„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც მკაცრადაა გაკრიტიკებული მოსკოვი „საბაჟო მონიტორინგის შეთანხმების
იმპლიმენტაციისაგან თავის არიდების“ გამო. რუსულ მხრეს ჯერ-ჯერობით ქართველი კოლეგების გამოხტომაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აშკარაა, რომ წარმოქმნილი მორიგი წინააღმდეგობრიობა და პრეტენზიები, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე გამავალი კომუნიკაციების აღდგენის პროექტის რეალიზებას, რომელიც ისედაც „ჰაერშია გამოკიდებული“, არანაირად არ წაადგება“, - აღნიშნულია რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც 2011 წლის 9 ნოემბერს საქართველო-რუსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმების („საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ“) შესრულების პერსპექტივას ეხება (ავტორი - იური როქსი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:
„თბილისის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა რომელიც ივნისის დასაწყისში სანკტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე მოხდა: ღონისძიებაში მონაწილე სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ცხინვალი მზადაა უზრუნველყოს ტვირთების ტრანზიტი რუსეთსა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის [როკის გვირაბის მეშვეობით] მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტში სამხრეთ ოსეთი, სხვებთან ერთად, თანაბარი უფლებებით იქნება წარმოდგენილიო. რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გაუკეთა ანატოლი ბიბილოვის განცხადებას, მიესალმა მის პათოსს („კონსტრუქციული და საპასუხისმგებლო პოზიცია“) და აღნიშნა, რომ ეს პროექტი სარგებლობას მოუტანს სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანასო. ამასთან იქვე მიუთითა, რომ „კარგი იქნება, თუ საქართველოცც ასეთივე კონსტრუქციულ განწყობას გამოავლენს“.
თბილისის პასუხმაც არ დააყოვნა...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ზემოთაღნიშნული „შეთანხმების ობიექტსა და მიზანს წარმოადგენს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ვაჭრობის მონიტორინგი. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, პარტნიორი ქვეყნის - შვეიცარიის კონფედერაციის ხელშეწყობით, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ დოკუმენტის პრაქტიკული ამოქმედებისაკენ. კერძოდ, არჩეულ იქნა ნეიტრალური კომპანია, რომელმაც უნდა გაწიოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ტვირთბრუნვის საბაჟო მონიტორინგი. საქართველოს კონსტრუქციულობით მოხერხდა კომპანიასთან შესაბამისი კონტრაქტის ტექსტის შეთანხმება, განისაზღვრა რამდენიმე იურიდიული დოკუმენტი პროცესის იმპლემენტაციის ხელშესაწყობად. საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მხრიდან განისაზღვრა შესაძლო ტერმინალების მდებარეობა. შესაბამისად, ამ მოქმედებით საქართველომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაასრულა ყველა წინასწარი პროცედურა ნეიტრალურ კომპანიასთან კონტრაქტის ხელმოწერისა და შეთანხმების აღსრულებისთვის. რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების კომენტარს მიზანმიმართულად ჩიხში შეჰყავს პროცესი. კერძოდ, რუსეთის მხარე ცდილობს წარმოაჩინოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ზემოხსენებული შეთანხმების მონაწილედ, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების პრინციპებსა და დანიშნულებას. 2011 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების ამგვარი ინტერპრეტაცია პრინციპულად მიუღებელია ქართული მხარისათვის და ეს იმთავითვე ცნობილი იყო ოფიციალური მოსკოვისათვის.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებს, გადახედოს თავის არაკონსტრუქციულ პოზიციას და შეუდგეს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების უპირობო შესრულებას. საქართველოს მხარე, მხარს უჭერს რა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს საერთაშორისო ვაჭრობის ღიაობის თაობაზე, მოუწოდებს ორგანიზაციის წევრებს პრინციპული შეფასება მისცენ რუსეთის ამ დესტრუქციულ ნაბიჯს და არ დაუშვან 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის პოლიტიზირება“.
