«Lragir» (სომხეთი): ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა „მოკვდა“?
«Lragir» (სომხეთი): ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა „მოკვდა“?
10:37 21.06.2017
სომხური გამოცემა "ლრაგირი" ანალიტიკოს ნაირა აირუმიანის სტატიას აქვეყნებს, რომელოიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლის თარიღის კიდევ ერთხელ გადადებას ეხება.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:

აზერბაიჯანული მასმედია სინანულით იტყობინება, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლოატაციაში გაშვება კიდევ ერთხელ გადაიდო. აპრილში თურქი მინისტრი აჰმედ არსლანი იფიცებოდა, რომ ივნისის ბოლოს მოძრაობა დაიწყებაო, ახლა ამბობენ, რომ ყარსში სამივე ქვეყნის სარკინიგზო საქმის ჩინოვნიკები ყარსში შევიკრიბებით, მოვითათბირებთ და იქ გადავწყვეტთ საკითხსო, იქნებ რკინიგზა წლის ბოლომდე ავამოქმედოთო.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას პრობლემა ძირითადად თურქულ მონაკვეთზე აქვს.

საინტერესოა, რატომ აჭიანურებს თურქეთი რკინიგზის გაშვებას, რომელიც სომხეთის ტერიტორიის გვერდის ავლით გაივლის? ექსპერტების აზრით, სწორედ იმიტომ, რომ რკინიგზამ სომხეთს გვერდი აუქცია, დასავლური ფონდები პროექტს არ აფინანსებენ. სწორედ ფინანსური პრობლემების გამო უკვე ათ წელზე მეტია შენდება ეს რკინიგზა და ჯერაც ვერ დასრულებულა.

რეგიონული ექსპერტები ცდილობენ გაარკვიონ - მართლაც „გვერდს უქცევს“ თუ არა რკინიგზა სომხეთს? აქ ერთ მომენტს უნდა მივაქციოთ ყურადღება: მართალია, ბაქო-თბილის-ყარის რკინიგზა სომხეთის ტერიტორიაზე უშუალოდ არ გადის, მაგრამ სომხეთის რკინიგზა ხომ უკავშირდება საქართველოს რკინიგზას? ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია მისი გამოყენება, ტვირთების გაგზავნა-მიღება... თუ ეს ასე არაა, მაშინ საქართველომ სპეციალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - სომხეთს რკინიგზით სარგებლობა ეკრძალებაო (ალბათ, აზერბაიჯანის ზეწოლით).

ტექნიკური თვალსაზრისით, ეს საკმაოდ რთული საკითხია. გამოდის, რომ საქართველო სომხეთის და მისი პარტნიორების წინააღმდეგ ღია კონფრონტაციაზე უნდა წავიდეს - უნდა განაცხადოს, რომ თავის ტერიტორიაზე სომხებს უფლებას არ მისცემს რკინიგზით ტვირთები გაგზავნონ, მაგრამ ასეთ ნაბიჯს უკვე საერთაშორისო სკანდალის სუნი აუვა. მით უმეტეს, რომ სომხეთის რკინიგზები კონცესიური მმართველობით აქვს გადაცემული რუსეთის რკინიზებს. ანუ თურქეთ-აზერბაიჯანმა რუსეთს „თავიანთი“ რკინიგზით სარგებლობა უნდა აუკრძალონ.

შესაძლოა, სწორედ ამ კაზუსის გამო აჭიანურებს თურქეთი რკინიგზის ექსპლოატაციის დაწყებას. აშკარაა, რომ როგორც კი ბაქო-თბილის-ყარსს გაუშვებენ, სომხეთის ტვირთებიც ნელ-ნელა და ჩუმად იმოძრავებს. ეს ისაა, რაც ყველაზე ძალიან არ სურს არც ბაქოს და არც ანკარას. და თუ თბილისი ერევანს ტვირთების მიღება-გაგზავნას აუკრძალავს, ამით საქართველო თავისუფალი ლოჯისტიკური ბაზრისა და დერეფნის იმიჯს დაკარგავს.

რასაკვირველია, ალბათ, არის სხვა მიზეზებიც, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არ ამუშავდეს. ეს შეიძლება უკავშირდება რომელიმე ქვეყნის დაინტერესებას რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში შუღლის შეტანით - ვთქვათ, ირანის ან დასავლეთის ქვეყნების დაინტერესებას, რომლებსაც სამხრეთ კავკასიაში გამმიჯნავი ხაზების გავლება კი არ სურს, არამედ ის, რომ რეგიონი ღია იყოს და პრობლემები მოგვარდეს.

ასეა თუ ისე, ექსპერტთა პროგნოზები, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი თავიდანვე მკვდრადშობილი იყო, თანდათან რეალური ხდება. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ დიდი ხანია არსებობს ბთყ-ის შემცვლელი რკინიგზა სომხეთში - გიუმრი-ყარსი (თურქეთის მიმართულებით) და ჯულფა-ნახჭევან--ჯულფა (ირანის მიმართულებით).

ამ მკვდრადშობილ პროექტში ყველაზე მეტი ფული აზერბაიჯანმა დახარჯა. ბაქო საქართველოსაც კი უფინანსებდა მარაბდა-ახალქალაქის მონაკვეთის მოდერნიზების სამუშაებს. შესაბამისად, ყველაზე მეტს აზერბაიჯანი კარგავს. მით უმეტეს, რომ ჯერაც არ დასრულებულა რეშტ-ასტარას რკინიგზის მშენებლობა აზერბაიჯანსა და ირანს შორის.


http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/56448

ბეჭდვა