"თურქეთს აზერბაიჯანსა და საქართველოზე ძლიერი გავლენა აქვს, მაგრამ ეს გავლენა თიხის ფეხებს თუ არა, არც რკინა-ბეტონის ფეხებს არ ეყრდნობა"-ასე ეხმაურება
რუსული საინფორმაციო სააგენტო «РИА Новости» საქართველოში თურქეთის პრემიერის ვიზიტს.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ვრცელი მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირეოდენი შემოკლებით:
ცნობილი გახდა, რომ სამივე სახელმწიფო - თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი 2017 წლის ივნისში და სექტემბერში ერთობლივ სამხედრო მანევრებს გამართავენ (და ეს რეგულარულად ხდება თავდაცვის მინისტრების შეთანხმების საფუძველზე). რაღა შორს წავიდეთ - გუშინ თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი თბილისში იყო ჩასული საქართველოსთან მთელი დუჟინი შეთანხმებების გასაფორმებლად...
რითაა თურქეთის აქტიურობა განპირობებული რეგიონში? ანკარის ინტერესები ხომ ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაშია კონცენტრირებული, კავკასია კი მისთვის, შეიძლება ითქვას, „უკანა ეზოს“ წარმოადგენს? თუმცა, როგორც ირკვევა, აღმოსავლეთისაკენ და კავკასიისკენ მხოლოდ მოსკოვი არ იყურება. თურქეთი ევროპული გზიდან თანდათან უხვევს. მისთვის ძირითად დიპლომატიურ სარბიელად ახლო აღმოსავლეთი და კვლავ პოსტსაბჭოთა სივრცე, მათ შორის კავკასია ხდება. საკონსტიტუციო რეფერენდუმის ჩატარებისა და მასთან დაკავშირებული სკანდალური მოვლენების გამო თურქეთს ევროპისაკენ გზა მოჭრილი აქვს, ანკარისა და ბრიუსელის ურთიერთობაში ცივ მშვიდობა და ცხელი სკანდალები ერთმანეთს ცვლის. ესე იგი, უნდა ვივარაუდოთ, რომ თურქეთის ძირითადი აქტიურობა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით განვითარდება. თურქეთს კავკასიაში უკვე კარგი ნიადაგი აქვს შექმნილი, ჯერ კიდევ 1990-იან წლებში საქმიანობით - როგორც სამხედრო-პოლიტიკური, ასევე ეკონომიკურ-ჰუმანიტარული თვალსაზრისით. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამიერკავკასია თურქეთის გავლენის ზონად ულაპარაკოდ ჩავთვალოთ. ძალიან ბევრია „მაგრამ“.
სამხრეთ კავკასიაში თურქეთის ძირითად მოკავშირედ აზერბაიჯანი ითვლება, მათ შორის მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური პარტნიორობა ვითარდება. უფრო მეტიც - თურქები და აზერბაიჯანელები ერთმანეთს ნათესავ, მოძმე ხალხებად მიიჩნევენ, თითქმის ერთ ხალხად. ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი ახალგაზრდა თურქეთში სწავლობს, რაც ანკარას შესაძლებლობას აძლევს მათი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულოს.
