«Khazanah//Republika» (ინდონეზია): თურქეთისა და ირანის რელიგიური გავლენა საქართველოში
«Khazanah//Republika» (ინდონეზია): თურქეთისა და ირანის რელიგიური გავლენა საქართველოში
11:15 22.05.2017
ინდონეზიური გამოცემა «Khazanah//Republika», საქართველოში მუსულმანური თემის შესახებ ჟურნალისტ აგუნგ სასონგკოს სტატიას აქვეყნებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ:

აჭარა საქართველოს რეგიონია, რომელიც დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და რომელიც საქართველოს რუსეთის წყალობით 1878 წელს შეუერთდა. მართალია, აჭარის მცხოვრებლები ქართველები არიან, მაგრამ რადგანაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში თურქეთთან იყვნენ ინტეგრირებული და ისლამის სარწმუნოება მიიღეს, მუსულმან აჭარლებს წარსულში რუს და ქართველ ქრისტიან-მართლმადიდებლებთან დაპირისპირება მოსდიოდათ.

1921 წელს ყარსში, აჭარელი მუსულმანების დაცვის მიზნით, რუსეთსა და თურქეთს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ძალით საბჭოთა პერიოდში აჭარამ ავტონომიური სტატუსი მიიღო - არა ეთნიკური, არამედ რელიგიური ნიშნით.

როგორც ცნობილია, საბჭოური ათეიზმისთვის აგრესიულობა იყო დამახასიათებელი, იმდროინდელი ათეისტები ცდილობდნენ რელიგია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან განედევნათ, არადა, ეთნიკურად ქართველი აჭარლებისთვის მუსულმანობა მათი რელიგიური იდენტობისათვის მთავარი ფაქტორი იყო.

1990 წელს, როცა საქართველოში რელიგიამ სწრაფი აღორძინება დაიწყო, [ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოური იყო], ისლამს გაფართოების საშუალებას არ აძლევდა: შესაბამისად, აჭარა თანდათან ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის ქვეშ მოექცა.

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ თურქეთმა და ირანმა ერთობლივად დაიწყეს ძალისხმევა ისლამური რელიგიის ქადაგების გააქტიურებისათვის საქართველოს მუსულმან მოსახლეობაში. ირანმა როგორც თბილისში, ასევე მარნეულში მედრესეები და კულტურული ცენტრები გახსნა, მათ შორის al-Beitdi (თბილისში). თავის მხრივ, ირანს არც თურქეთი არ ჩამორჩა - საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც უმეტესად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს, სოფელ მეორე ქესალოში მედრესეს მშენებლობის დაფინანსება დაიწყო.

http://www.republika.co.id/berita/dunia-islam/islam-digest/17/05/16/oq0uhx313-iran-dan-turki-aktif-berdakwah-di-georgia
---------
ინდონეზიის გამოცემაში კიდევ ერთ მასალაა გამოქვეყნებული საქართველოში არსებული რელიგიური სიტუაციის შესახებ, სათაურით „საქართველოში ისლამი ოფიციალურად არის აღიარებული“. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ქრისტიან მართლმადიდებელია, 9% კი მუსულმანი. „2002 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებით, ქვეყანაში ისლამის მიმდევართა რიცხვმა 433 ათასს გადააჭარბა. თუმცა, როგორც ადგილობრივი მუსულმანური თემი ვარაუდობს, დღეისათვის მუსულმანთა რაოდენობამ მოიმატა და, ალბათ, უკვე 800 ათასს აღწევს. 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, იმ რელიგიურ უმცირესობებს, რომლებთაც საქართველოში ისტორიული ფესვები აქვთ, ოფიციალური რეგისტრირების ნება მიეცათ. შესაბამისად, ისლამი ერთ-ერთი რელიგიაა საქართველოში ოფიციალურად აღიარებული ოთხ რელიგიას შორის“, - აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოში მუსულმანთა საცხოვრებელი არეალი (აჭარა, ქვემო ქართლი, კახეთი) და მათი რაოდენობა რეგიონების მიხედვით. საუბარია აგრეთვე „თურქ-მესხებზე“, რომლებიც სტალინის ბრძანებით საქართველოდან იქნენ გასახლებულნი (1990-იან წლებში მათი მცირე ნაწილი საქართველოში დაბრუნდა).
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში მოქმედებს „მუსლიმთა სამმართველო“, თუმცა მითითებულია, რომ ქართველი მუსულმანები კავკასიის მუსულმანთა საბჭოს ექვემდებარებიან, რომლის ხელმძღვანელია შეიხ-ულ-ისლამ ალაშუქრი ფაშაზადე. თბილისელ მუსულმანებს ალი ალიევი ხელმძღვანელობს, აჭარლებს კი - ჯემალ პაქსაძე.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძირითადად ქრისტიანული ქვეყანაა, მისი ყოველი ათი მოქალაქიდან ერთი მუსულმანია. ბოლო დროს ისლამი ქვეყნის რიგ რაიონებში აქტუალური ხდება, მაგალითად, ეთნიკური ჩეჩნებით (იგივე ქისტებით) დასახლებულ პანკისის ხეობაში. აზერბაიჯანელებისაგან განსხვავებით, აჭარლებისა და ქისტებისათვის საქართველო მშობლიური ქვეყანაა.

(წყარო: http://www.republika.co.id/berita/dunia-islam/islam-digest/17/05/16/oq0u9r313-georgia-akui-islam-sebagai-agama-resmi).


ბეჭდვა