«Sverige Radio»(შვედეთი): მარიამის და ნინოს ისტორია; რატომ არ უხდიან უცხოელები ფულს ქართველ სუროგატ დედებს?
«Sverige Radio»(შვედეთი): მარიამის და ნინოს ისტორია; რატომ არ უხდიან უცხოელები ფულს ქართველ სუროგატ დედებს?
10:03 17.06.2017
"საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი უშვილო შვედი წყვილი ჩადის, რომ შვილები სუროგატული დედის მეშვეობით იყოლიონ. მათი უმრავლესობა საქართველოს საერთაშორისო სუროგატულ სააგენტო „ახალ სიცოცხლეს“ მიმართავს, მაგრამ „ახალი სიცოცხლე“ გარანტიას არ იძლევა, რომ სუროგატული დედა ფულს აუცილებლად მიიღებს"-ამის შესახებ შვედური რადიოს "Sverige Radio"-ს მიერ მომზადებულ მასალაშია საუბარი.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:

„ჩვენ თვეში დაახლოებით ოთხი-ხუთი შვედი წყვილი მოგვმართავს“, - ამბობს სოფიო უკლება, „ახალი სიცოცხლის“ კოორდინატორი.
შვედეთში სუროგატული დედობა აკრძალულია, მაგრამ საქართველოში ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალურია, ანუ სუროგატულ დედას ბავშვის [დაკვეთით] გაჩენა შეუძლია: „არა, მას არ აქვს ბავშვის ყოლის უფლება, იგი მხოლოდ ბავშვს მუცლით ატარებს. საქართველო კარგი ადგილია სუროგატული დედობისათვის, მაგრამ კანონი მაინც სრულყოფილი არ არის, - ამბობს სოფიო უკლება, - თუ მომავალი მშობლები კონტრაქტის თავიანთ ნაწილს დაარღვევენ, არ არსებობს იმის გარანტია, რომ სუროგატული დედა თავის კუთვნილ ფულს მიიღებს“.

მარიამი თბილისში, ერთ-ერთი მაღლივი შენობის ღარიბულ ბინაში ცხოვრობს. იგი სუროგატული დედა გახდა, რათა საკუთარი შვილების გასაზრდელად ფული ჰქონოდა. სამწუხაროდ, მან ნაადრევად იმშობიარა და ბავშვი (ვაჟი) ჯანმრთელი არ დაიბადა. მშობლებმა იგი სამშობლოში (შვედეთში) წაიყვანეს, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ ის გარდაიცვალა. შვედმა წყვილმა გადაწყვიტა, რომ მარიამისათვის ფული არ გადაეხადა. „ახალი სიცოცხლე“ მარიამს ადვოკატით ეხმარება, მაგრამ სამი წელი გავიდა და მას ჯერ ფული არ მიუღია. „მაგრამ მე უკან არ დავიხევ“, - ამბობს მარიამი, - „ბრძოლა უნდა გავაგრძელო იმიტომ, რომ ეს არის ჩემი შვილების კუთვნილი თანხა. მე სუროგატული დედა ჩემი შვილების გამო გავხდი და მათთვის გავაგრძელებს ბრძოლას. ჩემმა შვილებმა დღეს ეს არ იციან, მაგრამ როცა გაიზრდებიან, მიხვდებიან, თუ რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი“.

„ახალი სიცოცხლე“ სუროგატული დედობის მსურველებს წერილობით აფრთხილებს, რომ მას არ შეუძლია იყოს ანაზღაურების გარანტორი, რადგან კონტრაქტი სუროგატულ დედასა და მომავალ მშობლებს შორის ფორმდება. „ახალი სიცოცხლე“ მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებს და მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ მშობლების მხარე კონტრაქტს დაარღვევს.

ნატო შავლაყაძე ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის თავჯდომარეა და იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს ქალებს და ბავშვებს. მისი აზრით, სუროგატული დედობის ნებადართულობასთან ერთად აუცილებელია ამ სფეროში საკანონმდებლო სრულყოფაც, ანუ დედის უფლებებიც დაცული უნდა იყოს. „ჩვენ სრულყოფილი კანონი გვჭირდება. ეს აშკარაა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მსგავსი კომპანიების კონტროლის უფლება არ გვაქვს“, - ამბობს ნატო შავლაყაძე.
------
ანონსი: მაიკლი და ემილი შვედეთიდან თბილისში მიემგზავრებიან. ისინი შვიდი წლის განმავლობაში ცდილობდნენ ბავშვის გაჩენას, მაგრამ ამაოდ. ახლა კი ნინომ, სუროგატულმა დედამ, ეს-ესაა მათ შვილი გაუჩინა, საკეისრო კვეთით. ნინო 25 წლისაა. რამ აიძულა იგი თავისი სხეული გაექირავებინა? რატომ გახდა ნინო სუროგატული დედა? როგორ უნდა მისცეს მან სხვას ბავშვი, რომელსაც ცხრა თვე მუცლით ატარებდა? ეს ყველაფერი ჩვენს მორიგ გადაცემაში.


http://sverigesradio.se/sida/artikel.aspx?programid=83&artikel=6718444
http://sverigesradio.se/sida/avsnitt/904277?programid=909


ბეჭდვა