ორი დღის წინ ვენაში დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელზეც რადიკალურ-ისლამისტური ჩეჩნური ტერორისტული ორგანიზაციის „კავკასიის იმარატის“ სავარაუდო წევრ მუჰამედ
ი.-ს საქმეს იხილავენ. ბრალდების თანახმად, 2012 წლის ზაფხულში, 17-კაციანი ტერორისტული ჯგუფის მეთაურად ყოფნისას, საქართველო-რუსეთის სასაზღვრო ზონაში მან რამდენიმე ქართველი ოფიცერი მოკლა. 38 წლის ჩეჩენს, რომელიც ავსტრიაში 2005 წელს ჩამოვიდა, 2009-ში კი ლტოლვილის სტატუსი მიიღო, „კავკასიის იმარატში“ თითქოსდა მაღალი თანამდებობა ჰქონდა დაკავებული. ეს ორგანიზაცია მიზნად ისახავს ჩრდილოეთ კავკასიაში დამოუკიდებელ ისლამური სახელმწიფოს შექმნას.
ამ მთემაზე ავსტრიული გამოცემა «Die Presse» წერს.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის შემოკლებულ ვერსიას:
სასამართლო პროცესი უსაფრთხოების წესების გაძლიერებული დაცვით მიმდინარეობს და ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს. 9 ივნისს პროცესზე ავსტრიის კონტრდაზვერვის უწყების წარმომადგენელი უნდა გამოვიდეს, 13 ივლისს კი სასამართლოზე საქართველოდან მიწვეული მოწმეებიც გამოვლენ. თვით მუჰამედ ი.-მ თავისი ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა და ახლა აცხადებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებას ასრულებდა და მოქმედებდა არა ტერორისტის, არამედ აგენტის სახით.
ავსტრიის ხელისუფლება მუჰამედ ი.-ს ბრალს სდებს საქართველოს ანტიტერორისტული ქვედანაყოფის კაპიტნის მკვლელობაში. მანვე გამოასალმა სიცოცხლეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფის მაიორი და სამხედრო ექიმი. ოფიციალური ვერსიის მიხედვით, მუჰამედ ი. (კოდური სახელით „აბუ ჰამზა“), ვენიდან საქართველოში ჩავიდა, სადაც, აჰმედ ჩატაევის (იგივე დავიდ მაიერის) დავალებით, „კავკასიის იმარატის“ 17 ბოევიკისგან შემდგარი ტერორისტული ჯგუფის მეთაურობა მიიღო. ცნობილია, რომ აჰმედ ჩატაევი მიჩნეულია სტამბოლის აეროპორტში 2016 წლის ივნისში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორად.
ჯგუფის ცალკეული წევრები ჩეჩენი ლტოლვილები იყვნენ, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრობდნენ. მაგალითად, მათ შორის იყო 20 წლის ჩეჩენი, რომელსაც უკვე მიღებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი და საქართველოში ჩასვლამდე რამდენიმე თვით ადრე ჩემპიონი გახდა თავისუფალ ჭიდაობაში.
ბრალდების თანახმად, კავკასიაში ასბუ ჰამზის წასვლამდე მოხდა მისი კონსპირაციული შეხვედრა დავიდ მაიერთან ვენაში, რომლის დროსაც მაჰომედ ი.-მ მისგან, როგორც თვალსაჩინო ტოპ-ტერორისტისაგან დეტალური დავალებები და ინსტრუქციები მიიღო. გეგმებში შედიოდა ბოევიკების შეღწევა რუსეთში (დაღესტანში) და ტერაქტების განხორციელება. საქართველოში ჩასვლისას დავიდ მაიერი კვლავ შეხვდა მუჰამედ ი.-ს და მის ხალხს იარაღი გადასცა. ბოევიკები ფეხით უნდა გადასულიყვნენ დაღესტანში, საზღვრისპირა ზონაში მდებარე ლოპოტას ხეობის გავლით. ბოევიკებმა გზაზე ხუთი ადგილობრივი მცხოვრები შეიპყრეს, რომლებსაც მძიმე ტვირთის ზიდვა აიძულეს.
მაგრამ რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩეჩენი ტერორისტების მიერ დაგეგმილი საზღვარზე გადასვლის განზრახვა შეიტყვეს. საზღვრის დაცვა გაძლიერდა. რუსულმა მხარემ ტერორისტთა გეგმები საქართველოს ხელისუფლებასაც აცნობა. ქართული მხარე ძალიან იყო შეშფოთებული რუსეთის მოსალოდნელი რეაქციით იმ შემთხვევაში, თუ ტერორისტთა რაზმი საზღვარზე გადავიდოდა. გამორიცხული არ იყო, რომ რუსეთს შეიძლებოდა ლოპოტის ხეობა დაებომბა და შემდეგ „თბილისისკენაც წამოსულიყო“, - ნათქვამია ბრალდებაში. ქართულმა მხარემ ჩეჩნების რაზმთან კონტაქტი დაამყარა და მათ „გადარწმუნებას“ შეეცადა, მაგრამ მოლაპარაკება, რომლის დროს დავიდ მეიერმა თავისი ჭეშმარიტი განზრახვა დამალა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამავლობა შესთავაზა, ჩაიშალა. მუჰამედ ი. შიშობდა - ტყვედ რომ ჩავბარდეთ, ვაითუ რუსეთს გადაგვცენო. საბოლოო ჯამში, 2012 წლის 29 აგვისტოს ქართველმა ძალოვნებმა ჩეჩნების რაზმს ცეცხლი გაუხსნეს.
თავისი ამჟამინდელი ჩვენების მიუხედავად, მაჰომედ ი.-მ ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალში აღიარა ავსტრიის ტერორიზმთან ბრძოლის ფედერალური უწყების წინაშე, რომ იგი იმ ბრძოლაში ნებაყოფლობით მონაწილეობდა, თანაც, დაკითხვის ოქმის თანახმად, სამ ქართველ სამხედრო მოსამსახურის გარდა, უფრო მეტი იყო მოკლული“.
მუჰამედ ი. 2016 წლის აპრილში დააპატიმრეს. 2017 წლის იანვარში მან დაიწყო იმის მტკიცება, რომ იგი 2005 წლიდან რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელია. უფრო მეტიც, მუჰამედ ი.-მ განაცხადა, რომ მისი უშუალო უფროსები თითქოსდა პირადად ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი და მისი ძმა ისლამი არიან.
http://diepresse.com/home/panorama/oesterreich/5230689/Mordprozess-gegen-mutmasslichen-Terroristen-startet-in-Wien?from=suche.intern.portal
