ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე მიმდინარე კოსოვოს კონფლიქტში ჩარევა და სერბეთის შემადგენლობაში არსებული ამ ავტონომიური
მხარის დამოუკიდებლად აღიარება, თანაც გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე საგარეოპოლიტიკური შეცდომა იყო - ასე თვლის ამერიკული ჟურნალის The National Interest-ის პოლიტიკური მიმომხილველი ტედ კარპენტერი. მისი აზრით, ვაშინგტონმა „საშიში პრეცედენტი“ შექმნა, რომელმაც მოგვიანებით ბევრად ხელი შეუწყო საქართველოსაგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩამოშორებას და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასაც.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ვრცელი სტატიის მოკლე შინაარსს:
----------
1990-იანი წლების დასასრულს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მცდარი ნაბიჯი გადადგა, როცა ბოსნიის კონფქლიტში ჩაერია, თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგ დიდი დრო არ გასულა და ვაშინგტონმა თავისი შეცდომა კიდევ უფრო გააღრმავა, ამჯერად უკვე კოსოვოს ომში ჩარევით. ამ შემთხვევაში თეთრმა სახლმა კიდევ უფრო თვითნებურად იმოქმედა - არც არავისთვის არაფერი უკითხავს, თავისი ევროპელ პარტნიორებისთვისაც კი, ისე მოირგო „პირველი ვიოლინოს“ როლი სამხედრო ორკესტრში. სერბიის 78-დღიანი დაბომბვის შემდეგ ოფიციალური ბელგრადი იძულებული გახდა კოსოვო ნატოს საოკუპაციო ჯარებისთვის დაეთმო. ამჯერად აშშ-ის მოქმედება „ლეღვის ფოთლით“ - გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით იყო შენიღბული. რუსეთი, რომელსაც სერბეთთან მჭიდრო კავშირები და ბალკანეთის რეგიონში ტრადიციული ინტერესები ჰქონდა, იძულებული იყო აშშ-ის წინადადებაზე დათანხმებულიყო.
რუსეთის მორჩილი თანხმობა მოსკოვის სამხედრო-პოლიტიკურმა, დიპლომატიურმა და ეკონომიკურმა სისუსტემ განაპირობა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლისშემდგომი ქაოსური მოვლენებით იყო გამოწვეული. რასაკვირველია, კრემლი განრისხებული იყო აშშ-ისა და ნატოს მოქმედებით, თუმცა რა უნდა ექნა? მოსკოვს აშკარად არ ჰყოფნიდა ძალ-ღონე დაპირისპირებოდა დასავლეთს, რომელიც რუსეთის ისტორიულ-ტრადიციული გავლენის სფეროში შეიჭრა.
კოსოვოს კონფლიქტში ჩარევამ „საშიში პრეცედენტი“ შექმნა: აშშ, თავდაცვითი ალიანსის - ნატოს წევრი სახელმწიფო, თავს დაესხა იმ ქვეყანას, რომელსაც ნატოს სხვა წევრებზე სამხედრო შეტევა არ განუხორციელებია. თანაც ამერიკამ ფეხებზე დაიკიდა მოსკოვის ინტერესები და სერბეთს, სუვერენულ სახელმწიფოს, მისივე ნაწილი - კოსოვო ჩამოაცილა.
მოგვიანებით სიტუაცია გაართულა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ 2008 წლის დასაწყისში გადადგმულმა ნაბიჯებმა. კოსოვოს ხელისუფლებამ მოისურვა დამოუკიდებლობის ფორმალური გამოცხადება, თუმცა აშკარა ჩანდა, რომ რუსეთი და, ალბათ, ჩინეთიც წინააღმდეგი იქნებოდა. ამის მიუხედავად, აშშ-მა და ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა პრიშტინას მიღებულ დამოუკიდებლობის დეკლარაციას მხარი დაუჭირეს, თანაც გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით. ეს იყო ძალიან სადაო ნაბიჯი, თანაც იმდენად აშკარა, რომ ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არ მოიწონა. როგორც ჩანს, მათ, რომლებიც აშშ-ის პოლიტიკურ ხაზს არ დაეთანხმნენ (ანუ „უკლონისტობა“ გამოამჟღავნეს), გაითვალისწინეს, რომ ამგვარ გადაწყვეტილებას შორს მიმავალი ნეგატიური შედეგები ექნებოდა. მაგალითად, ესპანეთი შიშობდა, რომ კოსოვოს სუვერენიტეტის აღიარება გააძლიერებდა სეპარატისტულ განწყობას ბასკეთსა და კატალონიაში (და, პრინციპში, არც შემცდარა - კატალონიაში ასე მოხდა).
