აზერბაიჯანული გამოცემა "Каспiй" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივას, მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით, ანალიტიკოს
რაუფ ორუჯევის სტატიით ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
ძალზე საინტერესო განცხადება გააკეთა საქართველოს კათოილიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გასულ კვირას თბილისში, წმინდა სამების ტაძარში გამართული ქადაგების დროს: „იქნებ გვეფიქრა ხელისუფლების ისეთი ფორმის შემოღებაზე, როგორიცაა საკონსტიტუციო მონარქია. მას ქვეყანაში სიმშვიდის მოტანა შეუძლიაო“. საერთოდ, ჩვენი მეზობელი ქვეყნის სულიერი მოძღვარი ასეთი წინადადებით პირველად არ გამოდის. გავიხსენოთ, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში ეს იდეა საქართველოში საკმაოდ პოპულარული იყო. მაშინ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ილია მეორის ინიციატივით მოძებნეს და თბილისში ჩაიყვანეს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის უკანასკნელი შთამომავლები და ისინი ერთმანეთზე დააქორწინეს. შემდეგ „ტახტის მემკვიდრეც“ დაიბადა... მადრიდში, სადაც მამამისის წინაპრები ცხოვრობდნენ. მოგვიანებით ამ თემამ უკანა პლანზე გადიწია, მაგრამ ახლა კვლავ აქტუალური გახდა. იბადება კითხვა - რატომ?
--------
„საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია?, - მიმართა ილია მეორემ მრევლს და გაახსენა, რომ უწინ საქართველოს მეფე მართავდა, - „დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი. მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ადამიანი გამონახავს გზებს მშვიდობისაკენ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობა და სიყვარული სუფევდეს მსოფლიოში“.
საინტერესოა, რომ პატრიარქის ამ წინადადებაზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სწრაფად მოახდინა რეაგირება: პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კათოლიკოს-პატრიაქრის წინადადებას საკონსტიტუციო მონარქიის შემოღების თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობა აუცილებლად განიხილავსო. მას კვერი დაუკრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმაც და ხაზი გაუსვა, რომ ამ ფორმის მმართველობას იგი პირადად პოზიტიურად მიიჩნევს. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელებს არც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არ ჩამორჩა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო მონარქიის შემოღება, ალბათ, დადებით როლს შეასრულებს ქვეყნის განმტკიცებაში. ეს შეიძლება ხვალ-ზეგ არ მოხდეს, მაგრამ დადგება დრო, როცა იდეა განხორციელდებაო. „საკითხი ძალიან სერიოზულია, რადგან პატრიარქი ამას უკვე მეორედ ითხოვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
და მაინც, სიტუაციის სერიოზულობა ყველასათვის გასაგები მაინც არ არის. თუ ილია მეორე ამას უკვე არაერთხელ ითხოვს, მაშინ საკონსტიტუციო მონარქია იქნებ მისი პირადი იდეფიქსია? მაგრამ მაშინ რატომ დაუჭირეს მხარი სასწრაფოდ ხელისუფლების ასეთ ფორმას „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა?
http://www.kaspiy.az/news.php?id=62738#.WUoYMYqQzs0
----------
ამ თემაზე საუბარია რუსულ «Независимая газета»-ში დღეს, 21 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაშიც სათაურით „საქართველო ძირითად კანონს ნელ-ნელა და ეტაპობრივად იღებს // ილია მეორის წინადადება მონარქიის აღდგენაზე საკონსტიტუციო რეფორმას არ უკავშირდება“ (ავტორი - იური როქსი). წყარო: http://www.ng.ru/cis/2017-06-20/6_7012_georgia.html
