"კორუფციის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პენტაგონს შორის გამართულ მოალპარაკებებზე,
რომლის მიხედვით, აშშ-ის სამხედრო უწყება საქართველოსაგან საბჭოური წარმოების იარაღს შეიძენდა და მას სირიის ოპოზიციას გადასცემდა. „კომერსანტის“ მონაცემებით, თბილისმა უარი განაცხადა იარაღის მიყიდვაზე შუამავალი კომპანია Alliant techsystems operations-სადმი იმ გარანტიის მიღებამდე, რომ გაყიდული იარაღი ქურთი რაზმების ხელში არ მოხვდებოდა. ასეთ შემთხვევაში საქართველოსთვის ზალიან დიდი რისკი იყო, რომ თურქეთთან ურთიერთობა გაუარესდებოდა. თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ინფორმაცია სირიისთვის იარაღის მიწოდების მიზნით გამართული მოლაპარაკების „უსაფუძვლო დეზინფორმაცია“ წარმოადგენს, - ნათქვამია რუსულ გამოცემა «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პენტაგონს შორის გამართული მოლაპარაკების შესახებ მასალა პირველმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა გაავრცელა, რომელიც ახლოს დგას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ წრეებთან. ტელერხისადმი მიცემულ ინტერვიუში „კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის“ პროექტის ხელმძღვანელმა დეივ ბლოსმა განაცხადა, რომ იგი დიდი ხანია იკვლევს პენტაგონის მიერ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში საბჭოური იარაღის შესყიდვის საკითხებს. მისი თქმით, ეს იარაღი შემდეგ მსოფლიოს სხვადასსხვა კუთხეში მოქმედ სამხედრო დაჯგუფებებს მიეწოდება, მათ შორის - სირიაშიც. დეივ ბლოსმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების დროს იხილებოდა საკითხი საქართველოში თითქმის ორ მილიონი დოლარის იარაღის შესყიდვის თაობაზე. ამ გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტები პენტაგონის ვებ-გვერდზე იყო გამოქვეყნებული, „მაგრამ მას შემდეგ, რაც მე საკითხით დავინტერესდი და ვაშინგტონში შეკითხვა გავგზავნე, საიტიდან დოკუმენტები გაქრა“, - თქვა ინტერვიუში დეივ ბლოსმა.
„კომერსანტთან“ საუბარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო თოლორდავამ ტელეარხ „რუსთავი-2“-ის მიერ გავრცელებულ მასალას „უსაფუძვლო დეზინფორმაცია“ უწოდა და ქვეყნის უსაფრთხოებისათვის გამოწვევად მიიჩნია. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის „დელტას“ დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა „კომერსანტს“ უთხრა, რომ მისი ორგანიზაცია მართლაც აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებას ამერიკელ კოლეგებთან ქართული თანამედროვე იარაღის გაყიდვის თაობაზე, მაგრამ არა სირიის ოპოზიციისათვის, არამედ თვითონ აშშ-ის არმიისათვის.
რაც შეეხება „საბჭოურ იარაღს“, რომელიც ვითომდა სირიელი ოპოზიციისათვის იყო განკუთვნილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამის თაობაზე სპეციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც კატეგორიულადაა უარყოფილი კომპანია Alliant techsystems operations-სთან თითქოსდა დადებული კონტრაქტის თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ კომპანიამ არ წარმოადგინა იარაღის „საბოლოო მოსარგებლის სერტიფიკატი“, რის გარეშეც იარაღის ექსპორტი საქართველოდან აკრძალულია. „კომერსანტის“ მონაცემებით, მხედველობაშია ის, რომ თბილისმა ვერ მიიღო იმის გარანტია - ჩაუვარდებოდა თუ არა იარაღი ხელში სირიაში მოქმედ ქურთთა დაჯგუფების მებრძოლებს. თუ მოვლენები ასეთი სცენარით განვითარდებოდა, ეს გამოიწვევდა მეზობელი თურქეთის მწვავე გაღიზიანებას, ანკარასთან ურთიერთობის გაურესების გარისკვა საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, აშშ-სთან პარტნიორობის გათვალისწინებითაც კი.
ის, რომ სწორედ „თურქულ-ქურთული“ საკითხი გახდა გარიგების ჩაშლისა და თბილისის მხრიდან ძველი იარაღის გაყიდვის კონტრაქტის დადებაზე უარის მიზეზი, „კომერსანტთან“ საუბრისას დიპლომატიური აკადემიის ექს-რექტორი იოსებ ცინცაძეც ვარაუდობს: „ცხადია, როცა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი გაიგებდა, რომ საქართველოსგან გატანილი იარაღი, გინდაც შუამავლის მეშვეობით, ქურთებს ხელში მოხვდა, იგი ძალიან გაბრაზდებოდა“. ამასთან, ექსპერტის თქმით, ყველა შემთხვევაში ქართული არმიის რესურსები „საბჭოური იარაღის“ ექსპორტის თაობაზე მკვეთრად შეზღუდულია: „რუსებმა საქართველოდან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ძალიან ბევრი იარაღი გაიტანეს, სამხედრო ტროფეის (ნადავლის) სახით. რაც დარჩა, ის უკვე სამხედრო მიზნებისთვის გამოუსადეგარია“
https://www.kommersant.ru/doc/3336455
