"თურქეთსა და აზერბაიჯანში ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერების გამო საქართველოს წონასწორობის დაცვა. თბილისის
მდგომარეობა ბაგირზე მოსიარულეს მოგვაგონებს, რომელსაც ფეხი რამდენჯერმე დაუცდა, მაგრამ ჯერ არ ჩამოვარდნილა“, - ამბობს ჟურნალისტი კატერინა პროკოფიევა აშშ-ის რადიო „თავისუფალი ევროპა//თავისუფლების“ რუსული სამსახურის - რადიო „სვობოდას“ პროექტ „ეხო კავკაზას“ ეთერში. იგი ამ თემაზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური ფილოსოფიის კათედრის დოცენტ გიორგი მასალკინს ესაუბრება.
ინტერვიუში გიორგი მასალკინი აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ, საქართველო თავისი მეზობლების - თურქეთ-აზერბაიჯანის აქტიური პარტნიორია (კასპიის ნავთობის ექსპორტში), გარდა ამისა, საქართველო-თურქეთის საზღვარი ერთადერთია მეზობლებს შორის, რომელიც სრულადაა დელიმიტირებულ-დემარეკირებული. ამასთან, მეორე მხრივ - ორივე ქვეყანაში იზრდება ავტორიტარიზმის ნიშნები, რასაც საქართველოზე ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია. მაგალითად, აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან და თურქ პედაგოგთან დაკავშირებულ ამბებს, საინგილოში მდებარე ქართულ ეკლესიაში მომხდარ ფაქტს და ა.შ. ცნობილია, რომ საქართველო, ენერგოუზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებულია აზერბაიჯანზე. თბილისი ცდილობს, რომ ენერგიით უზრუნველყოფაში დივერსიფიცირება მოახდინოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით გაზით (და ნაწილობრივ ბენზინით) მომარაგების საკითხში აზერბაიჯანი მაინც მთავარ როლს ასრულებს.
„ვინ ვის უფრო ჭირდება - აზერბაიჯანს საქართველო თუ საქართველოს აზერბაიჯანი? აზერბაიჯანს, საქართველოს გარდა, კასპიის ენერგოშემცველების უცხოეთში ექსპორტისათვის კიდევ ორი დერეფანი რჩება - რუსული და ირანულ-თურქული. თუმცა ქართული მარშრუტი ბაქოსათვის ყველაზე მისაღებია, ანუ აზერბაიჯანს საქართველო ჭირდება. მეორე მხრივ, რადგანაც საქართველოს არ აქვს არც ნავთობი და არც ბუნებრივი გაზი, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება აზერბაიჯანთან პარტნიორობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ცვენ ვღცებით რუსულ გაზზე დამოკიდებული. შექმნილია სიტუაცია - ვინ როგორ ისარგებლებს პოლიტიკური სიტუაციით და როგორ გადაითამაშებს“, - ამბობს გიორგი მასალკინი.
თურქ პედაგოგთან დაკავშირებულ ამბებზე საუბრისას რესპოდენტი აღნიშნავს, რომ იგი კარგად იცნობს იმ კოლეჯს ბათუმში, რომელშიც მუსტაფა ჩაბუქი ასწავლიდა. საქართველოში რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაა, რომლებიც, თურქეთის მთავრობის აზრით, გიულენისტთა ხელშია მოქცეული, თუმცა მათთან მიმართებით რაიმე ტერორისტულ საქმეებზე საუბარი წარმოუდგენელია. ამის მიუხედავად, დღევანდელი თურქეთის ხელისუფლების პოლიტიკა გიულენიზმის კვალის მოშთობით არის დაკავებული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც, მათ შორის საქართველოშიც.
„რა უნდა გააკეთოს ამ დროს საქართველომ? თურქეთის გენკონსულის მინიშნებების მიუხედავად, რომ სკოლა საქართველოს უნდა დაეხურა, თბილისი გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებდა, ზეწოლას უძლებდა, მაგრამ საბოლოოდ, პრემიერ ილდირიმის ვიზიტის შემდეგ, სკოლა მაინც დაიხურა, რაც, ჩემი აზრით, არასწორია. ყველამ გაიგო, რომ ყველაფერი თურქეთის გავლენით მოხდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა სუსტია და რეგიონალურ ზესახელმწიფოს - თურქეთის ნებას ექვემდებარება. რა თქმა უნდა, ეს ცუდია. შეიძლებოდა თუ არა ამ ყვეკაფრის თავიდან აცილება? ვფიქრობ, რომ ყოველთვის შეიძლება ზეწოლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ამისათვის, პირველ რიგში, პოლიტიკური ნების გამოვლენაა საჭირო, ინტელექტუალური პოტენციალი, მოლაპარაკების წარმოების ხერხები და ა.შ. ჩვენ, სამწუხაროდ, [საკუთარ თავში] ძალა ვერ ვიპოვეთ და ამ საკითხში დავთმეთ“, - ამბობს გიორგი მასალკინი.
