„დღეს აზერბაიჯანი, რთული სიტუაციის მიუხედავად, წარმატებებს აღწევს: მსოფლიო სულ უფრო მეტად იცნობს ჩვენს ქვეყანას, მატულობს ტურისტული
პოტენციალი... მაგრამ, როგორც ნათქვამია, „ერთი წვეთი კუპრი მთელ კასრ თაფლს აფუჭებსო“: დროდადრო თავს წამოყოფენ ხოლმე დესტრუქციული ძალები, რომლებსაც 1990-იან წლებში გამეფებული ქაოსის დაბრუნება სურთ. მართალია, მათი მცდელობა უშედეგოა, მაგრამ ისინი მაინც არ ისვენებენ და აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას აგრძელებენ. ამას მოწმობს საქართველოში მომხდარი მოვლენებიც, სადაც ჩვენი ქვეყნის მოძულეთა ბანდაა მოკალათებული და რომლის ერთ-ერთი წევრი საკუთარ თავს „ცნობილ ჟურნალისტს“ უწოდებს. მათ ორმაგი მიზანი აქვთ: აზერბაიჯანში ქაოსი დათესონ და ორი მეგობარი ქვეყანა ერთმანეთს წაჰკიდონ“, - ნათქვამია აზერბაიჯანულ გამოცემა «Эхо»-ს მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს დასაწყისში (ავტორი - ა.საიდოვი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომლის რესპონდენტი აზერბაიჯანის დამსახურებული ჟურნალისტი აზერ ჰასრეტია:
- საქართველოში მომხდარმა ცნობილმა მოვლენებმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია როგორც აზერბაიჯანში, ასევე თვით საქართველოშიც. მეტსაც ვიტყვით: მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებამ მხარდაჭერა აღმოგვიჩინა აზერბაიჯანის მტრების მიერ მოწყობილ იატაკქვეშა ქსელის ლიკვიდირებაში. როგორია თქვენი თვალსაზრისი?
- დიახ, დღეს ჩვენი საზოგადოება იმ ადამიანების დაპატიმრების ამბავზე მსჯელობს, რომლებიც საქართველოში იყვნენ მოკალათებულნი და იქიდან აზერბაიჯანის სტაბილურობის დარღვევა სურდათ. ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე მიიღო ზომები მათი საქმიანობის აღსაკვეთად. ბუნებრივია, ბევრი კომენტარიც კეთდება. ამასთან, ზოგიერთი ძალა ცდილობს, რომ მომხდარი ფაქტი „სხვაგვარად მოაზროვნეებზე“ განხორციელებულ ზეწოლად წარმოაჩინოს. მაგრამ განა ეს მართლაც ასეა? ნორმალურ საზოგადოებაში ოპოზიცია უნდა არსებობდეს. ოპოზიცია შეიძლება ხელისუფლებას რაღაც საკითხებში არ ეთანხმებოდეს, მაგრამ ოპოზიციური პარტიისათვისაც სახელმწიფოებრივი ინტერესები ყველაზე მაღლა უნდა იდგეს! სამწუხაროდ, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის...
საქართველოში მყოფ აზერბაიჯანელ [„სხვაგვარად მოაზროვნეთა“] ჯგუფს მილიონობით დოლარი აქვს გამოყოფილი უცხოეთიდან, მაგალითად ორგანიზაციიდან National Endowment for Democracy — NED (...) რამდენიმე მათგანი უკვე დაპატიმრებულია. ცხადია, არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ეს ადამიანები საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ. საიდან ღებულობდენ ფულს, ამის ინფორმაცია არ გვქონდა... მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ ადამიანების მიზანი აზერბაიჯანში დაპირისპირების მოხდენა იყო. მათ სტაბილურობა არ აწყობთ!
- ჩვენი ქართველი კოლეგების თქმით, აფგან მუხთარლის დაკავება აისბერგის მხოლოდ ზედა ნაწილია... სინამდვილეში მათ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის გაუარესებაც სურდათო. რას იტყვით ამის თაობაზე?
- დიახ, მეც ასე ვფიქრობ. ამ საკითხს ფართოდ უნდა მივუდგეთ. ვეთანხმები ქართველ კოლეგებს, რომ ამ შემთხვევაში ქართულ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გამოწვევა ჰქონდათ ჩაფიქრებული. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ქვემო ქართლში მომხდარი უწესრიგოებები და აჭარაში ახალი მეჩეთების გამო უკმაყოფილება მხოლოდ უვერტიურა იყო. დღევანდელი ისტერია - თითქოსდა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცება ქართული სპეცსამსახურების მიერ და მისი გადაცემა აზერბაიჯანული სპეცსამსახურებისათვის სწორედ წინა პერიოდის პროვოკაციული მოვლენების სცენარის გაგრძელებაა. სინამდვილეში აფგან მუხთარლი ჟურნალისტი კი არ არის, არამედ სკანდალისტი ჟურნალისტის ჰაჯიჯა ისმაილოვას პირადი მცველია. მან ცოლად შეირთო პარტია „მუსავატის“ პრეს-ცენტრის თანამშრომელი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც საქართველოში „ჯიპას“ ინსტიტუტში სწავლობდა.
ზემოთჩამოთვლილი ადამიანები საქართველოში ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთის ცნობილი წარმომადგენლები არიან. ისინი ბაქოდან თბილისში „ოპოზიციონერებად“ გაიქცნენ იქიდან კი აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალებას - „ფერად რევოლუციას“ ამზადებდნენ, ილჰამ ალიევის ხელისუფლების დამხობას! მათი კურატორები დასავლეთის დივერსიულ-ძირგამომთხრელი ორგანიზაციები არიან, რომლებიც დიდი ხანია მთელ მსოფლიოში „ფერადი რევოლუციების“ განხორციელებაზე არიან დასპეციალებული: Freedom House, People in Need, Human Rights Watch, NDI და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც მომენტალურად გამოექომაგა სპეციალური განცხადებით ამ „რაიონული მასშტაბის“ ფაქტს და აფგან მუხთარლის საქმის „გამჭვირვალე გამოძიება“ და მისი გათავისუფლება მოითხოვა... და თან აღნიშნა, რომ მოვლენებს „გულდასმით დავაკვირდებითო“...
კოლეგებს იმაშიც ვეთანხმები, რომ მიუხედავად აზერბაიჯანის კომპეტენტური ორგანოების განცხადებისა, რომ აფგან მუხთარლი მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოში არსებულ ყველა იმ ანტიაზერბაიჯანულ ძალასთან, რომელთა საქმიანობა ჩვენს ტერიტორიაზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ აკრძალულია, ოფიციალური თბილისი დღესაც კი არ იღებს გადამწყვეტ ზომებს საქართველოში ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთის საქმიანობის აღსაკვეთად.
http://ru.echo.az/?p=60379