მაგრამ თუ ცოტა სიღრმეში ჩავიხედავთ, ანკარა-ბაქოს დამოკიდებულებაში სრულიად არაძმურ „მიწისქვეშა ქვებსაც“ შევნიშნავთ: პირველი - თურქულ საზოგადოებაში აზერბაიჯანელ „ძმებზე“ პოზიტიური თვალსაზრისი კი არის, მაგრამ არაერთგვაროვანი. აზერბაიჯანელების მიმართ, შეიძლება ითქვას, მტკიცე და დადებითი თვალსაზრისი აქვთ ნაციონალისტებს, შემდეგ მოდიან პრაქტიკოსი მორწმუნე მუსულმანები, ყველაზე ბოლოს კი ქემალისტები და მემარცხენე იდეოლოგიის მიმდევრები. ანუ, რაც უფრო შორს დგას საზოგადოება ნაციონალისტებისაგან, აზერბბაიჯანისადმი მათი დამოკიდებულება მით უფრო გულგრილია. გასაგებია, რომ პრეზიდენტი-სულთანი რეჯებ ერდოღანი, რომელიც სწორედ საზოგადოების პირველ და მეორე ჯგუფს ეყრდნობა, ბაქოსთან ურთიერთობას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, მაგრამ მალე დადგება დრო, როცა თურქეთში ბრძოლა სიმბოლოებსა და იდეებს შორის გაჩაღდება (რეჯებისტების სულთანათსა და ქემალისტების ევროპულ თურქეთს შორის და მაშინ ბაქო, ნებით თუ უნებლიედ, ამ ბრძოლის მძევალი გახდება. მეორე - მოდით, ნუ გავბერავთ ანკარის მზადყოფნას ბაქოსადმი სამხედრო-პოლიტიკური დახმარების გაწევის საკითხში. კი, თურქეთი აზერბაიჯანს იარაღს აწვდის (ხშირად უახლესსაც), უმზადებს მოხალისე მებრძოლებს, მაგრამ... თურქეთი ვერ გაბედავს აზერბაიჯანს პირდაპირი სამხედრო დახმარება გაუწიოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ცხელ ფაზაში გადასვლის შემთხვევაში, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვი ანკარას პასუხს გასცემს, თანაც ნატოს დახმარების შანსიც არ ექნება.
ბაქოში ეს ყველაფერი კარგად ესმით. სწორედ ამიტომ აზერბაიჯანის ისტებლიშმენტის მნიშვნელოვან ნაწილს თურქეთის ხელისუფლების „ძმური“ გრძნობების არ სჯერა და ანკარა-ბაქოს თანამშრომლობას მხოლოდ ტაქტიკურ სვლად მიიჩნევს, რომელიც „სომხეთის საკითხს“ და კასპიის ზღვის ენერგორესურსებს უკავშირდება.
საქართველოშიც, ერთი შეხედვით, თურქეთის პოზიციები მტკიცე ჩანს. თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. საკმაოდ მნიშვნელოვანია თურქული ინვესტიციების წილი ქართულ ეკონომიკაშიც. არსებობს მჭიდრო ინტეგრაციის ელემენტებიც: ბათუმის აეროპორტი თურქეთის აეროპორტების წესებით მუშაობს. შეიმჩნევა ჰუმანიტარული გავლენაც: საქართველოში მოქმედებენ თურქული სასწავლებლები - კოლეჯები და უნივერსიტეტები.
ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში სწორედ თურქეთი წრთვნიდა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, მსხვილ ინვესტიციებს დებდა სამხედრო ინფრასტრუქტურასა და ტრანსკავკასიური დერეფნის შექმნა-განვითარებაში. საქართველო აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ტრანზიტის ელემენტად გადაიქცა. რესტორნების ბიზნესიც კი ნაწილობრივ თურქეთის მოქალაქეების ხელშია მოქცეული. ანკარის პოზიციები განსაკუთრებით განმტკიცდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როცა გაქრა ბალანსირი რუსეთის სახით. საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქეთისადმი თავის სიმპათიებს არ მალავდა. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში დაიწყო საქართველოს ისტორიის ინტერპრეტირება და მისი „გადაწერა“ იმ სულისკვეთებით, რომ თითქოსდა თურქეთი ყოველთვის იყო საქართველოს მეგობარი, რუსეთი კი მტერი. ალბათ, ამაში გარკვეული როლი იმ ფაქტმაც შეასრულა, რომ მიხეილ სააკაშვილის დედა - გიული ალასანია პროფესიით თურქოლოგია და იგი, თურქებთან ერთად, ერთ-ერთი უნივერსიტეტის მფლობელია.
