„საქართველოს მეწარმეთა მსხვილი არაფორმალური ორგანიზაციები კონსტიტუციიდან იმ სტატიის ამოღების წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომელიც
„ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ სახელითაა ცნობილი. მათი აზრით, აქტის გაუქმება ქვეყნის ინვესტიციურ მიმზიდველობას დააქვეითებს, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკურ ზრდას შეანელებს, ბიზნესის წარმოებას ხელს შეუშლის და საბოლოოდ, გააუარესებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას“, - ასე იწყება „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებია განხილული, ეკონომიკის კუთხით (ავტორი - იური როქსი).
პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის ფადი ასლის ინტერვიუს, რომელიც ჟურნალ „ტაბულაში“ დაიბეჭდა. ფადი ასლის თქმით, „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ გაუქმება საქართველოს მთავრობას მსოფლიო ბანკმა ურჩია, რომელიც, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ „აქტი“ ხელს უშლის საპენსიო რეფორმის რეალიზებას (დაგროვებით სისტემაზე გადასვლას). „კონსტიტუციის ამ მუხლის გაუქმებას არასასიამოვნო შედეგები მოჰყვებაო, უცხოური ბიზნესი საქართველოს კრიტიკულად შეაფასებსო და ისედაც რთულ სიტუაცია კიდევ უფრო გააურესდებაო, - ამბობს ფადი ასლი. მისი აზრით, საპენსიო რეფორმის განხორციელება აქტის გაუქმების გარეშეც შესაძლებელია.
რას ნიშნავს „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“? სტატიაში მოკლედაა მიმოხილული კონსტიტუციის ამ დებულების ისტორია და მიზანი: დოკუმენტი მიღებულია 2010 წელს, მაგრამ ძალაში 2013 წელს შევიდა. „აქტის“ თანახმად, მთავრობას ახალი გადასახადების შემოღება მხოლოდ რეფერენდუმის მეშვეობით შეუძლია; სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ხარჯები - 30%-ს; ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ის ფარგლებში უნდა იყოს. „აქტის“ გაუქმების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ თუ აღნიშნული დებულება მართლაც ამოღებული იქნება კონსტიტუციიდან, მაშინ ხელისუფლებას ხელ-ფეხი გაეხსნება და ეკონომიკაში ნეგატიური ცვლილებები მოხდება.
მთავრობისადმი მოწოდებას „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ შენარჩუნების თაობაზე მხარი დაუჭირა ქვეყნის ათმა ბიზნეს-გაერთიანებამ და პოლიტიკურმა ოპოზიციამ, მაგალითად, „ევროპულმა საქართველომ“, რომლის ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მთავრობის მოქმედება თითოეულ მოსახლეზე უარყოფითად აისახებაო.
ეს კიდევ არაფერი: ძირითადი კანონის კრიტიკოსებს კიდევ ერთი დამატებითი საბაბი გაუჩნდათ ხელისუფლებისადმი შეტევისათვის - მის გარდა, რომ პრეზიდენტი და ოპოზიცია ერთიანი ფრონტით გამოდიან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სახელმწიფოს მეთაურის არჩევის წესის საკითხში, ხმების გადანაწილების საკითხში და ა.შ., ახლა ვენეციის კომისიის შენიშვნებიც დაემატა, რომელიც ოპოზიციის კრიტიკულ შეფასებებს ემთხვევა. მაგალითად, ვენეციის კომისიამ არასწორად ჩათვალა პარლამენტში მანდატების გადანაწილების წესი. კომისიის აზრით, აუცილებელია საარჩევნო ზღურბლის (ბარიერის) 5%-დან 3%-მდე დაწევა, რათა პარლამენტში უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი სხვადასხვა პარტიები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების განხორციელება (ანუ პირდაპირი-საყოველთაო არჩევის წესის შეცვლა პარლამენტის წევრების მიერ არჩევით). ვენეციის კომისიამ ეჭვი შეიტანა აგრეთვე „ოჯახის“ განმარტებაშიც.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ვენეციის კომისიამ მთლიანობაში კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი ნეგატიურად შეაფასაო (ჩვენი წყაროებისაგან ვიცითო!) და ხელისუფლება ამას ხალხს უმალავსო. ერთადერთი პოზიტიური დასკვნა ეხება მხოლოდ მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით შეცვლასო, - ამტკიცებენ „ნაციონალები“.
ასეა თუ ისე, ჯერ-ჯერობით მთლიანად გარკვეული არ არის. შესაძლოა, „ნაციონალები“ „მეოცნებეებს“ მხოლოდ კბენენ. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხში თანხმობა არ არის, ზოგიერთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გულმოსულმა განაცხადა, გადავდგები, თუ ამ ინიციატივას ჩემივე თანაპარტიელები დაჩეხავენო.
http://www.ng.ru/cis/2017-06-15/6_7008_georgia.html
