"kommersant"(რუსეთი): აფგან მუხთარლის საქმემ შეიძლება თბილისში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს
"kommersant"(რუსეთი): აფგან მუხთარლის საქმემ შეიძლება თბილისში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს
10:30 07.06.2017
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიამ - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც ოპოზიციაში იმყოფება, ქვეყნის ხელისუფლებას ხისტი ულტიმატუმი წაუყენა: ან ძალოვანი ბლოკის მინისტრები გადადგებიან, ან მთელი მთავრობა. ამ მოთხოვნების მიზეზი გახდა თბილისში მომხდარი ამბავი - აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და პოლიტემიგრანტის გატაცება და მისი ბაქოში გადაყვანა. საზოგადოების ნაწილი ეჭვობს, რომ მის გატაცებაში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ასევე აზერბაიჯანული სპეცსამსახურები. ოპოზიციის აზრით, ისინი ერთად მოქმედებდნენ. ეს ულტიმატუმი „ნაციონალების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა რუსუამ გააჟღერა“, - ნათქვამია რუსულ გამოცემა «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

პუბლიკაციაში გადმოცემულია ბოლო დღეების საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მთავარ მოვლენასთან - ბაქოელი ოპოზიციონერის თბილისში დაკავებასთან დაკავშირებული ფაქტები, განცხადებები, თვალსაზრისები, კომენტარები როგორც ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების (პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის), ასევე ოპოზიციის მხრიდან.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, „მომხდარ ინციდენტში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა გამორიცხულიაო“, მაგრამ ოპოზიციას მისი არ სჯერა: ნიკა რურუა ხელისუფლება გააფრთხილა: თუ პრემიერი თანამდებობებიდან შინაგან საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს არ გადააყენებს, მაშინ „ნაციონალები“ მოსახლეობასთან ერთად მთავრობის მთელ შემადგენლობას გადადგომას აიძულებსო. „ყოველივე ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალები“ მასობრივი პროტესტის გამომხატველ აქციას ამზადებენ“, - ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ“-ის ანალიტიკოსი დავით ავალიშვილი.

„ოპოზიციას ყველა საფუძველი აქვს მთავრობას პასუხი მოსთხოვოს“, განუცხადა „კომერსანტს“ აფგან მუხთარლის ნაცნობმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ჰადიჯა ისმაილოვამ. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის: „აფგან მუხთარლის დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე დააკავეს პარტია „აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის“ თავმჯდომარის მოადგილე გიუზელ ბაირმალი, ვითომდა 12 ათასი დოლარისათვის. აზერბაიჯანის სპეცსამსახურების მიზანია შექმნან იმის ილუზია, რომ თითქოსდა ოპოზიცია საზღვარგარეთიდან ფინანსდება“, - განაცხადა ჰაჯიდა ისმაილოვამ.

ქართულ ოპოზიციას ვაშინგტონის მხარდაჭერის იმედიც აქვს: აშშ-ის ელჩმა იან კელიმ მომხდარი ფაქტის კომენტირებისას არა მარტო „შეშფოთება“ გამოხატა, არამედ ხელისუფლება გააფრთხილა, რომ გამოძიების პროცესსაც აკვირდება. აფგან მუხთარლისადმი სოლიდარობას იჩენს საქართველოს ჟურნალისტური საზოგადოებაც, რომელმაც არაერთი საპროტესტო აქცია მოაწყო კოლეგის მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია სტატიაში.

https://www.kommersant.ru/doc/3319151

ბეჭდვა