Dzhugashvili - იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი დაიბადა, შემდგომში „სტალინად“ წოდებული. შენობა დაარსების დღიდან - 1937 წლიდან პრაქტიკულად არ შეცვლილა. მუზეუმის მიხედვით, იოსებს სტალინი პოზიტიურ, გენიალურ ადამიანად არის წარმოდგენილი, რომელიც სემინარიის მოსწავლიდან და ციმბირში არაერთხელ გადასახლებული ადამიანიდან სახელმწიფოს მეთაურად იქცა“), ასევე თბილისში მდებარე საბჭოური ოკუპაციის მუზეუმზეც („ამ მუზეუმში კი იოსებ სტალინის საქმიანობის ნეგატიური შედეგებია ნაჩვენები. აქ არის აგრეთვე 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ათდღიანი ომის ფოტოსურათები“). ავტორი აღნიშნავს, რომ მუზეუმის დაარსებაში დიდი როლი შეასრულა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, აშშ-ის მეგობარმა მიხეილ სააკაშვილმა.
პუბლიკაციაში აღწერილია ძველი თბილისის ქუჩები და შენობები. აღნიშნულია, რომ სიძველეების დასაცავად ხშირად გამართული საპროტესტო აქციები იმ პროექტების წინააღმდეგ, რომლებიც თბილისის ტრადიციულ არქიტექტურას არღვევს. ამჟამად მიმდინარეობს როგორც თანამედროვე სასტუმროების მშენებლობა, ასევე ძველი შენობების მოდერნიზება დღევანდელი ტექნოლოგიების დახმარებით („კლასიკური საბჭოური, სტალინის დროინდელი პროექტით აგებული მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის, ანუ „იმელ“-ის შენობა სასტუმროდ გადაკეთდა). ამასთან, ავტორი მიუთითებს, რომ თბილისისათვის ძალიან უცხოდ მოჩანს ცათამბჯენები, განსაკუთრებით კი ექვსვარსკვლავიანი სასტუმრო The Biltmore. სტატიაში საუბარია აგრეთვე იმ უცხოურ ინვესტიციებზე, რომლებიც სასტუმროების ბიზნესშია ჩადებული.
პუბლიკაციის დასასრულს ავტორი საქართველოს დედაქალაქის სხვა თანამედროვე პროექტებზეც წერს: თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა, რუსთაველის გამზირის დასაწყისში - იქ, სადაც ძველი საბჭოთა სავაჭრო სახლის, ანუ უნივერმაღი „თბილისი“ იდგა. ეს ყველაფერი ყველაზე მდიდარი ქართველის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით კეთდება. იგი პრემიერ-მინისტრი იყო 2012-2013 წლებში, მისი დაარსებულია „ქართული ოცნება“, რომელიც დღეს ქვეყნის მმართველი პარტიაა. სექტემბერში თბილისში სუპერთანამედროვე „გალერეაც“ გაიხსნება...
თბილისში წარსული ეპოქის შენობებიც ინგრევა და შედარებით ახლახანს აგებულიც. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ექსტრავაგანტური პროექტები მოსწონდა. კორუფციასთან ბრძოლის ფონზე მისი მმართველობის დროს პოლიციის თანამედროვე, გამჭვირვალე შენობები აშენდა. თუმცა მათთან ერთად აიგო „გიგანტური მილებიც“ - ვერცხლისფერი უცნაური შენობა მდ. მტკვრის ნაპირზე, რომელიც კულტურის მრავალმიზნობრივ ცენტრად იყო ჩაფიქრებული, დღემდე უმოქმედოდ და უპატრონოდ არის მიტოვებული. ეს იმას მოწმობს, რომ თუ ძველს ვერ გადაარჩენ, ისე მომავალს ვერ ააშენებ, - აღნიშნულია სტატიაში.
http://www.tagesspiegel.de/kultur/sehnsuchtsland-georgien-ode-an-die-kolchische-pimpernuss/19976768.html
