გერმანიაში გამომავალ თურქულენოვან გაზეთ «DTJ–Deutsch Turkisches Journal»-ში გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველოში თურქეთის მოქალაქის
დაპატიმრების ფაქტს; გადმოცემულია დაკავების მიზეზები, მისი საქმიანობა და ა.შ. (ავტორი - ფატიჰ აქთურქი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სტატიის შინაარსს:
ნეჯეთ დურსუნი (გვარი შეცვლილია - რედ.) და მისი ორი შტუტჰარტელი პარტნიორი საქართველოს განათლების დარგში დიდი ხანია საქმიანობენ, კერძოდ, მათ ექვსი კერძო სკოლა და ერთი უნივერსიტეტი აქვთ დაფუძნებული. ამ ბიზნესში მრავალმილიონიანი ინვესტიციები ჩადეს. სკოლებში 2400 მოსწავლე სწავლობს, უნივერსიტეტში კი 2000-მდე სტუდენტი. ბიზნესმენებს ბოლო დრომდე საქართველოს ხელისუფლებიდან მხარდაჭერა ჰქონდათ. რამდენიმე კვირის წინ ნეჯეთ დურსუნის პარტნიორები საქართველოში აღარ შეუშვეს, ისინი თბილისის აეროპორტიდან ისევ უკან დააბრუნეს.
ტაბეა როსნერი, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფის წევრია, საქართველოში მომხდარ ფაქტებს ნეგატიურად აფასებს: „ჩვენ დიდი ხანია თვალს ვადევნებთ და ვხედავთ, რომ თურქეთი ცდილობს გავლენა გააფართოვოს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებზე, კერძოდ - საქართველოზე. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს დემოკრატიულ ძალებს, რათა საქართველო ორ დიდ მეზობელს - რუსეთსა და თურქეთს შორის არ გაისრისოს“, - ამბობს მწვანეთა პარტიის დეპუტატი. მან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სწრაფი რეაგირებისაკენ მოუწოდა და ფაქტების ოპერატიული, ყოველმხრივი გამოძიება მოითხოვა.
ახლახან კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა, რომელიც ნეჯეთ დურსუნის სკოლას ეხება. საქართველოს პოლიციამ სკოლების კოორდინატორი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააპატიმრა. საინტერესოა მომხდარი ფაქტთან დაკავშირებული გარემოებები: დაპატიმრება განხორციელდა საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის ვიზიტიდან ერთი დღის შემდეგ. თურქ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა თურქეთში შარშან მომხდარი გადატრიალების მცდელობაზე და განაცხადა, რომ „საქართველო, ყველა ცივილიზებულ ქვეყანასთან ერთად, ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოლებსო“ და ხაზი გაუსვა - „ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ მეტი ეკონომიკური თანამშრომლობით პარტნიორებად გავიხადოთ ის ქვეყნები, სადაც ტერორიზმის წარმოშობის წყაროები არსებობს და ამითაც დავეხმაროთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასო“.
საქართველოს ძლიერი ეკონომიკური დამოკიდებულება თურქეთზე [პრემიერის განცხადების გარეშეც] კარგად ჩანს: თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2007 წლიდან თურქეთი საქართველოს ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორად ითვლება. სწორედ იმ წელს გაფორმდა ორმხრივი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე. იგივე სამინისტროს მონაცემების თანახმად, თურქეთი ყველაზე მეტ ინვესტიციებს აბანდებს საქართველოს ეკონომიკაში - იქ 500-ზე მეტი თურქული კომპანია საქმიანობს. გარდა ამისა, საქართველომ, დახმარების პროგრამის ფარგლებში, თურქეთიდან 100 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. მოკლედ, სახეზეა საქართველო-თურქეთის მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაცია.
სიმპტომატურია, რომ თურქი ბიზნესმენი საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენციიდან ერთი დღის შემდეგ დააპატიმრეს. ეს ეჭვებს აღძრავს: ჯერ აეროპორტიდან უკან გაბრუნება, ახლა კი ეს დაპატიმრება დაკავშირებულია ისლამის მქადაგებელ ფეთჰულაჰ გიულენთან, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა „ტერორისტად“ შერაცხა.
დაკავებული თურქი მოქალაქის ცოლმა საზოგადოებას ვიდეოჩანაწერით [ქართულ ენაზე] მიმართა და თანადგომა სთხოვა: „პოლიციამ მითხრა, რომ ჩემი ქმრის დაპატიმრება თურქეთიდან მიღებული თხოვნის საფუძველზე მოხდა. ჩემს ქმარს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, იგი საქართველოში 15 წელია მუშაობს და ქართულ კანონებს ერთგულად იცავს. თუ ჩემი ქმარი თურქეთში იქნება დეპორტირებული, მას იქ წამება ელოდება“.
სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები სხვა ქვეყნებშიც ხდება: მაგალითად, საუდის არაბეთში, მალაიზიაში, სადაც იქაური ხელისუფლება, თურქეთის თხოვნით, გიულენისტებად შერაცხულ პირებს აპატიმრებს და თურქეთში გზავნის.
http://dtj-online.de/georgien-yildirim-guelen-nah-84090
