რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმის შესახებ ვენესუელის გამოცემა «El Nacional»-ში ჟურნალისტ ნარცისა გარსიას სტატია გამოქვეყნდა, სადაც საქართველოსა და
ესტონეთის ახალი ისტორია, ასევე ფილმის მიმოხილვაა წარმოდგენილი.
სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
ესტონეთი და საქართველო საბჭოთა კავშირის მიერ იყვნენ ოკუპირებული და შემდეგ მის შემადგენლობაში მოხვდნენ. მოგვიანებით ესტონეთი გერმანელმა ნაცისტებმა დაიკავეს. თავდაპირველად ესტონელები გერმანიის ვერმახტს საბჭოთა კავშირისაგან გამათავისუფლებელ არმიად მიიჩნევდნენ, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ისიც ოკუპანტი იყო და ლაპარაკი უკვე კიდევ ერთ ოკუპაციაზე დაიწყეს. II მსოფლიო ომის შემდეგ ესტონეთი კვლავ საბჭოთა სოციალისტურ მოკავშირე რესპუბლიკა გახდა. ასე იყო 1990 წლამდე, როცა ესტონეთში დამოუკიდებლობისათვის გამოსვლები დაიწყო. იმ დროს ბალტიის სამმა რესპუბლიკამ - ესტონელებმა, ლიტველებმა და ლატვიელებმა ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა მშვიდობიანად მოითხოვეს საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობა. 1991 წლის ამ მოვლენას „მომღერალი რევოლუცია“ უწოდეს.
რაც შეეხება საქართველოს, იქ იოსებ სტალინია დაბადებული. საქართველო 1921 წლიდან საბჭოთა სოციალისტურ მოკავშირე რესპუბლიკა იყო, 1991 წელს კი დამოუკიდებლობა გამოაცხადა. იმ ხანებში საქართველოს აფხაზეთში ომი ჰქონდა აფხაზ სეპარატისტებთან და ჩეჩენ ბოევიკებთან. აფხაზებს საქართველოსაგან გამოყოფა სურდათ და რუსების დახმარებით იბრძოდნენ, ქართველებს კი ერთიან სახელმწიფოდ სურდათ დარჩენილიყვნენ.
სამოქალაქო ომი (ეთნიკური კონფლიქტი) მეტ-ნაკლებად 1993 წელს დასრულდა, შემდეგ კი, 2008 წელს კვლავ დაიწყო უკვე საქართველო-რუსეთის ომის სახით, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით დასრულდა. აღასანიშნავია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს მსოფლიოში არცერთი სახელმწიფო არ აღიარებს, სამი ქვეყნის - რუსეთის, ნიკარაგუის და ვენესუელის გარდა.
ქართულ კინომატოგრაფიას, ისევე როგორც სხვებს საბჭოთა კავშირის პერიოდში, ჰქონდა თავისი „ოქროს საუკუნე“ – 1960-იანი წლების დასაწყისიდან 1980-იან წლებამდე. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეკონომიკური კრიზისისა და ფინანსური პრობლემების გამო, კინოფილმების გადაღება შეჩერდა. მოგვიანებით ბევრმა რეჟისორმა, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დახმარებით, 2001 წლიდან ფილმების გადაღება განაახლა. ერთ-ერთი ასეთი რეჟისორია ზაზა ურუშაძე, რომელიც კინემატოგრაფიაში 1989 წლიდან მოღვაწეობს. 2013 წელს მან გადაიღო თავისი მეხუთე ფილმი სახელწოდებით „მანდარინები“.
„ომი იდიოტობაა“, - განაცხადა რეჟისორმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც მან ესპანურ გაზეთს მისცა. თუ ამ ფრაზას განვაზოგადებთ, ის ფილმ „მანდარინებსაც“ ეხება. ფილმი მცირებიუჯეტიანია, მასში ოთხი გმირი მონაწილეობს. მსახიობები თავიანთ როლებს სრულიად ბუნებრივად ასრულებენ, თეატრალურობის გარეშე. საინტერესოდაა გადმოცემული ერთ-ერთი გმირის - მარგუსის სახე: იგი მაყურებელს პრაგმატიკოსად წარუდგება, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ მანდარინის („აფხაზეთის ოქროს“) მოსავალი არ დაკარგოს.
ომის დროს აფხაზეთში მდებარე ესტონურ სოფელში დურგალი ივო (ლემბიტ უფსაკი) ცხოვრობს, რომელიც სიკვდილისაგან გადაარჩენს დაჭრილ ჩეჩენ მებრძოლს აჰმედს (გიორგი ნაკაშიძე) და ქართველს (მიშა მესხი), თავის მეგობარ ექიმთან და მეზობელ მარგუსთან ერთად. ორი მებრძოლიდან ერთ-ერთი სწრაფად მომჯობინდება და ივოს მთავარი საზრუნავია ისინი - მტრები - ერთ სახლში როგორმე ერთმანეთს დააშოროს. თითქოსდა უფალმა ისე ისურვა, რომ დიდი კონფლიქტი შემცირებული სახით - ერთი სახლის მასშტაბით გაგრძელებულიყო.
როგორ უნდა დასძლიონ ადამიანებმა ერთმანეთის მიმართ სიძულვილი? რას ნიშნავს იდეოლოგიისათვის თავის გაწირვა? „მანდარინები“ შედარებით წყნარი ფილმია, მკაცრი და იმავდროულად მელანქოლიური, თუმცა კოვბოურ ფილმებსაც მოგვაგონებს. მასში კითხვებზე პასუხი არ არის, თუმცა, როგორც ზაზა ურუშაძე ამბობს, მთავარია ადამიანი ძალადობაზე მაღლა დადგეს, ერთმანეთს პატივი სცენ, მით უმეტეს, ერთი საერთო სივრცის პირობებში. და ეს ყველაფერი ივოს სახლში ხდება, რომელიც ორ მტრულად განწყობილ ადამიანზე კეთილ გავლენას ახდენს.
----------
«El Nacional» - ვენესუელის ყოველდღიური გაზეთი. ტრადიციულად მემარცხენე ცენტრისტული მიმართულების მქონე გამოცემა, თუმცა ბოლო ხანს უფრო ცენტრისტული გახდა. მართალია, 1998 წელს მხარი დაუჭირა უგო ჩავესს, მაგრამ დღეს უკვე ოპოზიციურ მოძრაობას ემხრობა. ტირაჟი - 170 ათასი ეგზ.
http://www.el-nacional.com/noticias/entretenimiento/nuestro-amigo-comun-mandarinas_187606
