"ng.ru" (რუსეთი): საქართველო აზერბაიჯანული ოპოზიციისათვის უსაფრთხო ქვეყანა აღარ არის
"ng.ru" (რუსეთი): საქართველო აზერბაიჯანული ოპოზიციისათვის უსაფრთხო ქვეყანა აღარ არის
11:45 01.06.2017
რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული აზერბაიჯანელ ოპოზიციურ ჟურნალისტთან აფგან მუხტარლისთან დაკავშირებით მომხდარი სკანდალური ინციდენტი, რომელიც თბილისში დაიწყო და ბაქოში გაგრძელდა: როგორ და რატომ გაიტაცეს თბილისიდან, რა ბრალს უყენებენ მას აზერბაიჯანელი სამართალდამცველები და საერთოდ, რას ნიშნავს ან რა შედეგებს მოიტანს ეს ფაქტი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში. პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართული საპროტესტო აქცია სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან - მთავრობის რეზიდენციასთან (ავტორი - იური როქსი).
სტატიაში ციტირებულია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევასა და მისი ადვოკატის ნეიმატ ქერიმლის განცხადებები, რომელთა თანახმად, აფგან მუხტარლი აშკარად გაიტაცეს თბილისიდან და სახელმწიფო საზღვარზე ყოველგვარი წესების დარღვევით გადაიყვანეს (უპასპორტოდ). აშკარად ჩანს, რომ ამ საქმეში საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ორგანოები არიან ჩარეულები: ყველაფერი ურთიერთგარიგებით განხორციელდა. ადვოკატმა ქართული მხარე საერთაშორისო სამართალდარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ შესაბამისი სარჩელი იქნება წარდგენილიო.
„აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხტარლის ბაქოელი სამართლადმაცავების მიერ წაყენებული აქვს ბრალდება „საზღვრის უკანონო გადაკვეთისა“ და ფულის დიდი რაოდენობით ასევე უკანონოდ გადატანის თაობაზე (ამბობენ, რომ მას ათი ათასი ევრო „ჩაუდესო“, სამხილის სახით). თბილისში ჟურნალისტი მეუღლესთან ერთად ბოლო ორი წლის მანძილზე ცხოვრობდა. სხვა პოლიტიკური მოღვაწეებისა და კოლეგების მსგავსად, აფგან მუხტარლი აზერბაიჯანიდან იქაური ხელისუფლების რეპრესიებს გამოექცა და საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას ცდილობდა. როგორც ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა ოპოზიციონერმა მართებულად შენიშნა, „ჩვენთვის თბილისური „კასაბლანკა“ დაახლოებით ნახევარი წლის წინ დასრულდაო“.
ოფიციალური ბაქო უკიდურესად უკმაყოფილო იყო იმით, რომ მოკავშირე საქართველო ოპოზიციონერების, ანუ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოწინააღმდეგეების თავშესაფარი გახდა. ქართულ მხარესთან პრაქტიკულად ყველა შეხვედრის დროს აზერბაიჯანული მხარე მუდმივად მოითხოვდა პარტნიორისაგან, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო, მაგრამ თბილისი, მჭიდრო პარტნიორული კავშირების მიუხედავად, ბაქოსთვის სასიამოვნო გადაწყვეტილებას ვერ იღებდა - ალბათ, დასავლეთის რეაგირებისა ერიდებოდა.
მოკლედ, მომხდარი ამბით საზოგადოება სახტადაა დარჩენილი. უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ უხეშადაა დარღვეული ადამიანის უფლებები და რომ საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო ლტოლვილის უსაფრთხოება, რომელიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა და რომლის ბრალი მხოლოდ იმაშია, რომ მშობლიური ქვეყნის ხელისუფლებას აკრიტიკებდა. აქტივისტები მსჯელობენ კავკასიური ტრადიციების დარღვევაზე („როცა ვინმეს უჭირს, უნდა დაეხმარო“) და ფაქტიურ ღალატზე. აზერბაიჯანში დარჩენილი ოპოზიცია იმედგაცრუებას ვერ მალავს და საკმაოდ ბოროტსიტყვაობს: საქართველოს უწოდებს SOKARTVELO-ს და ამით მიანიშნებს, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOKAR-ი თბილისზე ძალზე ძლიერ გავლენას ახდენს. გარდა ამისა, სოციალური ქსელების ქართულ სეგმენტშიც გულგატეხილობა სუფევს: „დამოუკიდებლობა გვინდოდა და რა მივიღეთ? ჯერ რუსეთის გავლენიდანაც ვერ გამოვსულვართ და ახლა თეირან-ანკარის თხოვნებს ვასრულებთ. პირველმა - ჩემს მოქალაქეებს საზღვარზე ნუ ამოწმებთო, მეორემ - დიდგორის ბრძოლის იუბილე არ გადაიხადოთო, თან გვეუბნება, ვინც მე მინდა, ის უნდა დააპატიმროთო. ბაქო კიდევ ჩვენს ტერიტორიაზე თავის ოპოზიციონერებს იჭერს“, - წერს ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი.

http://www.ng.ru/cis/2017-05-31/100_7000_gruzja.html

--------
ამ თემაზე სტატიები გამოქვეყნდა აგრეთვე სომხურ გაზეთებშიც, რომელთა სათაურები, გასაგები მიზეზების გამო, პუბლიკაციების პათოსს კარგად ასახავს: «Голос Армении»: საქართველო - „კავკასიური კასაბლანკა“ თუ აზერბაიჯანელი დიქტატორის ხელშემწყობი? (ავტორი - მარინა გრიგორიანი); «Lragir»: „აზერბაიჯანი სწრაფად უახლოვდება სანქციების გამოცხადებას“ (ავტორი - ნაირა აირუმიანი).
წყაროები: http://golosarmenii.am/article/54073/kavkazskaya-kasablanka-ili-posobnik-diktatora;
http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/56016



ბეჭდვა