«EurasiaNet» (აშშ): როცა კვირიკაშვილი ვაშინგტონში სტრატეგიულ პარტნიორობაზე ლაპარაკობდა, თეთრი სახლის კულისებში ბიუჯეტის ისეთ პროექტს ამზადებდნენ, რომლითაც საქართველოს დახმარება უმცირდება
«EurasiaNet» (აშშ): როცა კვირიკაშვილი ვაშინგტონში სტრატეგიულ პარტნიორობაზე ლაპარაკობდა, თეთრი სახლის კულისებში ბიუჯეტის ისეთ პროექტს ამზადებდნენ, რომლითაც საქართველოს დახმარება უმცირდება
10:51 31.05.2017
"პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ვაშინგტონური შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჩინოვნიკებთან და კონგრესმენებთან წარმოდგენილი იქნა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის დადასტურება საქართველოსადმი. „ჩვენ მივიღეთ გარანტიები აშშ-საგან პარტნიორობის ყველა მიმართულებით. ამერიკა როგორც საქართველოს მსხვილი სტრატეგიული პარტნიორი, გააგრძელებს ჩვენდამი მხარდაჭერას და ურთიერთობები მხოლოდ განმტკიცდება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, თუმცა, როცა იგი ამას ამბობდა, თეთრი სახლის კულისებში ისეთი ბიუჯეტი მზადდებოდა, რომელიც საქართველოსთან პარტნიორობის ხარჯებს ორჯერ და უფრო მეტად ამცირებდა"-ამის შესახებ გავლენიან ამერიკულ გამოცემა "Eurasia"-ს მიერ ჯოშუა კუჩერას ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირეოდენი შემოკლებით:

გამოქვეყნებული საბიუჯეტო დოკუმენტების მიხედვით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამების დაფინანსება საქართველოში მიმდინარე წლის 80,6 მილიონი დოლარიდან 34,1 მილიონ დოლარამდე მცირდება (2018 წელს). ჩამოჭრილი იქნება თითქმის მთელი სამხედრო დახმარება. პროგრამის „სამართლიანი და დემოკრატიული მართვის“ დაფინანსება მცირდება 60%-ით, ხოლო „ეკონომიკური ზრდის“ პროგრამისა - 37%-ით.

რასაკვირველია, დაფინანსების შემცირება მხოლოდ საქართველოზე არ ვრცელდება. თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ბიუჯეტი დამტკიცდება, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისადმი ხარჯები ნახევარზე მეტად შემცირდება - 2218, 1 მილიონი დოლარიდან 2016 წელს 93,1 მილიონამდე 2018 წელს. „ეს ცუდია რეგიონისათვის და ცუდია აშშ-ის ურთიერთობისათვის რეგიონთან“, - ამბობს სტატიის ავტორთან საუბარში პოლ სტრონსკი, რომელიც ადრე თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა, ახლა კი კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია, - რუსეთი და ჩინეთი კავკასიისადმი მეტ ყურადღებას იჩენენ, ჩვენ კი, როგორც ჩანს, იქიდან უკან ვიხევთ“.

2016 წელს საქართველო რეგიონში აშშ-ის სამხედრო დახმარების ყველაზე მსხვილი მიმღები იყო (სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით - 30 მილიონი დოლარი). 2018 წლისთვის ეს თანხა... ნოლამდე უნდა შემცირდეს. „ბუნებრივია, თანხების ჩამოჭრა კარგი არაა, განსაკუთრებით როცა ეს ორმხრივ სამხედრო პროგრამებს ეხება და მით უმეტეს მაშინ, როცა [ჩამოიჭრილი] თანხები სხვა დახმარებებით არ კომპენსირდება“, - ამბობს ბათუ ქუთელია, რომელიც ადრე ელჩი იყო აშშ-ში, ახლა კი საქართველოს ატლანტიური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი უკავია.

პოლ სტრონსკის თქმით, აშშ-ის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი აშკარად ასახავს იმ ფაქტს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რეგიონის მიმართ ინტერესი არ აქვს: „ვფიქრობ, თეთრი სახლი მაინცდამაინც განსაკუთრებულ სტრატეგიულ აზროვნების დემონსტრირებას არ ახდენს [სამხრეთ კავკასიის] რეგიონის მიმართ. ახალი ადმინისტრაცია ჯერაც ვერ გარკვეულა თავის საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებში, განსაკუთრებით რუსეთის მიმართ. არადა, სწორედ რუსეთზე იქნება დამოკიდებული აშშ-ის პოლიტიკა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მიმართულებით. როცა ჩვენ გავიგებთ, როგორი იქნება პოლიტიკა ჩინეთთან, ავღანეთთან, ირანთან და რუსეთთან, ალბათ მაშინ გვექნება კავკასიის რეგიონის პოლიტიკაზე წარმოდგენა“, - ამბობს პოლ სტრონსკი.

http://www.eurasianet.org/node/83741

ბეჭდვა