«The National Interest»(აშშ): ამით გამართლდება მოსკოვის განცხადებები, რომ საქართველო ნატომ და ევროკავშირმა მიატოვეს და მასზე აღარ ზრუნავენო
«The National Interest»(აშშ): ამით გამართლდება მოსკოვის განცხადებები, რომ საქართველო ნატომ და ევროკავშირმა მიატოვეს და მასზე აღარ ზრუნავენო
14:49 26.05.2017
საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები დიპლომატიური ურთიერთობისა და პარტნიორული თანამშრომლობის 25-წლიან იუბილეს აღნიშნავენ. საქართველო განვითარებადი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოა იმ რეგიონში, სადაც ძირითადად ავტორიტარული რეჟიმებია გაბატონებული. დემოკრატიულობის ფაქტორით და კონტინენტური სატრანსპორტო კვანძის არსებობით საქართველო სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. ამასთან, რუსეთის სამხედრო ოკუპაციისა და ეკონომიკური სისუსტის გამო საქართველო სერიოზული პრობლემების წინაშე დგას და მათ გადალახვისათვის თბილისს დასავლური დახმარება ჭირდება.

1991 წლიდან, ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადების დროიდან, საქართველო, სუსტ მმართველობასა და სიღარიბესთან ერთად, სამოქალაქო ომშიც აღმოჩნდა გახვეული. ყოფილი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა, რომ ქვეყანას სათავეში ჩადგომოდა. მართალია, მან ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა რუსეთის ჩარევა სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებში, მაგრამ ნამდვილად შეძლო გათავხედებული სამხედრო პირების მოთოკვა, ხელი შეუწყო შედარებით უფრო ღია პოლიტიკური სისტემის შექმნას და პროდასავლური საგარეო პოლიტიკის გატარებას. დროთა განმავლობაში, კორუფციისა და არჩევნების გაყალბების ფონზე, ედუარდ შევარდნაძემ რეფორმები შეანელა. 2003 წლის ნოემბერში მისი ხელისუფლება, „ვარდების რევოლუციის“ შედეგად, ახალგაზრდა, აშშ-ში განათლებამიღებულმა მიხეილ სააკაშვილმა დაამხო.
მიხეილ სააკაშვილმა დასძლია დიდი კორუფცია, დააჩქარა რეფორმების პროცესი და განამტკიცა სახელმწიფო ინსტიტუტები. მისი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველომ, Transparency International-ის თანახმად, გააუმჯობესა კორუფციის აღქმის ინდექსი (2003 წლის 124-ე ადგილიდან 2012 წელს 51-ე ადგილზე გადაინაცვლა. მაგრამ 2008 წელს კი, სულ მალე მას შემდეგ, როცა ნატომ საქართველოს უარი უთხრა „მაპ“-ის მიცემაზე, მაგრამ იქვე განაცხადა, რომ ნატოს წევრი ოდესღაც აუცილებლად გახდებაო, მიხეილ სააკაშვილი კრემლის პროვოკაციაზე წამოეგო და ჩაბმული აღმოჩნდა რუსეთთან მოკლევადიან, მაგრამ კატასტროფული შედეგების მომტან ომში. დღეს რუსეთის არმიას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აქვს ოკუპირებული.
განვლილ 25 წელიწადში სამოქალაქო საზოგადოებამ და დემოკრატიამ საქართველოში ფესვები ღრმად გაიდგა. როცა მიხეილ სააკაშვილის პარტია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, მან კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა. მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც „კარჩაკეტილ“ ცხოვრებას ეწევა, კულისებსმიღმა პოლიტიკურ როლს თამაშობს. მის მიერ შერჩეულმა კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რომელიც რეფორმისტულ ძალებს აერთიანებს. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი ნიჭიერი ტექნოკრატი ადამიანია.
რუსეთთან ომმა ხელი შეუწყო საქართველოს პროდასავლური ვექტორის გაძლიერება-განმტკიცებას. გასულ წელს ძალაში შევიდა ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი - ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება. ამ შემთხვევაში საქართველომ გამბედაობა გამოიჩინა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2014 წელს, როცა უკრაინაც აპირებდა მსგავსი შეთანხმების გაფორმებას, რუსეთი შეეცადა ხელი შეეშალა კიევისათვის დასავლეთთან დაახლოების საქმეში. დღეს ქართველები უკვე სარგებლობენ ვიზალიბერალიზებით შენგენის ზონის ქვეყნებში, რაც თბილისისათვის ევროკავშირის პოპულარულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. გარდა ამისა, ნატოში გაწევრიანების იმედით საქართველო მონაწილეობს ალიანსის ავღანურ ოპერაციაში: ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა, მოსახლეობის გათვალისწინებით, ყველაზე მრავალრიცხოვანია.
საქართველოს ტრაექტორია პოზიტიურია, მაგრამ პრობლემები ისევ რჩება. „ქართული ოცენება“, სარგებლობს რა პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ცდილობს. რადგან ზოგიერთი ცვლილება სადაო ხასიათისაა, ამიტომ მათ აუცილებლად თან უნდა ახლდეს ფართო მხარდაჭერა და საყოველთაო განხილვა. მასმედიის თავისუფლება არსებობს, მაგრამ კვლავ გრძელდება სასამართლო დავა ტელეარხ „რუსთავი-2“-ის კუთვნილებასთან დაკავშირებით. ეს შემთხვევა კითხვებს აჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით. პარლამენტში ოპოზიციის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებაც უმნიშვნელოა.