„ნეზავისიმაია გაზეტა“ უკვე წერდა მხარეთა გარკვეული აქტიურობის თაობაზე 2017 წლის 19 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე გამავალი კომუნიკაციების აღდგენის საკითხი იყო განხილული (სოხუმში სერგეი ლავროვის ვიზიტის ფონზე). მათგან განსაკუთრებით საყურადღებო რკინიგზაზე მოძრაობის დაწყებაა. სოხუმს და ცხინვალს პროექტში მონაწილეობა თანასწორი უფლებებით სურთ, რაც ქართულ მხარეს არ აწყობს - თბილისისთვის ამგვარი ფორმა კატეგორიულად მიუღებელია: საქართველო არ აღიარებს თანასწორ მხარედ არც აფხაზეთს და არც სამხრეთ ოსეთს. ანუ აშკარაა, რომ თბილისი თავის პოზიციას არ შეიცვლის.
საერთოდ, ეს კომუნიკაციები და მიმართულებები (რკინიგზის აფხაზური მონაკვეთი, „ტრანსკამი“ - ტრანსკავკასიური მაგისტრალი) საქართველოსთვის მაინცდამაინც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა. დღეს გეოპოლიტიკური სიტუაცია ისეთია, რომ რუსეთთან კომუნიკაციის საკითხში საქართველო თავის ამოცანებს მათ გარეშეც მშვენივრად წყევეტს (აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გვერდავლით), ზემო ლარსის გზით და აზერბაიჯანის რკინიგზის მეშვეობით. შეიძლება ცოტა ძვირი უჯდება, მაგრამ სამაგიეროდ პოლიტიკური „წყალქვეშა რიფების“ გარეშე. თანაც თბილისი დროდადრო კომუნიკაციების საკითხს სათავისოდ იყენებს - როგორც კი ლაპარაკი დაიწყება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე, ქართველები იმავწუთს გიუმრის სამხედრო ბაზიდან მომდინარე რეგიონულ საფრთხეს ახსენებენ.
უკიდურეს შემთხვევაში საქართველოს ალტერნატიული გზა აქვს „შენახული“ - ე.წ. „ავარეთ-კახეთის გზა“, რომელიც რუსეთის (დაღესტნის) ტერიტორიაზე პრაქტიკულად უკვე მზად არის. დღეს საქართველოს ხელისუფლებას არ სურს გზის თავისი მონაკვეთის მშენებლობა და აცხადებს, რომ ამ გზის ამოქმედება, უსიამოვნების გარდა, სხვას არანაირ სარგებელს არ მოგვიტანსო. რასაკვირველია, ასეთი მიდგომა საკითხისაგან თავის არიდებას უფრო ჰგავს: თუ უსიამოვნებაზეა ლაპარაკი, მაშინ უფრო დიდი უსიამოვნების მოტანა თბილისიდან 40 კმ-ში, სამხრეთ ოსეთში მდგარ რუსულ ტანკებს უფრო შეუძლიათ, ვიდრე ზემოაღნიშნული გზის ამოქმედებას. ასე რომ, უნდა ვივარაუდოთ: როგორც კი საქართველო „ავარეთ-კახეთის გზას“ ეკონომიკურად მიზანშეწონილად ჩათვლის, თბილისი თავის ტერიტორიაზე მის მშენებლობას ულაპარაკოდ დაიწყებს.
ამრიგად, დასკვნა: აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გავლით კომუნიკაციების აღდგენა უფრო მეტად თვით სოხუმს და ცხინვალს სურთ. ისინი იმედოვნებენ - იქნებ როგორმე ხაზინაში რაღაც დამატებითი ფული შემოვიდესო. აშკარაა, ასევე უნდა რუსეთსაც - სამხრეთ კავკასიაში თავის ერთადერთ სტრატეგიულ მოკავშირე სომხეთთან კავშირებისთვის (იქ ხომ რუსეთის ყველაზე დიდი რეგიონული სამხედრო ბაზაა დისლოცირებული). კომუნიკაციის აღდგენა ასევე ჭირდება თვით სომხეთსაც, რომელიც ნახევრადბლოკადურ მდგომარეობაში რჩება. თუმცა, როგორც ჩანს, ყველა დაინტერესებულმა მხარემ უკვე დიდი ხანია გააცნობიერა, რომ საქართველოს თანხმობის გარეშე მათი გეგმები და სურვილები შეუსრულებელია.
http://www.ng.ru/cis/2017-06-09/6_7006_georgia.html
