„ჟურნალისტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ოფიციალური თბილისისაგან მოითხოვენ პასუხი გაეცეს
კითხვას, თუ როგორ აღმოჩნდა თბილისიდან ბაქოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობს“, - ნათქვამია ვრცელი ინტერვიუს შესავალში, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
ინტერვიუში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა დეტალურად საუბრობს იმ მოვლენებზე, რომლებიც წინ უძღოდა აფგან მუხთარლის დაკავება-გატაცებას. გარდა ამისა, იგი იხსენებს მეუღლესთან გაცნობის პერიოდს, როცა თვითონ თბილისის „ჯიპას“ ინსტიტუტში სწავლობდა; საუბრობს აფგან მუხთარლის ჟურნალისტურ და ოპოზიციურ საქმიანობაზე, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ დევნაზე, ანუ იმ მიზეზებზე, რომლებმაც მათი საქართველოში წამოსვლა განაპირობეს.
ლეილა მუსტაფაევა დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლის თბილისიდან გატაცება და ბაქოში ჩაყვანა სწორედ აზერბაიჯანის ხელისუფლების ინიციატივით მოხდა: „პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დაუკითხავად აზერბაიჯანში არაფერი არ წყდება. ჩემი მეუღლის გატაცება იქ არავის არ ჭირდებოდა,, ილჰამ ალიევის ოჯახობის გარდა. აფგან მუხთარლი ხომ ალიევების ოჯახის წევრების ბიზნეს-ინტერესებს იკვლევდა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ილჰამ ალიევის პირადი ბრძანების საფუძველზე განხორციელდა“, - ამბობს რესპოდენტი.
კითხვაზე, თუ რა პრეტენზიები აქვს მას საქართველოს ხელისუფლებისადმი, ლეილა მუსტაფაევა პასუხობს:
„ვითხოვ მხოლოდ ობიექტურ გამოძიებას. ჩემმა ადვოკატებმა გამოძიების მსვლელობის შესახებ არაფერი იციან. ეს ნიშნავს, რომ ქართველი სამართალდამცველები პროცესს ხელოვნურად აჭიანურებენ. ისინი ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ აფგანი საქართველოდან არ გაუტაციათ, მაგრამ ჩვენ ამაში 100%-ით ვართ დარწმუნებული. გამოძიებამ ჩვენ ფაქტები უნდა დაგვიდოს. თავდაპირველად გვეუბნებოდნენ, რომ აფგანმა საზღვარი თვითონ გადაკვეთაო. თუ ეს ასეა, მაშინ უნდა გვაჩვენონ, თუ როგორ მივიდა ჩემი მეუღლე საზღვრამდე თავისი ნებით და არა იძულებით. ქართველი სამართალდამცველები სულ აზერბაიჯანის მხარის ნათქვამს იმეორებენ - ელოდებიან, რას იტყვიან ბაქოში და მერე იგივეს გვეუბნებიან... ვფიქრობ, რომ ისინი არ ელოდნენ ასეთი დონის აქტიურობას. აქ საქმე ეხება საქართველოს დადებით იმიჯს, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა და უეცრად, ერთი წამში დაინგრა“.
ლეილა მუსტაფაევას არ აქვს იმის იმედი, რომ ქართული საზოგადოების სოლიდარობის ფონზე აზერბაიჯანის ხელისუფლება მის მეუღლეს გაათავისუფლებს: „მე არ ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანის მთავრობა აფგან მუხთარლის გაათავისუფლებს. რაც შეეხება ქართველ ჟურნალისტებს და საზოგადოების ნაწილს, მე ვგრძნობ სოლიდარობას - ისინი მეუბნებიან, რომ რცხვენიათ საკუთარი ხელისუფლებისა და ჩინოვნიკების საქციელის გამო. გინდაც რომ რაიმეში ჩარეულნი არ იყვნენ, ეს ფაქტი საქართველოსთვის მაინც სამარცხვინოა: გამოდის, რომ ვისაც უნდა საზღვარზე გადმოვა, საქართველოს ტერიტორიიდან გაიტაცებს ადამიანს და წაიყვანს. ეს ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ყველაფერი კარგად არ არის“.
http://www.bbc.com/russian/features-40182995
