საქართველოში ვიზიტი დაასრულა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, 80 წლის მადლენ ოლბრაიტმა. იგი თბილისს, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული
ინსტიტუტის (NDI) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში ესტუმრა. მასთან ერთად NDI-ის დელეგაციაში იყვნენ ორგანიზაციის პრეზიდენტი კენ ვოლაკი, დირექტორთა საბჭოს წევრები - ნენსი რუბინი და ყოფილი სენატორი თომას დაშელი.
როგორც ცნობილია, მადლენ ოლბრაიტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყო 1997-2001 წლებში. მანამდე კი იგი, 1982-93 წლებში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ლექციებს საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკაზე კითხულობდა, იყო აგრეთვე აშშ-ის ელჩი გაეროში.
ვიზიტი საქართველოში მადლენ ოლბრაიტმა კვირას, საოკუპაციო ხაზთან მდებარე, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისის მონახულებით დაიწყო. ოძისი ოკუპირებული ახალგორის სოფელ ახმაჯს ესაზღვრება, სადაც რუსეთის საოკუპაციო ბაზაა განლაგებული. ოძისის შემდეგ, არაოფიციალური ვიზიტით, გორში ჩავიდა და დასთან, კატერინა კორბელოვასთან ერთად, საბჭოთა ბელადის იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი მოინახულა.
საქართველოს პრეზიდენტმაც და პრემიერმაც ამერიკის პირველ ქალ სახელმწიფო მდივანს სპეციალურ ვახშამზე უმასპინძლეს. მადლენ ოლბრაიტმა, საქართველოში NDI-ის საქმიანობაზე საუბრისას კერძოდ აღნიშნა: „ძალიან დიდი დრო გავატარეთ საქართველოში, გავიარეთ სხვადასხვა ეტაპი, რასაც განსაკუთრებით ვაფასებ არის თქვენი სურვილი შეესაბამებოდეთ მაღალ სტანდარტებს, რადგან იცით, რომ სწორედ ეს ქმნის წარმატებულ ქვეყანას. ვფიქრობ, რომ ჩვენ ასევე ნამდვილი მეგობრები ვართ და შეგვიძლია ერთმანეთს რთულ საკითხებზე ვესაუბროთ. არ ვსვამთ კითხვებს, თუ რამდენად რთულია დემოკრატია, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ძალთა ბალანსი, კანონის უზენაესობა, მედიის განსაკუთრებული როლი. საქართველო ყოველთვის განსაკუთრებული მეგობარი და პარტნიორი იყო“.
საქართველოს პარლამენტში მადლენ ოლბრაიტი პარლამენტის თავმჯდომარეს და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს შეხვდა და გენდერის კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით დაინტერესდა.
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში კი მადლენ ოლბრაიტმა, კენ ვოლაკთან და საქართველოში აშშ-ს ელჩთან იან კელისთან ერთად, მონაწილეობა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) „მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამის“ დასკვნით ღონისძიებაში მიიღო. ეს პროგრამა მიზნად საკრებულოს წევრი ქალების პროფესიული უნარების განვითარებას ისახავდა. მასში საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტის, ახალციხის, ბათუმის, გურჯაანის, ზუგდიდის, თბილისის და ქუთაისის საკრებულოების 20 დეპუტატი ქალი მონაწილეობდა, რომლებიც 7 პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდნენ.
ორწლიანი პროგრამის ფარგლებში მათ 10 თემატური ტრენინგი გაიარეს, სპეციალური სერთიფიკატები სწორედ მალენ ოლბრაიტისგან მიიღეს, რომელმაც, კერძოდ, აღნიშნა: „საქართველო მაგალითია იმისა, რომ საზოგადოება უფრო სტაბილურია, როცა ქალები პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერდებიან. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის, რომ ამ პროგრამაში ჩართულმა ქალებმა თავი მიუძღვნეს ადგილობრივ პოლიტიკურ საქმიანობას. ეს არის ის, სადაც ყველაფერი იწყება და ეს არის ხელისუფლების ერთადერთი დონე, რომელსაც ყველა ყველგან ენდობა“.
ვიზიტის ფარგლებში, სპეციალურად მადლენ ოლბრაიტისთვის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ერისიონმა“ იცეკვა, რამაც ამერიკელი სტუმრები აღაფრთოვანა.
თბილისისა და შიდა ქართლიც გარდა, მადლენ ოლბრაიტმა ასევე მოინახულა კახეთი, სადაც არაფორმალურ ვითარებაში, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა, თუმცა, აშშ-ის 46-ე სახელმწიფო მდივანს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მადლენ ოლბრაიტი პირველად საქართველოში, ახალგაზრდა ქვეყნისთვის უმძიმეს დროს, 1994 წლის სექტემბერში, გაეროში ამერიკის ელჩის სტატუსით ჩამოვიდა. მან მაშინ თბილისის გარდა, ზუგდიდი და აფხაზეთიდან ეთნიკურ წმენდას გამოქცეული ქართველი დევნილები მოინახულა.
