"kaspiy.az"(აზერბაიჯანი): აფგან მუხთარლის საქმე როგორც ქართულ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გაჩაღების საბაბი
"kaspiy.az"(აზერბაიჯანი): აფგან მუხთარლის საქმე როგორც ქართულ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გაჩაღების საბაბი
10:12 07.06.2017
„საქართველოში მორიგი „ვარდების რევოლუცია-2“ მზადდება, რომლის მიზეზი კორუფცია კი არ იქნება, როგორც 2003 წელს, არამედ ახალი ერთაშორისი კონფლიქტი. ეს მეთოდი კარგადაა აპრობირებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამჯერად უკვე კონფლიქტი ჩაფიქრებულია ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის და ის, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მოხდა ქვემო ქართლში და აჭარაში, მეჩეთების მშენებლობასთან დაკავშირებით, მომავალი კონფლიქტის უვერტიურად უნდა ჩაითვალოს“, - აღნიშნულია აზერბაიჯანულ გამოცემა «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიის დასაწყისში.

პუბლიკაციაში გადმოცემულია თვალსაზრისი საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენების შესახებ, კერძოდ, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერის აფგან მუხთარლის პიროვნებასთან დაკავშირებით.

როგორც ავტორი აღნიშნავს, აფგან მუხთარლი არანაირი ჟურნალისტი არ არის, იგი სკანდალურად ცნობილი ჟურნალისტი ქალის ჰადიჯა ისმაილოვას პირადი მცველის მოვალეობას ასრულებდა. აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა კი ყოფილი ჟურნალისტია, აზერბაიჯანული პარტია „მუსავატის“ პრეს-ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც ერთ დროს საქართველოში ცხოვრებისა და სწავლის უფლება მიიღო როგორც „ჯიპას“ - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტმა, რომლის რექტორი იმ დროს გიორგი მარგველაშვილი იყო, საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი. სწორედ იქ გაიცნეს მომავალმა ცოლ-ქმარმა ერთმანეთი...

ავტორი, პრინციპში, ეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიებს მომხდარი ფაქტის თაობაზე და კრიტიკულად აფასებს ლეილა მუსტაფაევას განცხადებას, რომელმაც პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეთავაზება საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე „შოუს მოწყობად“ მიიჩნია!

„საქართველომ, თუ ის მართლაც აზერბაიჯანის მეგობარი და მოძმე ქვეყანაა, არ უნდა დაუშვას თავის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი დივერსანტების მოქმედება ოფიციალური ბაქოს წინააღმდეგ. საქართველოს მართლაც უნდა დაეპატიმრებინა აფგან მუხთარლი და მისი ბანდა, რომლის წევრებსაც თავი თბილისში აქვთ შეფარებული. უფრო ზუსტად, უნდა დაეპატიმრებინა იმ დღესვე, როცა მათ პირველად დადგეს ფეხი ქართულ მიწაზე, ხელებზე ხუნდები უნდა დაედო აზერბაიჯანის ხელისუფლებისათვის გადაეცა. დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანი სწორედ ასე მოიქცეოდა, მის ტერიტორიაზე რომ ბინა დაედო უკრაინაში კარგად ცნობილ ნაციონალ-რევოლუციონერების ჯგუფს, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით და საერთოდ, საქართველოს ყველა ჯურის მტერს. აზერბაიჯანი ერთი დღითაც კი არ დაუშვებდა თავის მიწაზე იმ ადამიანების საქმიანობას, რომელთა მიზანი საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ძირის გამოთხრა იქნებოდა.

სამწუხაროდ, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ღიად მართავენ სხვადასხვა დასავლური არასამთავრობო „ენჯეოები“ და ინსტიტუტები, ხელისუფლებას კი პროპაგანდისტული ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს საქმიანობის აღკვეთაც კი არ შეუძლია - იმ ტელეარხისა, რომელიც მრავალი დანაშაულის ჩამდენ მიხეილ საკაშვილს ეკუთვნის და რომლის მეშვეობითაც 2003 წელს „ვარდების რევოლუცია მოხდა. „რუსთავი-2“-ს მიუძღვის ბრალი საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვაში, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაში, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, კათოლიკოს-პატრიარქის უსაფუძვლო კრიტიკაში... (...)

დღეს ყოველ ჭეშმარიტ ქართველს უნდა რცხვენოდეს საკუთარ სამშობლოში მიმდინარე აქციებისა „ჟურნალისტ“ აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით: სწორედ ახლახან აზერბაიჯანმა - ჩვენმა მოძმე ქვეყანამ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ლტოლვილების დაბრუნების შესახებ, ცოტა ხნის წინათ კი აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა [საქართველოსადმი სოლიდარობის ნიშნად] უარი განაცხადეს იმ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, რომელშიც აფხაზები და ცხინვალელი ოსები იყვნენ მიწვეულნი“, - აღნიშნულია სტატიის დასასრულს.


http://www.kaspiy.az/news.php?id=61958#.WTcEvoq1vs0


ბეჭდვა