ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლის ვადამ ამჯერად საქართველოს მიზეზით გადაიწია
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლის ვადამ ამჯერად საქართველოს მიზეზით გადაიწია
15:29 05.06.2017
თურქულ გაზეთებში - „ჰურიეთ“-ში და „ვათან“-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ახმეტ არსლანის ყარსში ყოფნას ეხება. მათში გადმოცემულია მინისტრის განცხადებები ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პერსპექტივების შესახებ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რკინიგზის თურქულ მონაკვეთზე მშენებლობა უკვე ივნისის ბოლოს დასრულდება, მაგრამ რადგანაც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე გვირაბის გამო პრობლემა წარმოიქმნა, რკინიგზის ექსპლოატაციაში გაშვების ვადებმა შეიძლება აგვისტო-სექტემბრამდე გადაიწიოს.
ახმეტ არსლანმა თავის გამოსვლაში ტრადიციელად დაუთმო ყურადღება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას რეგიონის ეკონომიკური განვითარების საქმეში. მისი თქმით, თურქეთმა რკინიგზის საკუთარი მონაკვეთის (79 კმ.) მშენებლობაზე 600 მილიონი დოლარი დახარჯა, მაგრამ სამაგიეროდ, ეს სარკინიგზო არტერია სამომავლოდ მნიშვნელოვან მოგებას მოიტანს: ჩინეთიდან წამოსულ ტვირთებს ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით გაატარებს, ტვირთების გატარების ვადები 12-15 დღით შემოიფარგლება. თავდაპირველად რკინიგზა 6 მილიონ ტონა ტვირთს გადაიტანს, 2034 წლისათვის კი 17 მილიონ ტონას.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა რკინიგზის მნიშვნელობას მგზავრთა გადაყვანის საკითხში: ექსპლოატაციის დაწყებისას ერთი მილიონი მგზავრი, 2034 წელს კი სამ მილიონი.
სტატიის დასასრულს აღნიშნულია, რომ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ყარსისა და არდაჰანის (არტაანის) გუბერნატორებმა, ქალაქების მერებმა და სხვა პირებმა დაათვალიერეს ყარსის რკინიგზის ვაგზალი და სხვა ობიექტები.


http://www.gazetevatan.com/bakan-arslan-btk-demiryolu-hatti-nda-incelemelerde-bulundu-1073242-ekonomi/

ბეჭდვა