აზერბაიჯანულ გამოცემა «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება რუსეთ-საქართველოს შორის დადებულ შეთანხმებას ე.წ. სავაჭრო დერეფნების
ანუ საბაჟო მონიტორინგის შესახებ, რომელიც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების მოძრაობის კონტროლს ითვალისწინებს: როგორც ცნობილია, სანკტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ სამიტზე მიწვეულმა საქართველოს ოკუპირებული ნაწილის - სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „ცხინვალი მზადაა ტვირთების ტრანზიტი უზრუნველყოსო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ ოსეთი აღნიშნული პროექტის თანასწორუფლებიანი პარტნიორი იქნებაო“. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სამხრეთ ოსეთის უკანონო ხელისუფლების საჭესთან შეურაცხადი ადამიანები დგანან, - აღნიშნულია სტატიაში (ავტორი - რაუფ ორუჯევი).
ანატოლი ბიბილოვის განცხადებას მხარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაუჭირა, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებამაც საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა - მოსკოვი თავს არიდებს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის საბაჟო მონიტორინგის შეთანხმების იმპლემენტაციასო“. „რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების კომენტარს მიზანმიმართულად ჩიხში შეჰყავს პროცესი. კერძოდ, რუსეთის მხარე ცდილობს წარმოაჩინოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ზემოხსენებული შეთანხმების მონაწილედ, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების პრინციპებსა და დანიშნულებას. 2011 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების ამგვარი ინტერპრეტაცია პრინციპულად მიუღებელია ქართული მხარისათვის და ეს იმთავითვე ცნობილი იყო ოფიციალური მოსკოვისათვის. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებს, გადახედოს თავის არაკონსტრუქციულ პოზიციას და შეუდგეს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების უპირობო შესრულებას», - ხაზგასმულია განცხადებაში. თბილისის რეაქცია სრულიად გამართლებულია.
1994 წლიდან, როცა საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის მიმდინარე ბრძოლის სამხედრო ფაზა შეწყდა, ამის მიუხედავად, ჩვენს მეზობელ რესპუბლიკას არასოდეს შეუწყვეტია მცდელობა და უარი არ განუცხადებია სამხრეთ ოსეთის ოკუპანტებისაგან გათავისუფლების განზრახვაზე. თბილისი ყველგან და ყოველთვის ღირსეულად იცავს თავის უფლებებს, მაგრამ ცხინვალელი „პრეზიდენტების“ ტვინი გარემოებას ვერ აცნობიერებს, ცდილობენ, რომ გაძვრომ-გამოძვრომებით და რაღაც ხრიკებით მოახერხონ და საკუთარი თავი საერთაშორისო სამართალსუბიექტებად წარმოადგინონ. რასაკვირველია, ტყუილად იდგამენ წელებზე ფეხს, არ გაუვათ მცდელობა და ვერაფერს მიაღწევენ.
რითაა მნიშვნელოვანი საქართველოს პრინციპული პოზიცია აზერბაიჯანისათვის? აშკარაა, რომ თვით საქართველოსთვის, გეოპოლიტიკურ სიტუაციას თუ გადავხედავთ, დამატებითი ავტომიმოსვლა რუსეთთან როკის გვირაბისა და ცხინვალის გავლით მაინცდამაინც აუცილებელი არ არის. თბილისი თავის სავაჭრო ინტერესებს და ამოცანებს წარმატებით წყვეტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიებით სარგებლობის გარეშეც - ზემო ლარსის ავტოტრასით და აზერბაიჯანის რკინიგზით. ცოტა ძვირი კი ჯდება, მაგრამ სამაგიეროდ ყოველგვარი პოლიტიკური რიფების გარეშე.
თუმცა ისიც ნათელია, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი დამატებითი მარშრუტების ამოქმედება ძალიან აწყობს სომხეთს, რომელიც ნახევრად ბლოკირებულ პირობებში ჯერ კიდევ აგრძელებს არსებობას. სამხრეთ ოსეთზე მოძრაობის აღდგენა, როგორც ჩანს, მოსკოვსაც სურს, რომ სამხრეთ კავკასიაში თავის ერთადერთ ფორპოსტთან - სომხეთთან კავშირი რომ ჰქონდეს. იქ ხომ რუსეთის ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა დისლოცირებული, რეგიონის მასშტაბით, რომელსაც თბილისი საფრთხედ მიიჩნევს..
ამრიგად, ყველა დაინტერესებული მხარისათვის დიდი ხანია გასაგები უნდა იყოს, რომ ოკუპირებული მიწების გათავისუფლებისა და საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე, რეგიონის ინფრასტრუქტურის ამოქმედების საკითხში რუსეთი თბილისისა და ბაქოს ნებართვას ვერ მიიღებს.
http://www.kaspiy.az/news.php?id=62179#.WT4SCYq1vs0
----------
ამ თემაზე სტატია გამოქვეყნებულია აგრეთვე აზერბაიჯანის გაზეთ „ეხო“-ში სათაურით „ერევნის „დერეფნული ოცნებები“ (ავტორი - ტოფიგა კასიმოვა//ნურანი). „თბილისი არ დაივიწყებს იმას, რომ სომხეთმა მხარი არ დაუჭირა და წინააღმდეგ მისცა ხმა საქართველოს მიერ ინიცირებულ გაეროს რეზოლუციას ლტოლვილების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაბრუნების თაობაზე... ოფიციალურმა ერევანმა უნდა იცოდეს, რომ „დერეფნულ გეგმებს“ განხორციელება არ უწერია“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში (წყარო: http://ru.echo.az/?p=60087).