ეკონომიკური ზრდა შეიმჩნევა, მაგრამ თუ მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე გადავანაწილებთ, ის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე საქართველოს დიდ მეზობლებში - რუსეთსა და თურქეთში. სოფლის მეურნეობა, მისი მდიდარი პოტენციალის მიუხედავად, ზარალდება, რადგან არ არსებობს კანონი და ბაზარი მიწის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით. ფერმებში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული შრომის დაბალი ნაყოფიერების მქონე სამუშაოებით.
შავი ზღვის სატვირთო ნავსადგურებისა და თურქეთთან დამაკავშირებელი სახმელეთო სატრანსპორტო კომუნიკაციების წყალობით საქართველოს ტერიტორია მილსადენებით კასპიის ნავთობისა და გაზის ექსპორტის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს - აზერბაიჯანიდან თურქეთისაკენ. გარდა ამისა, ჩინეთი ინვესტიციებს დებს „აბრეშუმის დიდი გზის“ პროექტის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაშიც, ხოლო თურქული ტვირთგადაზიდვები ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის დაკავშირებას ცენტრალურ აზიასთან.
საქართველო უარს აცხადებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე, სანამ მისი სეპარატისტული ტერიტორიები რუსული არმიის მიერ არის ოკუპირებული, თუმცა თბილისმა და მოსკოვმა განაახლეს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში - ვაჭრობის, კომუნიკაციებისა და მიგრანტებისთვის სამუშაო ვიზების გაცემის საკითხში. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ ამგვარი პრაგმატული კავშირები საქართველოსთვის სასარგებლოა, მის მხარდამჭერებს უსამართლოდ აკრიტიკებენ.
ქართველები შიშობენ - ვაითუ ვაშინგტონმა თბილისის ხარჯზე მოსკოვთან რაიმე გარიგება გააფორმოსო. ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ იმაში, რომ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს აშშ-ის კონგრესის ორივე პარტიისაგან. ამას ხელს უწყობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის რვა მაისს გამართული შეხვედრაც. თუმცა ამერიკისაგან გამოხატული მხარდაჭერა შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს, რადგან ადმინისტრაციას 2018 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი აქვს უცხოეთის ქვეყნებისადმი დახმარების „მკვეთრი შემცირება“, რაც საქართველოსაც ეხება. და თუ ეს მართლაც ასე მოხდება, ამით საქართველო რუსეთის ზეწოლის პირობებში უფრო დაუცველი გახდება, ამით გამართლდება მოსკოვის განცხადებები, რომ საქართველო ნატომ და ევროკავშირმა მიატოვეს, მასზე აღარ ზრუნავენო. საქართველოს [აშშ-ის დახმარებით] შესაძლებლობა ექნება უკეთესად „მოიგერიოს“ რუსული მუქარები, მის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო გამოცდა აქვს მიღებული ერაყსა და ავღანეთში.
ვაშინგტონმა საქართველო ტერორიზმისა და „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის კონტექტსშიც უნდა განიხილოს. რამდენადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები ახლო აღმოსავლეთში უკვე შევიწროვებულნი არიან, მათგან ზოგიერთებმა, რუსეთის კუთვნილ ჩრდილოეთ კავკასიაში (ანუ სახლში) დასაბრუნებლად, შეიძლება საქართველოს ტერიტორიით ისარგებლონ. თბილისმა და ვაშინგტონმა, ამ საფრთხეების გათვალისწინებით, უკვე გააფორმეს შეთანხმება ინფორმაციის გაცვლის თაობაზე. მასში რუსეთსაც შეუძლია წვლილის შეტანა, თუ მოსკოვი მოისურვებს. ასეთი პრაქტიკული თანამშრომლობა ყველა მხარისათვის სასარგებლო და მისასალმებელი იქნებოდა.
საქართველოსთვის დასავლური მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ქართველები მშვიდად იყონ და რეფორმები გააგრძელონ. ახლა იმის დრო არ არის, რომ ამერიკამ იმედისმომცემი ახალი დემოკრატია რევიზიონისტული მეზობლის წინაშე მარტო დატოვოს.


კენეტ იალოვიცი, უილიამ კორტნი

--------
კენეტ იალოვიცი - აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ამჟამად კი კონფლიქტების მოგვარების პროგრამების დირექტორი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში;
უილიამ კორტნი - აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ამჟამად კი RAND Corporation-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.


http://nationalinterest.org/blog/the-buzz/georgia-wants-reassurance-america-will-help-deter-russia-20828

ბეჭდვა