- საქართველოს უკვე დიდი ხანია აშინებენ თურქეთის ექსპანსიით და ანკარის მიერ აჭარის შესაძლო ანექსიით. რამდენად სიცოცხლისუნარიანია ეს შიშები ქართულ საზოგადოებაში და რამდენად აქვთ საფუძველი?
- მე ყოველთვის ვფიქრობ: რამდენ ადამიანს, განსაკუთრებით პოლიტიკოსს აქვს წაკითხული 1921 წლის ყარსის ხელშეკრულება? ამას წინათ ამ საკითხით დავინტერესდი. იცით, მე დღთემდე ვერ ვიპოვე პასუხი კითხვაზე - ეს ხელშეკრულება კვლავ ზალაშია თუ არა?
- მაგრამ დოკუმენტი, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არავის არ გაუუქმებია...
- დიახ, ის გაუქმებული არ არის. არსებობს თვალსაზრისი, რომ დოკუმენტის ვადის გაგრძელება [პროლონგაცია] თითქოსდა ყოველ 25 წელიწადში ხდებაო. ექსპერტთა რომელიღაც ჯგუფი ამტკიცებს, რომ 2021 წელს ხელშეკრულების მოქმედების ვადა წყდება, რადგან ის 100 წლით იყო დადებულიო. მესამენი ამბობენ, რომ ყარსის ხელშეკრულება უვადოა. ანუ თუ რომელიმე მხარე უარს არ იტყვის, მისი მუდმივობა გაგრძელდება. ასეა თუ ისე, პოლიტიკური კონიუნქტურისა და გეოპოლიტიკური სიტუაციის კვალობაზე, ამ დოკუმენტზე ხელმომწერ ყოველ მხარეს მისი გამოყენება საკუთარი მიზნების შესაბამისად შეუძლიათ. მე მხედველობაში მაქვს უპირველესად რუსეთი და თურქეთი, რადგან იმ დროს ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკა - საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთ სუბიექტად გამოდიოდნენ. უფრო მეტიც - არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს ერთპიროვნულად, ცალკე მოქმედება არ შეუძლია, რადგან, რუსეთზე რომ არაფერი ვთქვათ, აუცილებელია აზერბაიჯანისა და სომხეთის მხარის თანხმობაც.
მოკლედ, ყარსის ხელშეკრულებას ყველა სხვადასხვანაირად კითხულობს, ცუდი სიზმრის მსგავსად. მაგრამ ასევე ყველამ კარგად იცის, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის მომხდარი ომის დროს, რეჯეფ ერდოღანი სასწრაფოდ გაფრინდა მოსკოვში სამუშაო ვიზიტით. იმ დროს საქართველოში ყველა დარწმუნებული იყო, რომ მოლაპარაკების დროს თურქეთის პრემიერს თითქოსდა რუსეთის ლიდერისთვის ასე უთქვამს - თუ შენს ტანკებს თბილისში შეიყვან, მაშინ მე ჩემს ტანკებს აჭარაში შევიყვანო, ანუ აჭარას არ მოგცემო. ამის შესახებ დიდმა და პატარამ იცის... რა მოხდება ხვალ, ამის თქმა ძნელია. კავკასია რთული რეგიონია, დენთის კასრს ჰგავს, რომელიც ყოველთვის შეიძლება აფეთქდეს. ამის დადასტურებას ჩვენ ვხედავთ თუირქეთის მოვლენებით, ირანში მომხდარი ამბით... ყატართან დაკავშირებულ მოვლენებსაც კი საქართველოზე გავლენის მოხდენა შეუძლია
სამმილიონიან საქართველოს გვერდით უდიდესი, 80-მილიონიანი სახელმწიფო არსებობს, განვითარებული ეკონომიკით... ბუნებრივია, ჩვენი ეკონომიკა თურქული ეკონომიკის გავლენის ქვეშაა. თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. აჭარაში ყველგან და ყველაფერში თურქული კაპიტალი ჩანს. ჩვენთან ზალიან ბევრი თურქი ცხოვრობს, რომლებმაც საქართღველოს მოქალაქეობა განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მიიღეს. მათი რაოდენობა ათასებია. ბათუმში უკვე შეიქმნა ე.წ. „თურქული კვარტალი“ თავისი რესტორნების, კაზინოების, სასტუმროების ქსელით. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ როცა გვერდით უზარმაზარი სახელმწიფოა, ის ყოველთვის გავლენას ახდენს მეზობელზე - არა მარტო ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურად, რელიგიურად... იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი სახელმწიფო ღარიბი [და სუსტია], პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური ექსპანსია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს“.
---------
ინტერვიუში გიორგი მასალკინი საუბრობს აგრეთვე სამმხრივ საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სამხედრო თანამშრომლობაზე, სომხეთის პოზიციაზე, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის პიროვნებაზე, მისი მოქმედების პროგნოზირებულობაზე და სხვა საკითხებზე.