თუმცა თურქეთისათვის პრობლემა იმაშია, რომ საქართველოში ყველა ქართველი დედა არ არის თურქების მოწილე და მათთან ერთად უნივერსიტეტების მფლობელი. საქართველოს პოლიტიკური ძალები ეჭვის თვალით უყურებენ თურქეთს და მის ეკონომიკურ ექსპანსიას, თურქული ბიზნესის გაფართოებას, განსაკუთრებით აჭარაში. თურქების აქტიურობით ადგილობრივი მოსახლეობა იმდენად შეშფოთებულია, რომ ქართველი პოლიტოლოგები რეგულარულად ამბობენ - თურქეთი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხედ გადაიქცა და არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც. და ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ცუდი არ იქნებოდა, თუ რუსული ბალანსირი აღდგებოდა.
თურქეთის დომინირებას კავკასიაში ხელს უშლის მინიმუმ ორი საგარეო ფაქტორი - მოსკოვისა და თეირანის სახით. სამხრეთ კავკასიაში რუსეთ-თურქეთ-ირანის ისტორიული კონკურენცია არ გამქრალა. ირანი ისევ კავკასიას უმიზნებს, შესაბამისად, რუსები და ირანელები რეგიონს თურქებს არ დაუთმობენ. მართალია, ირანი ჯერ მხოლოდ სომხეთზე მუშაობს, მაგრამ სამაგიეროდ რუსეთი ცდილობს თავისი პოზიციები სამივე რესპუბლიკაზე გაავრცელოს, მათ შორის საქართველოზეც. და რაც ყველაზე საინტერესოა, ანკარას არ შეუძლია მოსკოვის გაძევება რეგიონიდან: რეჯებ ერდოღანისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობა, იგი ვეღარ მისცემს თავის თავს იმის ნებას, რომ ვლადიმირ პუტინს კიდევ დაუპირისპირდეს.
თეორიულად, რასაკვირველია, თურქეთს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ აშშ-სთან ერთად რუსეთი სამხრეთ კავკასიაში შეავიწროვოს, მაგრამ პრაქტიკულად ასეთი სცენარის განვითარება უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთთან შეიძლება ირანის წინააღმდეგ ითანამშრომლოს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ამგვარი თანამშრომლობა საეჭვოა. ჯერ ერთი, რომ დონალდ ტრამპს არ სურს რუსეთთან მწვავე კონფლიქტი (ამ ეტაპზე მაინც) პოსტსაბჭოთა სივრცის გამო. თეთრი სახლის ადმინისტრაციას, როგორც ჩანს, სავსებით აწყობს ქართული დიპლომატიის მოდელი (როცა ხელისუფლებაში პროდასავლური ძალები არიან, რომლებიც იმავდროულად მზად არიან მოსკოვთან ითანამშრომლონ და მისი ინტერესები გაითვალისწინონ); მეორე - არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტიც, რომ თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობა შორს არის იდეალურისაგან: აშშ-ში რეჯებ ერდოღანის ამასწინანდელი ვიზიტისა და დონალდ ტრამპთან მისი შეხვედრის დროს არავითარი გარიგება არ დადებულა: მხარეები ვერ შეთანხმდნენ ვერც ქურთებთან და ვერც „გადამტრიალებელ“ ფეთულა გიულენთან მიმართებით. თურქეთის ელჩმა აშშ-ში სერდარ კილიჩმა კი ვაშინგტონი „ტერორისტულ ორგანიზაციებთან“ (ჩათვალე - გიულენისტების „ფეტო“-სთან) თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
ანკარა-თბილისი-ბაქოს ღერძის შექმნისათვის რეალური შესაძლებლობების არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ მხარეებმა თავი მოიტყუონ, დაიჯერონ, რომ ღერძი მართლაც არსებობს და ერთობლივი სამხედრო მანევრები ჩაატარონ, რომლის პოტენციურ მიზნებს რუსეთი, სომხეთი და ირანი წარმოადგენენ - „იქნებ რომელიმე შეშინდესო“ და ფსევდოტრიუმვირატის წევრებს რაიმე დაუთმონ...
https://ria.ru/world/20170523/1494848911.html