რუსეთის ხელისუფლება კატეგორიული წინააღმდეგი იყო კოსოვოს დამოუკიდებლად აღიარებისა და დასავლეთს აფრთხილებდა, რომ ამგვარი გაეროსაგან არასანქცირებული ნაბიჯი საშიშ მადესტაბილიზებელ პრეცედენტს ქმნისო. ვაშინგტონმა ხელი აიქნია მოსკოვის ჩივილზე და აცხადებდა, რომ კოსოვო სხვებისაგან განსხვავებულ „უნიკალურ შემთხვევას“ წარმოადგენსო. თეთრი სახლის პოზიციის ალოგიკურობა და ცრუ თავდაჯერებულობა სრულიად ნათელი იყო, მაგრამ ვაშინგტონი მაინც „თავისას აწვებოდა“. თუმცა დასავლეთის ქვეყნები მალე დარწმუნდნენ იმაში, რომ მათი განცხადებები „კოსოვოს შემთხვევის უნიკალურობის“ თაობაზე სულაც არ არის უნიკალური: რუსეთმაც თითქმის იგივე მოიმოქმედა რამდენიმე თვის შემდეგ სამხრეთ ოსეთის მიმართ. რა თქმა უნდა, ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა საქართველოსთან ომში ბრალი რუსეთს დასდეს და მოსკოვი დაადანაშაულეს - მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ პასუხისმგებლობა მეტწილად თბილისს დააკისრა.
საქართველო-რუსეთის კონფლიქტი 5 დღეს გაგრძელდა. მისი დასრულებისას კრემლმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ რუსეთის ჯარები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას დაიცავდნენ. პარალელები და მსგავსება იმასთან, თუ როგორ უშლიდა ხელს ნატო კოსოვოს დაბრუნებას სერბეთის შემადგენლობაში, საკმაოდ აშკარად ჩანდა.
მართალია, რუსეთის ჯარების შეჭრა საქართველოში და კრემლის შემდგომი მოქმედება ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ და ნატომ დაგმეს, თუმცა, ისევე როგორც თავის დროზე კრემლმა ვერ შეძლო ვერანაირი გავლენის მოხდენა ნატოზე და აშშ-ზე კოსოვოს საკითხში, ვერც ნატომ და აშშ-მა ვერ შეძლეს ვერანაირი გავლენის მოხდენა რუსეთზე აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის საკითხში. დასავლეთის ქვეყნები ჩიხში შევიდნენ და მხოლოდ ის მოახერხეს, რომ მოსკოვს ეკონომიკური სანქციები გამოუცხადეს.
კოსოვოს კონფლიქტის დროს დაშვებული შეცდომა ვაშინგტონს კვლავ წინ დაუხვდა 2014 წელს, როცა კრემლმა ყირიმში თავისი სამხედრო ყოფნა გააძლიერა და ამით ხელი შეუწყო რეფერენდუმის ჩატარებას უკრაინისაგან გამოყოფის მიზნით. მოსკოვის ეს ნაბიჯი ვაშინგტონმა „რუსული ანექსიის“ ერთგვარ პრელიუდიად მიიჩნია და ამჯერად უფრო მეტი აღშფოთება გამოხატა, ვიდრე 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის საქართველოში შეჭრის დროს.
პრესკონფერენციაზე ბარაკ ობამა მრისხანედ აცხადებდა, რომ „რუსეთს ზარბაზნების მეშვეობით ევროპის საზღვრების შეცვლის ნება არ უნდა ჰქონდესო“, თუმცა იქ მყოფი არცერთი ჟურნალიტი არ დაინტერესებულა იმით, თუ რას ფიქრობს აშშ-ის პრეზიდენტი კოსოვოში ნატოს მოქმედებაზე. არადა, შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ კოსოვოში ნატოს ინტერვენცია ალიანსის მიერ დაშვებული უფრო დიდი საგარეოპოლიტიკური შეცდომა იყო, ვიდრე ბოსნიის ამბებში ჩარევა. აშშ-მა თავისი ნაბიჯით მნიშვნელოვნად გააძლიერა ძალზე საეჭვო რეპუტაციის მქონე სამხედრო-პოლიტიკური მოძრაობა „კოსოვოს გათავისუფლების არმია“, რომელსაც ბევრჯერ აქვს დარღვეული ადამიანის უფლებები. კოსოვოში ჩარევით ნატომ თანდათან დაიწყო ტრანსფორმაცია თავდაცვითი ალიანსიდან ისეთი ორგანიზაციისაკენ, რომელიც აგრესიულად ახორციელებს სახელმწიფოწარმომქმნელ ჯვაროსნულ ლაშქრობებს. [სერბეთისაგან] კოსოვოს ძალით ჩამოცილებამ ერთობ სახიფათო მაგალითი შექმნა „ცივი ომის“ შემდეგ ჩამოყალიბებულ საერთაშორისო სისტემაში, ხოლო გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერის გარეშე კოსოვოს სეპარატისტული წარმონაქმნის დამოუკიდებლობის აღიარებით ვაშინგტონმა საერთაშორისო სამართლის პრინციპების ძირის გამოთხრა გააგრძელა. მისმა ასეთმა მოქმედებამ დამანგრეველი პროცესი გამოიწვია, რომელმაც დასავლეთს (ნატოს და ევროკავშირს) ბევრი პრობლემა გაუჩინა როგორც საშინაო, ისე საგარეო კუთხით - მათ შორის რუსეთთან მიმართებითაც.
http://nationalinterest.org/feature/how-kosovo-poisoned-americas-relationship-russia-20755?page=1
